ავტორი ანა ფერაძე
უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის ახალ გარემოებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, ამ მკვლელობის საქმის გამოძიება თავიდან დაიწყება.
2003 წლის 15 სექტემბერს ზურაბ ზუბადალაშვილი სახლთან ბახტრიონის ქუჩაზე მოკლეს, სადაც თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. 2009 წელს ამ მკვლელობის გამო ადამიანების ჯგუფი დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, მკვლელობა ზურაბ ზუბადალაშვილის სიმამრმა რევაზ ჩაჩუამ შეუკვეთა. მოტივი კი მისი შვილი იყო, რომელსაც ზუბადალაშვილი ცუდად ექცეოდა. როგორც სასამართლოზე გაირკვა, ზუბადალაშვილის მეუღლეც ჩართული იყო მკვლელობის ორგანიზებაში.
„დადასტურებული ფაქტია, რომ ორ დაქირავებულ მკვლელს არაერთი მცდელობა ჰქონდა ზუბადალაშვილის მკვლელობის, რომელიც ამ ფაქტამდე ვერ განახორციელეს.
ერთ-ერთი შემსრულებელია გიორგი ყუფარაძე (რომელსაც სასჯელის 25 წელი აქვს მისჯილი აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობის გამო) და მეორე - ვასილ გურშაძე (რომელსაც 27 წელი აქვს მისჯილი) რეალურად ზუბადალაშვილის მკვლელები არიან, თუმცა მკვლელობა დაბრალდა თეიმურაზ შარაშენიძეს, რომელსაც არც შემკვეთთან და არც მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, მითუმეტეს არც პირადი მოტივი და არც ფულის ინტერესი არ ჰქონდა.
საქმეში გაჩნდა ახალი გარემოებები და იკვეთება, რომ თეიმურაზ შარაშენიძე რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, ამ მკვლელობაში უდანაშაულოა.
ჩვენ პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე და იმედს ვიტოვებთ, ხელახალი გამოძიება მალე დაიწყება აღნიშნულ საქმეზე", - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.