„თუ ევროკომისია ჩვენი შეთავაზებით გადაწყვეტს, რომ მიკროფინანსური დახმარების გაცემა დამოკიდებული იყოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაზე, ეს იქნება მტკივნეული, მაგრამ იქნება გაკვეთილი, თუ რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება, კრიზისის დასაძლევად ევროპული ძალისხმევა, ევროპიდან განსაკუთრებული ყურადღება და რას ნიშნავს, როდესაც პოლიტიკურ ძალებს არ შეუძლიათ კრიზისის გადაჭრა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„საქართველო ჩვენს დღის წესრიგშია. მმართველ პარტიას აქვს უფრო დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ პასუხისმგებლობა ოპოზიციის მხრებზეცაა.
თუ ევროკომისია ჩვენი შეთავაზებით გადაწყვეტს, რომ მიკროფინანსური დახმარების გაცემა დამოკიდებული იყოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაზე, ეს იქნება მტკივნეული, მაგრამ იქნება გაკვეთილი, თუ რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება, კრიზისის დასაძლევად ევროპული ძალისხმევა, ევროპიდან განსაკუთრებული ყურადღება და რას ნიშნავს, როდესაც პოლიტიკურ ძალებს არ შეუძლიათ კრიზისის გადაჭრა.
არ ვიცი, რას გააკეთებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსებმა დანიელსონის მიერ წარმოდგენილი წინადადებების პაკეტს ხელი არ მოაწერეს.
ჩემთვის უფრო მარტივია ვთქვა, რისი გაკეთება შეუძლიათ ახლა ქართველ პოლიტიკოსებს. მე მათ ადგილზე კრისტიან დანიელსონის ინიციატივებს ხელს მაშინვე მოვაწერდი. ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მოაწერეს ხელი დოკუმენტს მოლაპარაკებების მონაწილეებმა. ჩვენ ველოდებით შეთანხმებას.
რა თქმა უნდა, თუ მმართველი გუნდი იტყვის, რომ ხელმოწერისთვის მზად არიან, მაშინ ოპოზიციიდანაც მკაფიო პოზიცია და გადაწყვეტილება უნდა იყოს, მზად არიან თუ არა. დღეს ვხედავთ, რომ ისინი ერთმანეთს აბრალებენ. მოვიდა დრო პასუხისმგებლობის აღებისა და მკაფიოდ თქმის, ხელს აწერენ შეთანხმებას თუ არა. ჩემი აზრით, სწორედ ამას ელოდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი“, - განაცხადა კუბილიუსმა.