„კარგად ჩაიხედონ, რას მოაწერეს ხელი, უფრო სწორად, რას მისცეს ხმა და შეიძლებოდა თუ არა უკეთესი რეზოლუციისთვის ბრძოლა, ან კიდევ თუნდაც თავის შეკავება“, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
იგი ცხინვალში კასეტური ბომბების გამოყენებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით დარჩიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის შემდეგ საქართველო აღნიშნულში ასევე დაადანაშაულა.
„ეს განცხადება ემთხვევა არა მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას, რომელსაც ბენსუდა აწარმოებს, არამედ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობას და ამ ფონზე ამ პოსტის შემოგდება, რბილად რომ ვთქვა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, ვის ინტერესებშია ეს ყველაფერი?!
თავად წამოწიეს თემა და იმ სპეციალისტებს, რომელთაც განსხვავებული აზრი აქვთ, მათ უტევენ. მათ შორის მედიასაშუალებებსაც. უმჯობესი იქნება, კარგად ჩაიხედონ, რას მოაწერეს ხელი, უფრო სწორად, რას მისცეს ხმა და შეიძლებოდა თუ არა უკეთესი რეზოლუციისთვის ბრძოლა, ან კიდევ თუნდაც თავის შეკავება.
იმ რეზოლუციაში, ორივე მხარეს, რუსეთსა და საქართველოს ბრალად ედებათ, გაუფრთხილებლად მოსახლეობის მოკვდინება, დაჭრა და არაჰუმანური იარაღის გამოყენება. ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით უმძიმესი ფორმულირებებია და ეს ორივე სახელმწიფოს მისამართით, თანაბრადაა დაწერილი. მე-11 მუხლი ძალიან კარგად წაიკითხონ და ამის შემდეგ როგორ შეიძლება საერთოდ მსჯელობდნენ, როგორც მინიმუმ, უნდა გაჩუმდნენ მაინც და თავად წევენ ამ საკითხებს, თავად იწვევენ საზოგადოებას“, - განაცხადა სალუქვაძემ.