ავტორი ალა გრიგალაშვილი
„რამდენიმე ადამიანის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაადანაშაულო უწმინდესი სიძულვილის ენით საუბარში, ეს ჩემთვის სავსებით მიუღებელია!", - აცხადებს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე ევროპული კომისიის მოხსენებასთან დაკავშირებით საუბრისას.
როგორც მან „რეპორტიორს" განუცხადა, ევროპული კომისიის მხრიდან კრიტიკული შეფასება როგორც დიპლომატიური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით, გაუმართლებელია და აღშფოთებას იწვევს.
„როდესაც საქართველოზე უცხოეთის მხრიდან ასეთი შეფასებები კეთდება, ამ ინფორმაციის მიმწოდებლები და ამ ტენდენციური დასკვნების გამკეთებლები ძირითადად, სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულეები არიან. ეს ძალიან დასანანია, ასეთი სახით მიწოდებული ინფორმაცია არამარტო ეკლესიისადმი სიძულვილის გამოხატულებაა, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობისადმი, ჩვენი მეობისადმი სიძულვილის გამოხატულებაც არის. კათოლიკოს-პატრიარქი უკვე 39 წელია სათავეში უდგას საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა არც კომუნისტების დროს, არც მის შემდგომ, რომ პატრიარქი სიძულვილის ენით საუბარში ვინმეს დაედანაშაულებინოს. ილია მეორე თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ სითბოზე, სიკეთესა და ურთიერთმიტევებაზე საუბრობს", - განუცხადა „რეპორტიორს" ვარდოსანიძემ.
ევროპული კომისიის მოხსენებაში საქართველოს პატრიარქი დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში, რადგან მან ლგბტ ღონისძიებებს „ქართველი ერის შეურაცხყოფა", ჰომოსექსუალიზმს კი „დაავადება" უწოდა.