კულტურის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე მცხეთა დაუბრუნდა მის ღირსეულ ადგილს - მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას და აღარ არის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მცხეთაში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტამბოლში გამართულ მეორმოცე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიაზე, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მცხეთის ისტორიული ძეგლების საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ძეგლების ნუსხიდან ამოღებას და დაბრუნებას „იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.
„როგორც ყველასთვის არის ცნობილი, 2009 წელს იუნესკომ მცხეთა ამოიღო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხიდან და გადაიტანა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში, რითაც უძველეს სატახტო ქალაქს დაემუქრა საფრთხე და დაეკარგა სტატუსი. ბოლო რამდენიმე წლის ინტენსიური მუშაობის შემდეგ სულ რამდენიმე წუთის წინ სტამბოლში გამართულ მეორმოცე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიაზე, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მცხეთის ისტორიული ძეგლების საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ძეგლების ნუსხიდან ამოღებას და დაბრუნებას „იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში. მინდა მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან რთულ პროცესში. მადლობა ჩვენს კოლეგებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ელჩებს, ვინც ძალიან ინტენსიურად მუშაობდა", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.