logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების დროს დარტყმის საფრთხე ყოველთვის დასავლეთის მოკავშირეებს ემუქრება
- +

12 აპრილი. 2021. 14:15

 

 

ექსპერტი, მამუკა არეშიძე რეგიონში განვითარებულ პროცესებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აფასებს.

 

არეშიძის თქმით, დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების დროს დიდი დარტყმის საფრთხე ყოველთვის დასავლეთის მოკავშირეებს ემუქრება – სამხრეთ კავკასია და საქართველო ამ მხრივ გამორჩეულნი არიან.

 

„ქვეყანაში არეულობის პარალელურად, უკიდურესად იძაბება ვითარება რეგიონში. უკრაინა, ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი კონფლიქტის პირასაა. რუსეთს რომ ამ კონფლიქტის გაჩაღება სურს, ცხადია, მაგრამ მსოფლიოში არიან სხვა ძალებიც, რომლებსაც იგივე უნდათ. ეს ჩანს უკრაინის ხელისუფლების ერთგვარ წახალისებაში. ამ ძალებს შექმნილ ვითარებაში აქვთ თავისი ვიწროპოლიტიკური ინტერესები. მაგალითად, ამ გაგანია დაპირისპირების დროს რატომ წავიდა ზელენსკი ყატარში. რა შუაში იყო ეს ქვეყანა შექმნილ ვითარებასთან? საქმე ის არის, რომ ყატარი არაბულ სამყაროში თურქეთის ყველაზე დიდი მოკავშირეა, თურქეთი კი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა.

 

თურქეთის ხელისუფლება არ ურიგდება ყირიმის დაკარგვას და თავს დებს ყირიმელი თათრების მთავარ დამცველად. სურს შეინარჩუნოს გავლენა ყირიმზე, რაც რუსეთის მიერ მისი ოკუპაციის დროს უფრო გაუჭირდება. ახლა ცდილობს მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულზე და ამიტომაც მხარს უჭერს უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას – აწვდის იარაღს, დრონებს და სხვა ტექნოლოგიებს იარაღის საწარმოებლად. თუ რუსეთი აშკარად ჩაერთვება კიევისა და სეპარატისტების დაპირისპირებაში, მაშინ აშშ-შიც არიან პირები, რომლებსაც ხელი გაეხსნებათ სამხედრო-პოლიტიკური მოქმედებისთვის.

 

რა თქმა უნდა, ამერიკა სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ არ ჩაერთვება. ამის გარდა არსებობს უამრავი სხვა ბერკეტი, რომლებითაც დასავლეთს მოქმედება შეუძლია. მოკლედ, იქნება ერთგვარი ძალების მოსინჯვა და რაც შეიძლება მეტი დივიდენდის მიღების მცდელობა არაერთი მხრიდან.

 

თუ ყოველივე ეს მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდა, ჩვენზეც დიდ გავლენას მოახდენს. დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების დროს დიდი დარტყმის საფრთხე ყოველთვის დასავლეთის მოკავშირეებს ემუქრება. სამხრეთი კავკასია და საქართველო ამ მხრივ გამორჩეული არიან. რუსეთისა და ჩვენი სამხედრო დაპირისპირება, დიდი ალბათობით, არ იქნება, მაგრამ ველი სეპარატისტულ რეგიონებში ოკუპანტების გააქტიურებას, რუსული სპეცსამსახურების უფრო მეტად ამოქმედებას და ა.შ.

 

ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, რუსეთი სამხედრო-პოლიტიკურად სამხრეთ კავკასიაში სერიოზულად დაბრუნდა, თუმცა მას აქვს პრობლემები ცალკე დასავლეთთან და ცალკე თურქეთთან. განსაკუთრებით, თურქეთთან, მაგრამ ეს ცხადად არ ჩანს. ერდოღანი მოქნილი პოლიტიკოსია და, ერთი მხრივ, ცდილობს იმეგობროს რუსეთთან, მეორე მხრივ კი – შეავიწროოს. ჩვენ ამ დაპირისპირების ცენტრში ვართ, თუმცა, ამისთვის არ გვცალია – შიდაპოლიტიკური კრიზისით ვართ დაკავებული”, – აცხადებს ექსპერტი.

 

ჟურნალისტის კითხვაზე – „დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების კიდევ ერთი თემა შავი ზღვის აუზი და მისი უსაფრთხოებაა. მოგეხსენებათ, მიდის ლაპარაკი თურქეთის მიერ მონტრეს კონვენციის გადახედვაზე, რის შემთხვევაშიც არა შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო ხომალდებს განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ შავ ზღვაში გაჩერება, რაც კრემლს ძალიან აშფოთებს. როგორ ფიქრობთ, ნატო და აშშ წავლენ ვითარების ასეთ გამწვავებაზე?“ – არეშიძე პასუხობს:

 

„დიახ, ვფიქრობ, წავლენ. შავი ზღვა ნატო-სთვის სამხედრო-პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია. მონტრეს კონვენციის პირობების შეცვლა იქნება თურქეთის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი დასავლეთის სასარგებლოდ. ერდოღანი ერთდროულად რამდენიმე თამაშს თამაშობს – ერთი მხრივ, ცდილობს დასავლეთი ახლო აღმოსავლეთის თემებში შეზღუდოს, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობაში თავის პარტნიორად აქციოს.

 

მონტრეს კონვენციის შეცვლა მარტივი არ იქნება, ხელმომწერი არაერთი ქვეყანაა, მაგრამ თუ ეს მოხდა, მაშინ აშშ-ის მე-6 ფლოტს შეეძლება საერთოდ „დასახლდეს“ შავ ზღვაში. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ფუნქცია. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: იცვლება მონტრეს ხელშეკრულება, შავ ზღვაში შემოდის ამერიკული ფლოტი, საქართველოში კი ისევ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე ვდაობთ. ეს ხომ სასაცილო ვითარება იქნება! ამ გლობალური ცვლილებების ეპოქაში მეათეხარისხოვან საკითხებზე მსჯელობით ვართ დაკავებული, რაც შეიძლება, ძალიან ძვირად დაგვიჯდეს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner