logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ISFED-თან დაკავშირებული მანიპულაციის ავტორი იყო გვარამიას პარტია და არა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი
- +

12 აპრილი. 2021. 17:25

 

 

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის რაც ISFED-მა გააკეთა, ეს არ იყო მარტივი შეცდომა და ეს იყო შეგნებული მანიპულაცია. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ანუ, გარდა იმისა, რომ რაღაც ინფორმაციებიც გვაქვს, ბევრი რამ ლოგიკურადაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ იყო მარტივი შეცდომა“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „აიპრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელსაც „აიპრესი“ დღეს შემოგთავაზებთ.

 

- გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე – ISFED–ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. თუ გავითვალისწინებთ იმ ურთიერთობებს, რაც ამ ორგანიზაციას აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ–ის საელჩოსთან, ფაქტობრივად ეს არის სკანდალი საერთაშორისო დონეზე.

 

ის ციფრები, რაც შემდეგ შეიცვალა, ალბათ მექანიკურ შეცდომად ვერ ჩაითვლება… ამ ვერსიის გაჟღერება, მინიმუმ არადამაჯერებლად ჟღერს.  რა მოხდა ISFED-თან დაკავშირებით? ვიცი, რომ თქვენ და რამდენიმე ადამიანმა იმუშავეთ ამ თემაზე და თუ შეგიძლიათ დეტალურად მოგვიყევით ამასთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენები.

 

- ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არ იყო მარტივი შეცდომა და ეს იყო შეგნებული მანიპულაცია. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ანუ, გარდა იმისა, რომ რაღაც ინფორმაციებიც გვაქვს, ბევრი რამ ლოგიკურადაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ იყო მარტივი შეცდომა. რაც შეეხება პრეისტორიას, მოვლენები განვითარდა ასე:

 

2020 წლის პირველ ნოემბერს გამოქვეყნდა ISFED-ის მონაცემები, თანაც ძალიან საეჭვოდ. როგორც წესი, საღამოს 10-11 საათზე ქვეყნდება ხოლმე მონაცემები ყოველთვის და პირველად  მოხდა 18 წლის მანძილზე ის, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ათზე იყო დაანონსებული შედეგების გამოქვეყნება და გადაიდო ორ საათზე. იქიდან გაჩნდა ეჭვი, რომ იქ რაღაცაში იყო საქმე და რაღაც ცუდი მზადდებოდა. როდესაც გამოქვეყნდა შედეგები და იქ დაფიქსირდა სერიოზული აცდენა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგსა და  ამ მონაცემებს შორის, ბუნებრივია, დავინტერესდით და  მე პირადად, ორ ნოემბერს, ანუ, უკვე მეორე დღეს, შევადგინე მარტივი ცხრილი. ერთ მხარეს იყო ასახული ცესკო-ს  მონაცემები, მეორე მხარეს იყო ასახული ეს მონაცემები და ვნახე, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას უჯდებოდა მინუსი.

 

ძალიან მარტივი დასადგენი აღმოჩნდა, რომ იყო აშკარად მინიმუმ ხარვეზი ამ PVT-ს  შედეგებში. უფრო მეტი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ქვემოთ რაც პარტიები იყო, პლუს სამნახევარი პროცენტი დაჯდა.

 

ჯამში ისე გამოდიოდა, რომ ბარიერს ქვევით 10% იყო თითქოს გაუნაწილებელი, რაც გამორიცხულია. ანუ, ეს თეორიულად შეიძლება მოხდეს, მაგრამ პრაქტიკულად ეს არის გამორიცხული. ეს სამნახევარი პროცენტი, პრაქტიკულად, ზუსტად დაემთხვა იმ მონაცემებს, რაც ჰქონდა ცესკო-ს ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ძალიან მარტივი დასადგენი იყო ის, რომ აქ ვიღაცამ მიათვალა ბათილი ბიულეტენები.

 

ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ჩვენ ამაზე მივანიშნეთ იმთავითვე. 3 ნოემბერს ჩავატარეთ ბრიფინგი. მე მივეცი ეს ინფორმაცია მამუკა მდინარაძეს, რომელმაც 3  ნოემბერს ჩაატარა ბრიფინგი და პირდაპირ ეს ეჭვი გამოითქვა. ასეთ დროს, შენ თუ არ ხარ დაინტერესებული ხარვეზში და მანიპულაცია არ გინდა განახორციელო შეგნებულად, ბუნებრივია, ინტერესდები საკუთარი მონაცემებით და თუ დასაკორექტირებელია რაღაც, უნდა დააკორექტირო. ძალიან მარტივი ლოგიკაა ხომ? მითუმეტეს, PVT-ს ცდომილება გახდა ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არჩევნების გაყალბებაზე საუბრისთვის.

 

- რომ არა ეს მონაცემები, რომელიც მაშინ ამ გავლენიანმა ორგანიზაციამ გაავრცელა, როგორ ფიქრობთ, ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ პარლამენტში? სხვა ხელმოსაჭიდი არაფერი არ ექნებოდათ?

 

- სხვა საბაბსაც იპოვიდნენ ალბათ, მაგრამ ამ PVT-მ გააძლიერა მათი პოზიციები, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების თვალში. როდესაც პირველად სცდება ეს მონაცემები ცესკო-ს მონაცემებს ამ 18 წლის მანძილზე, ამან ბუნებრივია, ძალიან გააძლიერა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების თვალში ოპოზიციის პოზიციები.

 

საბაბს ისედაც მოძებნიდნენ ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამან ძალიან იმოქმედა იმაზე, რომ ოპოზიციამ  უფრო მკვეთრად მოახერხა საკუთარი საბოტაჟის გარკვეულ დონეზე ლეგიტიმაციის უზრუნველყოფა.  PVT-მ ამ კუთხით სერიოზული როლი შეასრულა.

 

- რა პასუხი ჰქონდა ISFED-ის ხელმძღვანელობას?

 

- ჩვენ ვითხოვდით მათთან შეხვედრას, რომელიც შედგა 16-ში ISFED ხელმძღვანელთან. ჩვენმა წარმომადგენლებმა მათგან აბსოლუტურად გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მოისმინეს. ამის შემდეგ, კიდევ სამი კვირა დასჭირდა იმას, რომ გამოექვეყნებინათ დაზუსტებული მონაცემები და დღემდე, ჩვენ მაინცდამაინც სინანულს ვერ ვხედავთ სამწუხაროდ ამ ორგანიზაციის მხრიდან. უფრო მეტიც, ხშირად ვისმენთ ხოლმე მათგან კრიტიკას, მათ შორის მმართველი პარტიის მიმართ  ამ არჩევნებთან დაკავშირებით. აკრიტიკებენ მათ შორის ცესკო-ს იმისათვის, რომ ჰქონდა დაუბალანსებელი ოქმები, მაშინ როდესაც სტატისტიკა იყო იგივე, რაც წინა არჩევნებში. როდესაც ერთი ოქმი გაბარია და იმას ვერ აბალანსებ და მერე ცესკო-ს ედავები ქალაქის უბნებში და სოფლებში ოქმების დაუბალანსებლობას, ბუნებრივია, არა ხარ მაინცდამაინც სამართლიანი და წელში გამართული. ჩვენ ბევრი რამე გვიმყარებს იმ რწმენას, რომ ეს არ იყო ხარვეზი და შეცდომა, ეს იყო შეგნებული მანიპულაცია, რაც არის ძალიან მძიმე. თუმცა, ეს არის კარგი იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში  დავიზღვიოთ თავი ასეთი მანიპულაციისგან.

 

- გქონდათ თუ არა ამაზე საუბარი ამერიკის საელჩოსთან, ქალბატონ კელი დეგნანთან, ყველამ კარგად ვიცით, რომ ISFED  მათი დასაყრდენი ორგანიზაციაა.

 

- რა თქმა უნდა, გვქონდა შეხვედრა. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ასეთი საუბარი მანამდე შედგა, ვიდრე ISFED აღიარებდა ხარვეზს.

 

მანამდე ჩვენ გვქონდა ოპოზიციასთან შეხვედრის ერთ-ერთი რაუნდი, თუ არ ვცდები, ეს იყო ბოლო რაუნდი მოლაპარაკებების, სადაც ეს  საკითხი დავსვი. პარტიებიც ესწრებოდნენ ამას და პირდაპირ ვთქვი, რომ სახეზე იყო აშკარა მანიპულაცია. განვმარტე, რაში მდგომარეობდა თვითონ ეს ხარვეზი და სხვათა შორის, ამას მოჰყვა მოგვიანებით ის, რომ ISFED-ს მოუწია თავისი ხარვეზის აღიარება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ორი ელჩი, ამერიკის და ევროკავშირის.  ბუნებრივია, მათთან მოგვიანებითაც  გვქონდა ამაზე მუდმივი საუბარი.

 

- სხვათაშორის, ამ განცხადების შემდეგ, ნიკა გვარამიამ ISFED-ის მაშინდელი თავმჯდომარე დაიბარა პირდაპირ ეთერში და სერიოზულად მოსთხოვა პასუხი და განმარტებები ამ განცხადების გამო.

 

- მათ, საბოლოო ჯამში, გადაწყვიტეს, რომ განტევების ვაცად ექციათ ISFED-ის  ხელმძღვანელი, მაშინ როდესაც მასთან დაკავშირებით მანიპულაციის ეჭვი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მანიპულაციის ავტორი იყო სწორედ გვარამიას პარტია და არა  ხელმძღვანელი. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ადამიანი, რომელსაც უბრალოდ კვალიფიკაცია არ ეყო, გადაემოწმებინა ეს მანიპულაცია.

 

- ანუ, „გვარამიას პარტიას“ აქვს იმის რესურსი, რომ ISFED-ის მონაცემებში ჩაერიოს და ცვლილებები შეიტანოს?

 

- როგორც ჩანს კი.

 

- თქვენ რასაც ამბობთ, ეგ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და გამოძიების თემაა.

 

- წესით, კი, რა თქმა უნდა. როდესაც ასეთი უხეში გადაცდომა ფიქსირდება, რასაც თითქმის ქვეყნის გადატრიალება მოჰყვა, ამას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი რეაგირება. ანუ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ISFED-ის გაყალბება გახდა პარლამენტის საბოტაჟის, რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ასეთ დროს, ბუნებრივია, გამოძიებაც შეიძლება დაინტერესდეს ამ საქმით, თუმცა, მგრძნობიარე საკითხია. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელიც ამერიკელი და ევროპელი გადასახადის  გადამხდელების ფულით დაფინანსდა. თუ აქ რაიმე გამოძიება უნდა დაიწყოს, ეს უნდა გაკეთდეს ალბათ, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner