იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა. გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე მიიღეს.
საქართველოს დელეგაციას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სააგენტოს თანამშრომლები წარმოადგენდნენ.
კომიტეტის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ძალისხმევა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით ახორციელებს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ. კომიტეტის წევრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დეტალურ ანგარიშს მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვის მიმართულებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა და რეგულარული კონსულტაციები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან (ICOMOS, ICC ROM). რომლებიც გააგრძელებენ საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათ შორის მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას.
განხორციელებული აქტივობები (2013-2016)
მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული, ხოლო სახელმწიფოს მიერ გადადგმული არათანმიმდევრული ქმედებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფის გამო 2009 წლიდან იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი.