სამგორის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ ყრილობას, რომელიც მათი თქმით, დიდგორზე უნდა გამართონ, აპროტესტებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს არ დაუშვებს. ამის შესახებ ირაკლი შიხიაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ „ნაცმოძრაობის" ე.წ. ლიდერები და ქინძის-ხანი სააკაშვილი ვერ პატიობენ ქართველ ხალხს, რომ მათი რეჟიმი საზოგადოებამ გადააგდო.
ვიცი, „ნაციონალები" დაიწყებენ საუბარს, რომ მეც მათთან ერთად ვიყავი 9 წელი და ახლა მოჩვენებითი წინააღმდეგობა დავიწყე. მაგრამ, მინდა ვუთხრა ქართველ საზოგადოებას, რომ არასდროს ვყოფილვარ მათი პარტიის წევრი და გავემიჯნე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დავინახე, „ნაციონალები" ყველაფერი ქართულის მტრები იყვნენ. მოგეხსენებათ, ყველას სხვადასხვა მოთმინების ფიალა აქვს. გარკვეული დროის მერე, ჩემი შეხედულებები, დამოკიდებულებები, შეფასებები მათ მიმართ შეიცვალა. დავინახე მათი შინაგანი დამოკიდებულებები საქართველოს მიმართ. დავინახე მათი მიზნები, მათი სისასტიკე, რასაც ისინი საკუთარი ხალხის წინაშე სჩადიოდნენ. ჩემთან, როგორც მაჟორიტართან, მოსული ათი ადამიანიდან ხუთს პრობაციონერი ნათესავი ან ოჯახის წევრი ჰყავდა.
დავინახე, რომ ყველაფერი ქართული „ნაციონალებისთვის" უცხო იყო და ყალბად იყენებდნენ ჩვენი სულიერებისთვის ძვირფას თემებს. ჩვენი კულტურა, ტრადიციები ჩვენი სულიერების საგანძურია და სწორედ ამას ესხმოდნენ მუდმივად თავს. ისინი თავს ესხმოდნენ უწმინდესის და უნეტარესის რეპუტაციას, დედა-ეკლესიის ავტორიტეტს.
ხშირად ისინი იყენებდნენ ამერიკელი მეგობრების ავტორიტეტს, ვითომ თვითონ იყვნენ პროამერიკული ძალა. რეალურად კი, მათი საქციელი საზოგადოებაში ამერიკის მიმართ თანდათან აჩენდა გულისწყრომას და ცუდ დამოკიდებულებას, რადგან „ნაციონალები" ყველანაირ უბედურებას ამერიკას უკავშირებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი პროამერიკული ღირებულებები იყო."- განაცხადა შიხიაშვილმა.