logo_geo
eng_logo
ხვალ თბილისის მერია და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სახელმწიფო ენის დღეს აღნიშნავენ
- +

13 აპრილი. 2021. 17:10

 

 

14 აპრილს თბილისის მერია და იუნესკო-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სახელმწიფო ენის დღეს აღნიშნავენ. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრება.

 

კულტურის ცენტრ „ფაბრიკაში“ დაგეგმილია ღონისძიებების სერია, რომელიც აერთიანებს სალექციო და სამუშაო ხასიათის შეხვედრებს, ასევე, აქტივობებს ბავშვებისთვის.

 

მთავარი პანელდისკუსიის მონაწილეები, თამარ მახარობლიძე და გია ალიბეგაშვილი, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს გაიხსენებენ. შეხვედრის მოდერატორია მწერალი და ჟურნალისტი, ნესტან ნენე კვინიკაძე. დისკუსიის დაწყებამდე, წარადგენენ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ.

 

მწერლები, თამთა მელაშვილი და დათო გაბუნია, შემოქმედებითი წერის შესახებ ისაუბრებენ, ხოლო რედაქტორი ანა ჭაბაშვილი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ლევან ბრეგაძე, ენის გათანამედროვების საკითხებს მიმოიხილავენ.

 

პარალელურად, დაგეგმილია სასწავლო შეხვედრები და ლექციები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის:

 

 ილუსტრაცია - თათია ნადარეიშვილი, ეკა ტაბლიაშვილი;

 

 კალიგრაფია - დავით მაისურაძე, ლეილა ბაღბაია, ნინო იკაშვილი, გიორგი გორგიაშვილი;

 

 კომიქსის შექმნის ხელოვნება - დათო მაჭავარიანი (კაკადუ);

 

 ტიპოგრაფია - აკაკი რაზმაძე;

 

 წიგნი 14 აპრილის შესახებ (კვლევაზე მუშაობის პროცესი) - ანა ბაქანიძე;

 

 თეატრალიზებული ზღაპრების კითხვა ბავშვებისთვის;

 

მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით, 14:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება.

 

„თითო შეხვედრაზე მაქსიმუმ 15 მსმენელი დაიშვება. ამისთვის, მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ „ფეისბუქის“ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ოფიციალურ გვერდზე (Tbilisi – World Book Capital) მითითებულ ბმულებზე“ - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

 

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში ატარებს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტების განხორციელება.

 

პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.

 

UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner