„ბევრი ჩემი კოლეგა, გამოცდილი ექიმები, სწორედ ჩინურ ვაქცინას ელოდებიან,“ - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ჩინური ვაქცინა სულაც არაა იაფი და მას დაბალი ფასის გამო ნამდვილად არ ვყიდულობთ.
„ჩინური ვაქცინა სულაც არ არის იაფი. „ასტრაზენეკასთან“ შედარებით ის საკმაოდ ძვირია, მისი ფასი თითქმის ტოლია „ფაიზერის“ ვაქცინის ფასის, აქედან გამომდინარე, ჩინურ ვაქცინას დაბალი ფასის გამო ნამდვილად არ ვყიდულობთ. მსოფლიოს ბაზარზე დღეს ვაქცინებზე ომია გამოცხადებული და ისეთი დეფიციტია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ამის შეძენა. ხშირად მესმის წინადადებები, რომ იქნებ კერძო სექტორმაც შემოიტანოს - შემოიტანოს, ვინმე უშლის? ვერ შემოიტანს, იმიტომ რომ ვერ შოულობს. სახელმწიფოების დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და ამ შემთხვევაშიც კი ძალიან რთულია ვაქცინების მოპოვება. ჩვენ შევიძინეთ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ რაღაც რაოდენობა, არც ჩინური ვაქცინის ყიდვაა ადვილი, მაგრამ მთავარია, რომ ვაქცინები იყოს აღიარებული მკაცრი მარეგულირებლებით. ბევრი ჩემი კოლეგა, გამოცდილი ექიმები, სწორედ ჩინურ ვაქცინას ელოდებიან“, - განაცხადა იმნაძემ.