"ევროპულ მომავალს უფრო ქართული სულიერება ემსახურება და არა ქართული პოლიტიკა"
"ახალი რეალობა, გარდაუვალია და ამის ნიშნები უკვე ჩანს", - ასე ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს პოეტი დათო მაღრაძე.
- კონკრეტული ამბების განზოგადებას თუ შევეცდებით, ეს რეალობა აგრესიული უტიფრობით, უპასუხისმგებლობითა და რიტუალური გამარჯვებებით ხასიათდება, რაც ძალზე თვალში საცემია. მათ შორის აგრესიული უტიფრობა განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. თუმცა, ვფიქრობ, ეს რეალობა მთავრდება და ახალი იკვეთება...
ამ მახასიათებლებს კიდევ ერთი, პროვინციული გარემოც ემატება, პირობითად რომ
ვთქვათ, "სვეცკები" ქაჯობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ "სვეცკობის" გზაზე პატრიოტიზმის ნაკადი გამორჩათ, არ ეცალათ ამისთვის და მიაჩნიათ, რომ ახლანდელი ქაჯობით თავიანთი ცხოვრების გზაზე ამ ნაკადს შეივსებენ. ქაჯები "სვეცკობენ" ჰგონიათ, რომ ძალზე პრიმიტიული უკულტურობა სუპერლიბერალიზმით შეინიღბება და ამაში მათი გოიმობაც დაიმალება.
ეს ეხება ყველა სფეროს, თუმცა პოლიტიკაში უფრო თვალსაჩინო ხდება, ეს ყველაფერი კი რიტუალურ გამარჯვებებში გადაიზრდება ხოლმე. ამის მაგალითი იყო წაგებული ომის მოგებულად გამოცხადება. აგრესიული უტიფრობა იქამდე მივიდა, დაკარგული მიწა-წყალი გამარჯვებად ჩათვალეს. აწმყოს რომ გადავხედოთ, რომელიც წარსულისა და მომავლისგან შედგება, რეალობა ასეთია - თავად ვერ გავართვით პრობლემებს თავი და ევროპელი მოკავშირეები გვეუბნებიან, როგორმე დაგეხმარებითო, ოღონდ არც იმის წინა პირობები ჩანს, რომ მათ შეგონებებს შევისმენთ.
ერთი დადებითი, რაც ამ პროცესებს ახლავს, ის არის, რომ ეს რეალობა ავანსცენიდან მიდის და ახალი, ბევრად საიმედო და სასარგებლო რეალობა მოდის. არადა, ეს ადრეც უნდა მომხდარიყო, რადგან ჩვენი აწმყო გაყალბდა ისე, როგორც ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა, როდესაც სოციალ-დემოკრატებმა გააყალბეს აწმყოც, წარსულიც და მომავალიც.
შემდეგ უკვე 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც "ნაცმოძრაობა" მოვიდა, ასევე გააყალბა ყველაფერი. ეს გაყალბებული ქვეყანა რეალურთან კონფლიქტში შედის. შესაძლოა ბოლო არჩევნებში ხარვეზები იყო, მაგრამ ტოტალურად არ გაყალბებულა, უბრალოდ, გაყალბებული ქვეყანა არჩევნების რეალურ შედეგებს ვეღარ იღებს.
ამის ავტორებს არ სურთ იმის გაცნობიერება, რომ ქართველმა საზოგადოებამ და უცხოელმა პარტნიორებმა რიგგარეშე არჩევნების თემა მოხსნეს. ამის საჭიროება არ დგას. ამიტომ შემოგვთავაზეს დოკუმენტი, რომლის სიღრმისეულ ანალიზს ვერ დავიბრალებ, მაგრამ ვიცი, მასში ხელახალი არჩევნები არც ყოფილა ნახსენები.
ამიტომ ხელისუფლებას ცალმხრივად მაინც უნდა მოეწერა ხელი და სქოლიოში ჩაეწერა ის პუნქტები, რომლებიც მისთვის მიუღებელი იყო. თუმცა ეს შესაძლებლობა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ხელიდან გაუშვა.
- ჩვენი პარტნიორები მუდმივად ამბობენ, რომ მხარეების გაჯიუტებით შესაძლოა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნას.
- ევროპულ მომავალს უფრო ქართული სულიერება ემსახურება და არა ქართული პოლიტიკა. თუმცა ვერ შევძელით ეს კულტურა პოლიტიკის ენაზე გვეთარგმნა. ამ ეპოქის კიდევ ერთი მახასიათებელი ისიც არის, რომ ინფორმირებულობა განათლებაში ვერ გადავიყვანეთ, ისე, როგორც არაერთი ქარტეხილი, რომლებიც ქვეყანამ გამოიარა, გამოცდილებად ვერ ვაქციეთ. ამის შედეგია პოლარიზებული მხარეები. "ნაცმოძრაობის" რეგრესიული და ძალადობრივი რეჟიმი წამიერი გაელვება კი არ ყოფილა, 9 წელი გრძელდებოდა, ამიტომ ვერავინ იტყვის, რომ რეაგირება ვერ მოასწრო საკუთარი არჩევნის გასაკეთებლად.
ვინც არ ან ვერ დაუპირისპირდა მაშინდელ რეჟიმს, მეტიც, თანამშრომლობაზეც თანახმა იყო, დღეს თავის უზნეობასა და სიმხდალეს ვერ პატიობს თავისუფალ საზოგადოებას. იმის ნაცვლად, საკუთარ სიმხდალეს ებრძოლოს, მათ ებრძვის.
ცდილობს უნიათო ხელისუფლებასთან ჭიდილს თავისუფლებასთან ბრძოლა დაარქვას, რადგან იცის, ასეთ ძალასთან ბრძოლას რისკი არ ახლავს.
"ოცნებამ" კი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე გადაწყვიტა, რომ თავისუფალი საზოგადოების პირისპირ დარჩენა არ წაადგებოდა, თანამებრძოლებს გარკვეულწილად გაემიჯნა, რათა მათი აზრის გათვალისწინების ვალდებულება არ ჰქონოდა.
"ოცნებამ" "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები მოაყოჩაღა, რომ მათით ესულდგმულა, რათა თავისუფალ საზოგადოებას მათი კრიტიკისთვის დრო ვერ ეპოვა და ახლა უკვე ოპოზიციაში გადასულ "ნაციონალებთან" ებრძოლა. ეს ძალა კი ოპოზიციაშიც ისე ძალადობს, როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას...
სწორედ ამის ხელშეწყობა გადაწყვიტა "ოცნებამ", რადგან ეგონა, ჭკუით ყველას აჯობებდა, "ნაციონალები" და თავისუფალი საზოგადოება ერთმანეთთან პაექრობაში გაერთობოდნენ და ამასობაში თავის ვიწრო გუნდურ, კარჩაკეტილ რეჟიმში ძალაუფლებითა და თავისი გამჭრიახობით მშვიდად "დაჭკნებოდა".
თუმცა, რა როლიც გაუმზადა თავისუფალ საზოგადოებას, იქ თავად აღმოჩნდა, მთავარი რამ ვერ გათვალა რევანშისტულ ძალას თავისუფალ საზოგადოებად გადაქცევა კი არა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ხელისუფლების სათავეში მოსვლა სწყუროდა.
"ოცნებამაც" ტრანსფორმაცია განიცადა ის ხალხი, ვინც ძალადობრივი რეჟიმის დროს წინა ხაზზე იბრძოდა, მათ რიგებში ისე ჭარბად აღარ ჩანს. ახლა ისინი დაწინაურდნენ, ვისაც კონფორმიზმი ადრეც არ უჭირდა.
ორი წლის წინ ფილარმონიის დარბაზში რომ ვთქვი, "ოცნება" ისე უნდა წავიდეს, "ნაცები" ვეღარ მობრუნდნენ მეთქი, იმას ვგულისხმობდი, რომ ძალა, რომელიც ქვეყნის მართვის სურვილს გამოთქვამს, რევანშისტული არ უნდა იყოს.
არსებულმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა მის გასანადგურებლად კი არა, ქვეყნის უკეთ სამართავად მოდის...
- ქართველი საზოგადოების მოკავშირე ვინ არის ქართულ პოლიტიკაში?
- არა ჰყავს მოკავშირე. ყოველ შემთხვევაში, "ოცნებას" მის მოკავშირედ ვერ აღვიქვამ და ვფიქრობ, ის ხელისუფლების სათავეში ქვეყნის კი არა, თავისი პარტიის სამართავად არის. საზოგადოებად მოსახლეობის ის ნაწილი მიმაჩნია, ვინც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს.
ვიღაცას შესაძლოა ნაადრევი მოეჩვენოს, მაგრამ ვგრძნობ, ახალი რეალობა მოდის ერსა და ბერშიც, თანაც მხოლოდ პოლიტიკური ძალის ალტერნატივა კი არა, ახალი ეპოქა მოდის. ვფიქრობ, თანამედროვე საქართველო მე-19 საუკუნის საქართველოზე დგას და ხვალინდელიც მას დაეყრდნობა, რადგან მაშინ მოეყარა თავი ჩვენს აწმყოს, წარსულსა და მომავალსაც, იმიტომ, რომ მაშინდელი ეროვნული მოძრაობა რევანშისტული კი არა, მომავალზე, სულიერების აღორძინებაზე, საგანმანათლებლო აღმასვლაზე იყო დაფუძნებული.
ეს ეპოქა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მაშინ ქართველმა საზოგადოებამ კალენდარი ევროპულს გაუსწორა. ახლა ეს ისევ გასაკეთებელია. მთავარია ახალი რეალობა, რომელიც დროულად უნდა მოვიდეს, რათა გასწორებული კალენდრით ვიცხოვროთ.
- "უცნობი" გეგმავს დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით "აი ია". ეს ძალაც ახალია.
- აქციის მინაწილე არ ვყოფილვარ, რადგან უფრო ინდივიდუალიზმის მომხრე ვარ და ვცდილობ ჩემი შემოქმედებაც და ცხოვრებაც ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი რომანის სათაურს, "გზაზე ერთი კაცი მიდიოდას" ჰგავდეს. ერთი კაცის მსვლელობას თავისი სიმართლე და მადლი აქვს. თუმცა ყველა იმ ადამიანს ვგულშემატკივრობ, რომელთან ერთადაც რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის მიბრძოლია.
ვაფასებ აქციის მესვეურთა და ყველა მონაწილის გულწრფელობას. ქართველი ხალხის დღე ყოველთვის არის და, ალბათ, ამისთვისაც არის ეს მოძრაობა დაფუძნებული. ყველა წამოწყებას მივესალმები. შესაძლოა ეს ყველაფერი იმ დიდი რეალობის შენაკადი იყოს, თუმცა მირჩევნია მოვლენებს არ გავუსწრო.
- პოლიტიკური მხარეების შეუთანხმებლობაზე მსჯელობისას ხშირად გვესმის, რომ ეს იმიტომ ვერ ხერხდება, მათ მიღმა სააკაშვილი დგას, მეორე მხარეს კი ივანიშვილი...
- მე ასე არ ვფიქრობ. აქ არის სააკაშვილი, რომელიც დღენიადაგ ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ისევ იმ დროშია ჩარჩენილი, როცა შევარდნაძის 30-წლიანი მმართველობა სულს ღაფავდა, ხალხს მობეზრებული ჰქონდა და ბრძოლასაც აზრი ჰქონდა, გამარგინალებულია და თანამოაზრეების ჩატოვებაც იმ დროში სურს, რადგან იმ გუნდისთვის იმდენად ტკბილია ის წარსული, რომ დღემდე ვერ აღწევენ თავს. რაც შეეხება ივანიშვილს, მასთან მძაფრი, საჯარო პოლემიკა მქონდა. იმას, რასაც მაშინ ვამბობდი, ახლა ევროკავშირი სასამართლოს რეფორმაზე მსჯელობისას თითქმის ტრანშის დონეზე აყენებს - მოსამართლის რეპუტაციის შესახებ უნდა დაიწეროს.
მე და ივანიშვილმა ალალმართალში ვიკამათეთ, თუმცა მლიქვნელებმა ეს ისე აღიქვეს, როგორც მათ უნდა აღექვათ, ჩემი ლანძღვა-გინებით ეპრანჭებოდნენ მას, არსენას ლექსის არ იყოს, ფარსადანს ასე ეგონა, ჩინს მომცემენ, ტემლაკებსაო, მაგრამ პანღურები უთავაზეს. თუმცა ჩვენი კამათის სიმძაფრე არ მიშლის ხელს მისი ღვაწლის შეფასებასა და კეთილგანწყობის შენარჩუნებაში.
არავის უპირობო მხარდამჭერი არ ვყოფილვარ და არც კრიტიკა გამჭირვებია, მაგრამ პიროვნულ ღირსებას არ შეხებია და ეთიკის ფარგლებში წარიმართა, ოღონდ საზოგადოების ზურგს უკან კი არა, ღიად ვიკამათეთ. ამის მიუხედავად, პოლიტიკაში მისი მოსვლაც ნაბიჯი იყო და წასვლაც ნაბიჯია, და თუ ნაბიჯია, კვალიც დარჩება. ორივე ნაბიჯი კი დროთა განმავლობაში კონიაკივით დაძველდება.
ამიტომ არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ახლანდელ ჭიდილში მმართველი გუნდის უკან ივანიშვილი დგას, თუნდაც იმიტომ, რომ ის წავიდა ხელისუფლებიდან. სამაგიეროდ, სააკაშვილი ისევ იღვწის ძალაუფლებისთვის. რეალურად ეს არის დაპირისპირება საქართველოს კეთილ მომავალს, წინსვლასა და სააკაშვილს შორის.
- პოლიტიკური და საზოგადოებრივი დუღილის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქვეყნის გარეთაც იცვლება ვითარება, რუსეთი ყოველდღიურად გვაჩვენებს, რომ საფრთხე აქვეა. ამ დროს რას ვაკეთებთ ჩვენ?
- ყველანი ისევ იმ რეალობაში, იმ სამეზობლოში ვართ, მაგრამ ევროპისკენ სვლა დეკლარირებული გვაქვს, ოღონდ კალენდარი დაგვრჩა ძველი და თუ მას ვერ გავასწორებთ, წინ კიდევ დიდხანს ვერ წავალთ. რადგან რუსეთზე ვსაუბრობთ, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტსაც შევეხები.
ის ზნეობრივად მისაბაძი ადამიანისგან შორს არის, მაგრამ იმ უსაქციელობასა და უკულტურობას, რაც მაშინ თბილისში გამოჩნდა, ეს არ ამართლებს. რა იქნება, ხვალ ჟერარ დეპარდიეს ამოიღებენ მიზანში? ასე ვეღარ გაგრძელდება, აზრის ასეთი ფორმით გამოხატვა არის რევანშისტული და უნდა დასრულდეს. გამარჯვების ასპარეზი არარევანშისტულ საქართველოს ეკუთვნის.