„შეზღუდვა არავის უნდა. მე თვითონ რა, მომწონს? ერთი წელიწადია, მეგობრებთან ერთად არსად ვყოფილვარ და მეც ძალიან მინდა მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ არ შეიძლება. ჩვენ, ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ბალანსი დავიცვათ შეზღუდვასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„არჩევანი არის ეს – აქეთ შეზღუდვა, აქეთ ადამიანის სიცოცხლე, შუაში კი რეგულაციებია და თუ რეგულაციებს დავიცავთ, შეზღუდვები არ დაგვჭირდება. ვიმეორებ, შეზღუდვა არავის არ უნდა, არც ეპიდემიოლოგს და არც ექიმს, მაგრამ არც ის გვინდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად იღუპებოდნენ“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, „თითქმის ყველა აფეთქება, რომელიც გვაქვს, დაკავშირებულია ჭირის სუფრებთან“.
„რამდენიმე გამონაკლისი იყო დაბადების დღეები, საიდანაც დიდი კლასტერები წარმოიქმნა. ხალხში არის ტრადიციები და ჭირის სუფრები, მესმის, მაგრამ ჩვენი ჭირის სუფრები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება და ამაზე უარი უნდა ვთქვათ“, – აღნიშნა იმნაძემ.