„დღეს სისტემური კუთხით, ბიზნესი ხელშეუხებელი, ადამიანის უფლებები ბევრად უფრო დაცული, მედიაგარემო თავისუფალი და რაც მთავარია, ჯანდაცვა ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია", - განაცხადა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა 2030-ში.
"ეს არის ის ფუნდამენტი, რაზეც შემდგომი თაობის რეფორმები უნდა დაშენდეს. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი ეკონომიკის, განათლების სფეროების რეფორმა, ინფრასტრუქტურის განვითარება და საჯარო მმართველობის სისტემის მოდერნიზაცია იქნება", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების საქმიანობის მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვაა.
"„ქართული ოცნების" ხელისუფლების საქმიანობის მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვაა. ჩემთვის ეს არის მთავარი ღირებულება და ის მიზიდულობა, რაც „ქართულ ოცნებას" აქვს. ყველა მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, სწორედ ამას ემსახურებოდა", - განაცხადა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა.
როგორც მან აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობა იმ პროგრამის ღირებულებაში უნდა დაარწმუნოს, რომელსაც მალე წარადგენს.
"მე მაქვს გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის და ადამიანის უფლებების სფეროში და სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. მოსახლეობა იმ პროგრამის ღირებულებაში უნდა დავარწმუნოთ, რომელსაც ჩვენი გუნდი მალე წარადგენს. 8 ოქტომბერს მთავარი შეკითხვა იქნება, რომელი ძალა მოახერხებს, თქვენი და თქვენი შვილების მომავალი უკეთესი იყოს. გარწმუნებთ, ასეთი ძალა იქნება „ქართული ოცნება", რომელიც მოახერხებს, მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადოს და თბილისიდან ყველაზე დაშორებულ ადგილებში მიიტანოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.