14 წელს მიუღწეველ გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე არასრულწლოვნის დედას ე.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ზ.მ. იყენებდა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გოგონას ასაკით გამოწვეულ უმწეობას და ძალადობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა მას. ზ.მ.-ს ქმედების შედეგად არასრულწლოვანი დაორსულდა და 2020 წლის 21 ივნისს ბავშვი გააჩინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ს.-სთვის ცნობილი გახდა ზ.მ.-ს მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა.
ე.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ე.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს, პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებებთან ერთად.