„პრობლემური პრივატიზაციის გამო, დღეს ჩვენ ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ უფრო ძვირად გვიწევს ამ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემური პრივატიზაციის ფაქტები ძალიან ცუდად დაუბრუნდა სახელმწიფოს.
„ერთ-ერთი პირველი საკითხები, რაზეც მერიაში მისვლისას მომიწია მუშაობა, იყო კუს ტბის ასახვევში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომ უნდა აშენებულიყო სასტუმრო, ფაქტობრივად შუაგულ ტყეში. ასევე, საბურთალოზე, იპოდრომის მიმდებარედ, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე პროექტიც იყო გაკეთებული, უზარმაზარი კორპუსი უნდა აშენებულიყო.
თავის დროზე 6 ჩოგბურთის კორტი იყო იქ, მთელმა ქალაქმა იცოდა და ეს სივრცე იყო გაყიდული. მისი გამოსყიდვა მოგვიწია ადგილმონაცვლეობით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ კონკრეტულ ფასად, პრივატიზაციას აკეთებდა სახელმწიფო, რომ ბიუჯეტის შემოსავალი გაეზარდა და ასეთი პრობლემური პრივატიზაციის გამო, დღეს ჩვენ ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ უფრო ძვირად გვიწევს ამ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა.
ძალიან ცუდად დაგვიბრუნდა. ვაკის პარკის 2800 კვადრატული მეტრი რომ 5 მილიონ 700 ათას დოლარად არის შეფასებული, არც იკითხოთ, ისედაც ყველამ იცის, რომ სახელმწიფოს ამ მიწის პრივატიზაციით ეს თანხა არ მიუღია. 15 წლის წინ აქვთ ეს მიწის ნაკვეთი წაღებული კერძო საკუთრებაში.
ჩვენ, საბიუჯეტო შემოსავლები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა პრობლემური მიწის ნაკვეთი გამოვისყიდოთ, გავცეთ ამაზე ფულადი კომპენსაცია, ყველა მათგანი დავაკმაყოფილოთ და ქალაქს დავუბრუნოთ ეს სივრცეები. ძალიან რთულია, მაგრამ ამის ეკონომიკური შესაძლებლობა სახელმწიფოს არ გააჩნია. 2019 წელს რომ გენერალური გეგმა დავამტკიცეთ, მარტო მილიონი კვადრატული მეტრი სამშენებლო მიწის ნაკვეთი გადავიდა რეკრეაციულ ზონაში. მინიმალური შეფასებითაც უზარმაზარ ღირებულებაზე გადის. შესაძლოა, ერთი წლის ბიუჯეტი არ ეყოს ამ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.