„ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი გუშინ ერაყის ქალაქ შირქატთან, მოსულის სამხრეთით, ბრძოლისას დაიღუპა. როგორც სააგენტო „როიტერი" წერს, ინფორმაცია ალ-შიშანის დაღუპვაზე „ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერმა სააგენტო „Amaq"-მა გაავრცელა.
ალ-შიშანი, რომელსაც პენტაგონმა ISIS-ის „ომის მინისტრი" უწოდა, ა.წ. მარტშიც გამოაცხადეს მოკლულად, თუმცა, მაშინ ისლამისტმა ტერორისტებმა ამერიკელების ინფორმაცია უარყვეს, ამჯერად კი მის დაღუპვას თვითონვე იუწყებიან.
„ისლამური სახელმწიფოს" მომხრეები სოციალურ ქსელებში ერთმანეთს უსამძიმრებენ ალ-შიშანის დაღუპვას და მის პატივსაცემად ახალ შეტევებს აანონსებენ.
პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ალ-შიშანის დაღუპვაზე ინფორმაცია მათაც მიიღეს, თუმცა, მისი უტყუარობის დადასტურება ან უარყოფა ჯერჯერობით არ შეუძლიათ.