logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: რატომ ჰყავს ამ პატარა ქვეყანას ამდენი ქვემძრომი, ამდენი მოღალატე, ამდენი გამყიდველი?
- +

16 აპრილი. 2021. 03:03

 

 

9 აპრილს ევროპის მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ერთად შეკრებილი და ერთი სულისკვეთებით გაერთიანებული ამდენი ქართველი დიდი ხანია არ მინახავს.

ეს ადამიანები არ გამოსულან რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის თუ პოლიტიკოსის მხარდასაჭერად – ისინი საქართველოს დაძახილზე საქართველოს მხარდასაჭერად გამოვიდნენ გარეთ და მტერსა და მოყვარეს მტკიცედ და კატეგორიულად განუცხადეს, რომ ამ ქვეყანას საჯიჯგნად და სათრევად არავის დაუთმობენ.

მართალია, უსიტყვოდ, დუმილით იყო ეს ყველაფერი ნათქვამი, მაგრამ ეს ის დუმილია, რომელიც რეკს, რომელსაც ხმა აქვს.

ამ გრანდიოზულ თავყრილობას რომ ვუყურებდი, გული სიხარულით და სინათლით მევსებოდა და მოუთმენლად ველოდებოდი საღამოს დადგომას, რომ მეხილა, როგორ ფართოდ და მასშტაბურად გააშუქებდნენ ქართული ტელევიზიები ამ ეროვნული მნიშვნელობის მოვლენას, თუმცა ფუჭი გამოდგა ჩემი მოლოდინი – თითქმის ყველა ტელევიზია ერთწუთიანი სიუჟეტით და სიტყვაძუნწი კომენტარით შემოიფარგლა, რამაც ერთ შემაძრწუნებელ დასკვნამდე მიმიყვანა – ესენი ყველანი ერთნი არიან და ყველანი ერთი პულტიდან იმართებიან, უბრალოდ, სახელები ჰქვიათ სხვადასხვა.

 

საქართველოში, ძირითადად, სამი ტიპის ტელევიზიები ფუნქციონირებენ – დედლობითი, მამლობითი და საშუალო სქესის.

დედლობითი და მამლობითი სქესის ტელევიზიებთან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს საშუალო სქესის მაუწყებლები ისე იღვარჭლებიან და ისე იგრიხებიან, ყურადღებით თუ არ დააკვირდები, ვერ მიხვდები, ვისთან გაქვს საქმე.

ერთ-ერთი საშუალო სქესის ტელევიზიამ განაცხადა: 9 აპრილს ევროპის მოედანზე გია გაჩეჩილაძის მხარდამჭერები შეიკრიბნენო.

თუ მართლა ამდენი მხარდამჭერი ჰყავს გაჩეჩილაძეს, მაშინ ეგ ყოფილა მთავარი პოლიტიკოსი და დანიელსონთან თუ შარლ მიშელთან ეგ გაუშვით მოსალაპარაკებლად, რაღა ერთპროცენტიან მოხალისეებს დაარბებინებთ?

ამ ტელეარხების მესვეურებს რომ ჰკითხო, ზეპარტიული, ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზიები არიან, თუმცა მათი ობიექტურობა იმაში გამოიხატება, რომ დებატებში ხუთ ნაცს ერთად გამოიყვანენ, მოპასუხედ კი ერთ შალვა პაპუაშვილს მიუსვამენ.

 

სულ მიკვირს: რატომ ჰყავს ამ პატარა ქვეყანას ამდენი ქვემძრომი, ამდენი მოღალატე, ამდენი გამყიდველი და რატომ მოიყარა მათმა დიდმა ნაწილმა თავი მაინცდამაინც ტელეჟურნალისტიკაში?

რამდენიც არ უნდა ეცადონ ვიღაც-ვიღაცები, რა სქელი ფარდებიც არ უნდა ჩამოაფარონ თავიანთ ტელეეკრანებს, ასიათასობით ადამიანის გადამალვა შეუძლებელია.

 

რაც 9 აპრილს ევროპის მოედანზე ხდებოდა, „პატრიოტ“ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ძალიან არ მოეწონათ – რიყეზე რას მიდიოდნენ, აგერ პარლამენტის წინ არ ვდგავართ ამდენი ხანია? აქ მოსულიყვნენ და ერთად აღგვენიშნა ეს დიდებული თარიღიო.

ამ პოლიტიკოსებს უნდათ, ქართველებმა საქართველოსთვის კი არა, მათთვის, მათი უბადრუკი მიზნების განხორციელებისთვის გასწირონ თავი, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დრო უკვე დამთავრდა და დიდი გამოფხიზლების ჟამი დაიწყო.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ და მისი ქვედანაყოფების მიერ ოკუპირებულ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ოპოზიციონერები ეპატიჟებოდნენ ქართველებს, ეს წმინდათაწმინდა ადგილია, რომელიც „ნაცებმა“ ჩეჩმად აქციეს.

ეს წმინდათაწმინდა ადგილი ქალაქის მთავრობამ დროულად უნდა გაათავისუფლოს შინაური ოკუპანტებისგან, თორემ ეს ათიათასობით გაბრაზებული ქართველი, ერთხელაც იქნება და, ევროპის მოედნიდან ზემოთ, რუსთაველზე ამოუხვევს და თვითონ გააკეთებს ამას.

2021 წლის 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილიდან 32 წლის შემდეგ, საქართველოში ახალი 9 აპრილი გათენდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner