logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
- +

4 მარტი. 2016. 17:20



3 მარტს  ქ. პარიზში ჩატარდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა, ხოლო 4 მარტს გაიმართა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა. ორივე სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის  თავმჯდომარემ, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ.


მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის რანგში თედო ჯაფარიძე თავმჯდომარეობდა, დამტკიცებული იქნა ასამბლეის მომავალი სხდომის დღის წესრიგი. აღსანიშნავია, რომ საგაზაფხულო სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, სტრასბურგში 21 აპრილს სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ამ წინადადებას ერთხმად დაუჭირა მხარი ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა.


მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად აღსანიშნავი იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს გამოსვლა.


ბუკიკიომ ისაუბრა კომისიის მიმდინარე საქმიანობის შესახებ. გამოსვლაში მან ასევე ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ევროპის საბჭოს წევრ ქვენებში თამაშობს ურთიერთობა პოლიტიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ურთიერთობაში. მან მოიხმო ახლახან გარდაცვლილი ცნობილი იტალიელი ფილოსოფოსისა და მწერლის უმბერტო ეკოს სიტყვები უმრავლესობისა და უმცირესობის პასუხისმგებლობაზე პოლიტიკურ ურთიერთობებში.


დისკუსიაში, რომელიც ბატონი ბუკიკიოს გამოსვლის შემდეგ გაიმართა რომელშიც მონაწილეობა მიიღო თედო ჯაფარიძემ. თავის შეკითხვაში მან სწორედ უმბერტო ეკოს ციტატაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უმრავლესობას, როგორც მმართველ ძალას, უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, მართოს პოლიტიკური პროცესები და მოიძიოს კომპრომისი, მაგრამ ხშირად ყურადღება არ მახვილდება უმცირესობის პასუხისმგებლობაზე - „შესაძლებელია, რომ უმცირესობა იყოს ყოველთვის მართალი, მხოლოდ იმიტომ რომ ის უმცირესობაა ისევე როგორც, უმრავლესობა იყოს ყოველთვის მართალი?" ბუკიკიო დაეთანხმა თედო ჯაფარიძეს და პასუხად აღნიშნა, რომ უმცირესობას არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება აქვს, რომ იყოს კონსტრუქციული და იფიქროს ქვეყნის ინტერესებზე თავისი ნებისმიერი ქმედების დროს. „ურთიერთპატივისცემა მთავარია ორივე პოლიტიკურ ძალას შორის. არ უნდა განვიხილოთ, რომ მართალი ყოველთვის შეიძლება იყოს უმრავლესობა ან უმცირესობა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ისინი ბოიკოტს უცხადებენ უმრავლესობას, რაც მათი მხრიდან არაკონსტრუქციულ ქმედების გამოხატულებაა, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს ქვეყნის ინტერესებს". ბუკიკიომ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა ევროპის საბჭოს ქვეყნების უახლოესი პოლიტიკური ცხოვრებიდან, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება და აღნიშნა რომ ევროპაში ამ პრობლემის გადაჭრისა და პოლიტიკური კომპრომისის პოზიციის მიღების ერთ-ერთი საშუალება სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner