საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრში დღეს ქართველ მომღერალსა და საქართველოს სახალხო არტისტს თენგიზ მუშკუდიანს ვარსკვლავს გაუხსნიან. ასევე გაიმართება გალა-კონცერტი.
როგორც ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თენგიზ მუშკუდიანს საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი" ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცემა, ხოლო ოპერის თეატრის წინ, ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც კულტურის პალატა უწევს ორგანიზებას.
„თენგიზ მუშკუდიანი 32 წელი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სცენაზე იდგა, ასრულებდა განსხვავებული სტილის პარტიებს, ქმნიდა საოპერო გმირების საინტერესო სახეებს, გამოირჩეოდა მომხიბვლელი ტემბრის ბანით. მნიშვნელოვანია თენგიზ მუშკუდიანის პედაგოგიური მოღვაწეობაც. იგი მთელ თავის გამოცდილებას გადასცემს თავისი კლასის აღსაზრდელებს, რომელთაგან არაერთი ჩართულია სხვადასხვა თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში - საქართველოში თუ საზღვარგარეთ. სწორედ მისი ყოფილი და ამჟამინდელი მოწაფეები ავლენ სცენაზე 14 ივლისს დაგეგმილ გალა-კონცერტზე",- აცხადებენ თბილისის ოპერაის ადმინისტრაციაში.