14 ივლისს, 19:00 საათზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული მომღერლის თენგიზ მუშკუდიანის საოპერო შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი მომღერალს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლეს ჯილდოს, „ხელოვნების ქურუმს" გადასცემს; საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ოპერის წინ თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავი გაიხსნება.
მომღერლის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სახალხო არტისტები, თენგიზ მუშკუდიანის ყოფილი და ამჟამინდელი მოწაფეები. მათ შორის: თეიმურაზ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, ლიანა კალმახელიძე, ალექსანდრე ხომერიკი, გოჩა დათუსანი, სულხან გველესიანი, ლევან მაკარიძე, ირინა ალექსიძე, მაყვალა ასპანიძე, ირაკლი კახიძე, კახაბერ შავიძე, გიორგი მოციქულაშვილი, ლევან ტაბატაძე და ქეთევან ქემოკლიძე.
გალა-კონცერტზე შესრულდება ფრაგმენტები ცნობილი ოპერებიდან. საღამოზე ნაჩვენები იქნება თენგიზ მუშკუდიანის საოპერო შემოქმედების ამსახველი კადრები.
საზეიმო გალა-კონცერტს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი წარმოადგენს. სადირიჟორო პულტთან - ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე და გიორგი ჭიჭინაძე.
თენგიზ მუშკუდიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოს მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურის პალატა, - საქართველოს ეროვნულ არქივი; მედიაპარტნიორია რადიო "იმედი".