პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა ძალიან საჭირო და საინტერესო იყო, ვინაიდან მეწარმეებმა მრავალი საჭირბოროტო საკითხი დასვეს.
„ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი არაცნობადი სახე იყოს მსგავს შეხვედრებზე და ვაპირებთ შევქმნათ მუდმივმოქმედი ჯგუფი მცირე და საშუალო ბიზნესთან კომუნიკაციისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა უსმენდეს კერძო სექტორს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის მოსმენა.
დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან ბევრი საკითხი დაისვა, მათ შორის ადმინისტრაციული, საგადასახადო, ფინანსებზე წვდომის გაიოლების კუთხით.
ჩვენ გავაცანით ჩვენი რეფორმების 4 კომპონენტი, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილიც გახლავთ მოგების გადასახადის გაუქმება, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აქცენტი გავაკეთოთ მცირე მეწარმეებზე, ვინაიდან დასაქმების ეფექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სახელმწიფო შესყიდვების კუთხით გარკვეულ შეთავაზებებს მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაური პირობას დებს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები გაგრძელდება და ასევე მუდმივმოქმედი გუნდი, რომელიც უნდა შეიქმნას, სახელმწიფოსთან მიიტანს მცირე და საშუალო ბიზნესის წინადადებებს.