საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში განსახილველად საქართველოს პარლამენტს გაუგზავნა. დოკუმენტში საუბარია ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო პოტენციალისა და ეკონომიკური ინტერესების უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების, მათი ეგიდით მოქმედი ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვისკენ, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობის სხვა დანაშაულების აღკვეთის, სახელმწიფო საიდუმლოების და სტრატეგიული ობიექტების დაცვის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისკენ.
„ცალკეული ქვეყნების დაზვერვითი საქმიანობისა და შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისგან სახელმწიფოს დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გატარდა სათანადო კონტრზომები. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე. აქედან, 16 პირის მიმართ სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის ექვსი საქმე. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა შვიდი პირის მიმართ, ხოლო ცხრა პირთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გრძელდება. საანგარიშო პერიოდში სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.