საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ეს არის ახალგაზრდების გუნდი, რომლებსაც განათლება ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული. აქვე დასძენს, რომ ეს 15 კაცი არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება" არჩევნების ჩატარებას მხოლოდ მათ იმედზე აპირებს.
„ეს 15 კაცი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მათ იმედზე გეგმავს „ქართული ოცნება" არჩევნების ჩატარებას. ეს არის ახალგაზრდების გუნდი, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებში და რაც მთავარია, მათ აქვთ კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. წარმატებული მართვისთვის აუცილებელია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ორივე სფეროში გამოცდილება, რადგან ორივე ამ სფეროს განსხვავებული სპეციფიკა აქვს. არიან ისეთი სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც არასოდეს ყოფილან მოსაზრებული საქართველოს პარლამენტის წევრთა სიაში. მაგალითად კახა კუჭავა წარმოადგენს სამთო-სამადნო ინდუსტრიის სფეროს. საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა სასარგებლო წიაღისეულით, უბრალოდ არც ერთი ხელისუფლება ამას არ ანიჭებდა მნიშვნელობას და საქართველოს უყურებდნენ როგორც მომხმარებელ ქვეყანას. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად განვავითაროთ ეს ინდუსტრია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის თქმით, საზოგადოება კიდევ უნდა ელოდეს დაახლოებით 70-80 ადამიანს, რომელიც წარმოდგენილი იქნება მაჟორიტარული და პროპორციული წესით ასარჩევ პირთა სიაში.
მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნება" 18 ივლისს დაიწყებს რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას.