გიას პაემნებიდან ჩამომქონდა პატიმრობაში დაწერილი ლექსები: იაკუტიიდან, პოკროვიდან, აზერბაიჯანიდან - შუშადან, მახაჩყალიდან. ესეთები 20 საერთო რვეული დამიგროვდა. მათი ნაწილი თამაზ ტყემალაძის რედაქტორობით 1997 წელს გამოვაქვეყნე. დანარჩენი ჩემთანაა. დღეს, მის დაბადების დღეს ორ ლექსს შემოგთავაზებთ. პირველია, როგორ ულოცავს გია თავის თავს დაბადების დღეს... მეორე კი დღევანდელ დღესაც აქტუალურია. თავად განსაჯეთ. თან ვურთავ მისი პატიმრობის რამდენიმე ფოტოსაც.
ლექსი პატიმარი გია ფერაძისა.
გია! გილოცავ, დაბადების დღეს.
ღმერთმა იცის კიდევ როდის გაანათებს ჩემთვის მზე,
მიდი, მიდი, მიულოცე შენ თავს დაბადების დღე.
ო! რამდენი კარგი ხალხი არაფრისთვის ტანჯულობს,
აქაც, გული გულს თუ ეძებს, უეჭველად ნახულობს.
დღეს რამდენმა მომილოცა, ნაღდად ვერ დამითვლია,
იმიტომ, რომ ყველა გზები სულ სიკეთით მივლია.
ალბათ ჩემი ძმები სხედან დიდუბეში, ვერაზე,
თამადაა ჩემი სისხლი, ჩემი ილო ფერაძე.
ნახევარი საუკუნე, რაღა დარჩა, გავლიე,
კარგი ხალხის სადღეგრძელო მოვასწარი დავლიე.
ქარს მიეცი ჩემო დედა რაც ცუდი გაქვს ფიქრები,
რაღა დარჩა საყვარელო, ჩვენ ტოლები ვიქნებით.
დრო გავა და დავინახავთ გამიმართლებს ალბათ მეც,
შე ბებერო! მომილოცავს ვერცხლის დაბადების დღე.
ეტაპი.სვერდლოვსკი.1988
ამბობენ, რომ გაგვიმართლებს
ისეთი დრო მოდის,
ნეტავ ერთი გვაცოდინა
როდის?... როდის?... როდის!
მალე გადაგვიგორდება
გულს სიმძიმე ლოდის,
ველოდებით და არ ვიცით
როდის?... როდის?.... როდის!
სიხარული არ გვინახავს
სულ დღე გვადგას ცოდვის,
ნეტავ როდის გავიხარებთ.
როდის?... როდის?... როდის!
ვიცხოვროთ და ნუ დაუწყებთ
სიკვდილის დღეს ლოდინს!
მოვა! ღმერთმა უკეთ იცის
როდის!... როდის!... როდის!
პოკროვის ტუბ-ზონა 1986