logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პარტიებს, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, თვალი უჭირავთ არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ
- +

21 აპრილი. 2021. 00:58

 

„შეთანხმებას არ მოაწერა ხელი „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. სწორედ ამ პარტიებს უჭირავთ თვალი არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ. ისინი მუდმივად აკეთებდნენ ჩრდილოეთის საქმეს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ჩვენთვის მთავარია ის, თუ რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ვფიქრობთ, რომ შეთანხმება, რომელიც გაფორმდა, მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

მთავარია, რომ ჩვენ თვისობრივად სხვა რელსებზე გადავიყვანოთ ქვეყნის განვითარების პროცესი. ამისთვის მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება და პოლიტიკური პროცესი გადასულიყო პარლამენტში.

სწორედ ამას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი და ამაში „ქართული ოცნების“ წვლილი არის განსაკუთრებული. ამას აფასებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და არაერთი საქებარი სიტყვა მოვისმინეთ როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოაწერა დოკუმენტს ხელი და ვინ - არა, ამით კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად გაევლო ზღვარი და ეს უკავშირდება პარტიების ორიენტაციასა და სულისკვეთებას.

გაევლო ზღვარი რადიკალურ პარტიებსა და იმ ძალებს შორის, რომლებსაც კონსტრუქციულად მუშაობის რესურსი აქვთ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველოში არიან პარტიები, რომელთა დღის წესრიგიც არაა დასავლური. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა დღეს. შეთანხმებას არ მოაწერა ხელი „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. სწორედ ამ პარტიებს უჭირავთ თვალი არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ. ისინი მუდმივად აკეთებდნენ ჩრდილოეთის საქმეს“, - განაცხადა კობახიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner