logo_geo
eng_logo
დღეს, ვაჟა-ფშაველას იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი
- +

14 ივლისი. 2016. 14:43


დღეს, 14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 115 წელი სრულდება.


აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი: სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, მათ შორის, საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციები.


ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ლელა რაზიკაშვილი მედიას მიმართავს და ამბობს, რომ 14 ივლისს, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს გამოცხადდეს „ვაჟას დღე ქართულ მედიაში". მისი თქმით, ყველა ჟურნალისტს, ვისაც ექნება სურვილი შეუძლია ეწვიოს ჩარგალს სადაც საშუალება ექნებათ  მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შეჯიბრში.


ლელა რაზიკაშვილის თქმით, სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ დღემდე უცნობი და საინტერესო ფაქტები მწერლისა და მისი ოჯახის ბიოგრაფიიდან.


 

„14 ივლისს, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს, გამოვაცხადოთ ვაჟას დღე ქართულ მედიაში. ამავე დღეს, ყველა ჟურნალისტს, ვისაც ექნება საშუალება და სურვილი, ვიწვევთ ვაჟას მშობლიურ სოფელში, ჩარგალში, აქციაზე, „მედია კითხულობს ვაჟას".

 

იდეა შთაგონებულია პოეტის ბიოგრაფიის იმ ეტაპით, როცა იგი სხვადასხვა გაზეთებისა და ჟურნალების აქტიური კორესპონდენტი იყო. მისი ფელეტონები და კორესპონდენციები დღესაც ამდიდრებს ქართული პუბლიცისტიკის ისტორიას. ამდენად, ვაჟა ქართველი ჟურნალისტების პროფესიულ წინაპრადაც შეიძლება განვიხილოთ და მისი საიუბილეო თარიღი პროფესიული სოლიდარობით აღვნიშნოთ.

 

მხატვრული პროგრამის თანხლებით, მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან პოეტის შემოქმედების ცოდნაში. იქვე, სახელდახელოდ შექმნილ ჟიურისთან ერთად გამოვავლენთ მათ, ვინც უკეთ წაიკითხავს ვაჟას ლექსებს, ვინც უკეთ იცნობს მწერლის პუბლიცისტურ ნამუშევრებს და მის ბიოგრაფიას! გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებით. გაიმართება დოღი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის.

შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ექნება მოწვეული მწერლებისა და პოეტის ბიოგრაფებისგან, მოისმინონ დღემდე უცნობი და საინტერესო ისტორიები ვაჟასა და მისი ნიჭიერი ოჯახის ცხოვრებისეულ დეტალებზე",- აცხადებს ლელა (ნუნუ) რაზიკაშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner