logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: წინა ხელისუფლებამ ავტობუსების ნაცვლად ნახევარი ჯართი დაგვიტოვა
- +

14 ივლისი. 2016. 15:11


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში დღეს მოძრავი ყვითელი ავტობუსები თითქმის სრულად ამორტიზებულია და მათი ჩანაცვლება ეტაპობრივად სექტემბრის ბოლოდან დაიწყება.


წინა ხელისუფლებამ ავტობუსების ნაცვლად ნახევარი ჯართი დაგვიტოვა. თუმცა, ჩვენ ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა, შევისწავლეთ ის საჭიროებები, რაც დღეს რეალურად აქვს მუნიციპალურ ავტოპარკს. კვლევების შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერი და შეირჩა კომპანია MAN -, რომელმაც დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები," - განაცხადა ნარმანიამ.

 


მისივე ინფორმაციით, ახალი გერმანული 12 მეტრის სიგრძის ლურჯი ავტობუსები, რომელსაც თბილისში შემოიყვანენ, სამკარიანი იქნება. ავტობუსის შუა კარი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ავტობუსი აღჭურვილია კონდიცირებით, კერძოდ, გაგრილების და გათბობის თანამედროვე სისტემით.



ნარმანიას განცხადებით, ევროპული სტანდარტების ახალ ავტობუსებს ექნებათ თანამედროვე მართვის სისტემა, ისინი ბუნებრივ აირზე იმუშავებს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ეკოლოგიური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.



ასეთი ტიპის ავტობუსები ევროპის ბევრ წამყვან დედაქალაქში მოძრაობს. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომლის მსგავსი თბილისში არ განხორციელებულა. ჩვენს დედაქალაქს მუნიციპალურ ავტოპარკში არასდროს ჰყოლია ევროპული ტიპის, თანამედროვე, გამართული, ენერგოდამზოგავი, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული ავტობუსები. ეს იმ მახასიათებლების არასრული ჩამონათვალია, რაც ახალ ავტობუსებს ექნებათ,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანი პროექტის შედეგს მოსახლეობა უკვე სექტემბრის ბოლოდან, ეტაპობრივად ნახავს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ავტობუსით იქნება უზრუნველყოფილი თბილისის შედარებით გრძელი დისტანციის და ფართო გამავლობის​ ხაზები.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner