ავტორი თეა ფირცხალავა
„კაცი რომ კაცისას აღარ გაიგონებს, კაცი რომ კაცს აღარ ენდობა და ყველანაირი რწმენა დაიკარგება, მაშინ მოვა განკითხვის დღე, ასე გამიგია მე...“
ეს არის ამონარიდი რეზო ჭეიშვილის რომანიდან „ჩემი მეგობარი ნოდარი“ („ქალაქში დინოზავრები დადიან“), რომლის წყალობითაც დღევანდელი იუბილარი და გენიალურ ქართველ მსახიობთა ძველი პლეადის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, ჩვენი ჯემალ ღაღანიძე გავიცანი, გავიცანი კი არა, თავიც „შევაყვარე“ და მისი სიზმრისეული საცოლეც ვიყავი, რასაც ადვილად დამიდასტურებს ყველა, ვისაც დავით რონდელის „ჩემი მეგობარი ნოდარი“ აქვს ნანახი, ფილმი, რომელიც გაჯერებულია რეზო ჭეიშვილისეული, ნაღდი ქუთეისური იუმორით, ნიჭით, რომელიც განსაკუთრებით ჭარბად აქვთ ჩვენს უსაყვარლეს ქუთათურებს. მთლად „ტრაბახში“ რომ არ ჩამომართვათ, ზემოთქმულს ქვევით წარმოდგენილი ფოტოებით „გავამაგრებ“, რომლებიც გადაღებულია 1966 წელს, ქუთაისში, „ჩემი მეგობარი ნოდარის“ გადაღებების დროს.
ბევრჯერ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - ყველა ასაკს თავისი ხიბლი, ხოლო დიდ ასაკს - ერთი უპირატესობა აქვს: იგი საშუალებას გაძლევს, მოასწრო ბევრის ნახვა, ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო და, შესაბამისად, ბევრი მოსაგონარიც დააგროვო საკუთარ თავგადასავალთა ყულაბაში... ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.
13 წლისა მთავარი როლის შემსრულებლად მიმიწვია თვით დავით რონდელმა, რეჟისორმა, რომლის შედევრი „დაკარგული სამოთხე“ ქართული კინოს ოქროს ფონდშია შესული. ფილმში „ჩემი მეგობარი ნოდარი“ მე და ბატონი ჯემალი თანაკლასელები ვართ. მე, ანუ ია ვაჩაძე, ქუთაისის მთავარი პროკურორის შვილი ვარ და ოქროს მედლის ასაღებად ღამის სკოლაში ვსწავლობ. ბატონი ჯემალი, ანუ მილიციელი გოგია, დღისით მუშაობს, საღამოს კი სკოლაში მოდის და დაღლილი ხშირად თვლემს ხოლმე მერხზე. ჰოდა, ერთ-ერთი ჩაძინებისას გოგიას ჩვენი ქორწილის სცენა ესიზმრება, თავისი ფაეტონითა და მაყრიონით. სწორედ ამ ზმანების და სხვა მრავალი სცენის წყალობით, ხშირად მიწევდა ბატონ ჯემალთან ურთიერთობა, მაგრამ მაშინ, 13-14 წლის გოგონა, ვერც კი ვაცნობიერებდი, რამდენად დიდი პატივი მარგუნა ღმერთმა, როდესაც საშუალება მომცა, რომ ქართული თეატრისა და კინოს ნამდვილ კორიფეებთან მქონოდა შეხება, რომელთა შორის იყვნენ: ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, ტარიელ საყვარელიძე, ბაადურ წულაძე, კარლო საკანდელიძე, იპოლიტე ხვიჩია, გოგი ხარაბაძე და... ჩვენი ჯემალ ღაღანიძე. გავიდა ხანი და ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რამდენი საამაყო, სასიხარულო და იუმორით გაზავებული მოსაგონარი დამრჩა ცხოვრებაში. ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი გადაღებები ქუთაისში, როდესაც ყოველ დღე რაღაც „განსაკუთრებული“ ხდებოდა... ეჰ, მაშინ რომ გამეცნობიერებინა, რა ლეგენდარულ ხალხთან მიწევდა ურთიერთობა, ალბათ მათ თითოეულ სიტყვას და იუმორს უფრო ყურადღებით დავიმახსოვრებდი, ან სულაც ჩავიწერდი, რომ შემდეგ გამეხსენებინა და კიდევ უფრო მეტად „მეტრაბახა“ ჩემს შვილიშვილებთან...
ქუთაისში ბატონ ჯემალს თან ახლდა მისი ულამაზესი მეუღლე, ქალბატონი ლენა გერმესაშვილი, რომელიც აქ წარმოდგენილ პირველ ფოტოს ამშვენებს. მერწმუნეთ, ერთი სიამოვნება იყო ამ შეყვარებული წყვილის ურთიერთდამოკიდებულების ცქერა და სიყვარულის ნაპერწკლების „დაჭერა“, რომლებიც ორივე მათგანის თვალებიდან იფრქვეოდა. ასევე კარგად მახსოვს, როგორი სითბოთი მექცეოდნენ პატარა „მსახიობს“ ქალბატონი ლენა და ბატონი ჯემალ, რაც ტკბილ მოგონებად დამრჩა.
ქუთაისში ბატონ ჯემალსაც გადახდა თავისი წილი თავგადასავალი. ერთხელ, სცენარის თანახმად, იასგან უარყოფილი „უბედური“ გოგია კარგად შეზარხოშდა და ღამის ქუთაისში დაიწყო ბორიალი, თან ღიღინებდა და პისტოლეტიდან ისროდა. ჰოდა, ამ კინოსცენას რეალური გაგრძელება მოყვა. ბატონი ჯემალი იხსენებდა, როგორ გაჩერდა მის წინ მილიციის მანქანა და როგორ გადაუგრიხეს ხელები იქედან გადმოსულმა „ნამდვილმა“ მილიციელებმა, რომლებმაც იარაღი წაართვეს და მანქანაში „ჩატენეს“. ბატონ ჯემალს უთქვამს მილიციელებისთვის, სად მიგყავართ, არტისტი ვარ, არტისტიო, იმათ კი „დაუტუქსავთ“, არტისტი იქნები, აბა ვინ იქნები, შე მუნდირის შემარცხვენელოო. მოკლედ, მოგვიანებით, ყველაფერი გაირკვა და ბატონი ჯემალის იმღამინდელი თავგადასავალი სამტრედიის რესტორანში გამთენიამდე ქეიფით დასრულდა. ასე იციან ქუთათურებმა... ჯერ იუმორით „გაგაშავებენ“ და მერე კი სიყვარულის მორევში „ჩაგახრჩობენ“... აი, ამიტომაც მიყვარს ჩვენი ქუთათურები...ბოლომდე მაინც ვერ გაიგებ, როდის გეხუმრებიან და როდის არა.
სანამ ბატონი ჯემალის ცხოვრებაში ზემოხსენებული და სხვა მრავალი საინტერესო მოვლენა მოხდებოდა, ყველაფერი ასე დაიწყო:
1933 წლის 21 აპრილს თბილისში დაიბადა თეატრისა და კინოს ღვაწლმოსილი მსახიობი, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ღაღანიძე, რომელიც 1956 წლიდან არის რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი და ჭეშმარიტად სახალხო არტისტი, რომელმაც ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მრავალი სამახსოვრო და სახასიათო სახე შექმნა. ბატონი ჯემალი ამაყობს, რომ იგი არის ხუთიდან ერთ-ერთი მსახიობი, რომელმაც იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია - „იპო“ მიიღო.
და ამ ფბ-მილოცვას ბატონი ჯემალის უახლოესი მეგობრის, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვებით დავასრულებ:
„ვერცა წლებმა ვერ დაგღალეს,
ღვთითბოძებული ხატი ხარ,
კვლავ ძველებურად ღაღანებ,
კვლავ ძველებურად ანთიხარ…”
ბატონო ჯემალ, გილოცავთ დაბადების დღეს და ბევრ სასიხარულო დღეს და დღეგრძელობას გისურვებთ, თქვენი ოჯახის თითოეულ წევრთან ერთად.