„აუცილებელია ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების მკაცრად დაცვა, ტესტირების გაფართოების მეშვეობით დადებითობის მაჩვენებლის შენარჩუნება 5%-ზე ქვემოთ“, - ამის შესახებ პროფესორმა, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ზვიად კირტავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ძალიან დამაფიქრებელია 1792 ახალი შემთხვევა (რეკორდული მაჩვენებელი ბოლო 67 დღის განმავლობაში) - 30,940 ტესტიდან. აქედან 1000 შემთხვევა თბილისში!
- ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი - 5.79% (ბოლო შვიდი დღის - 3.92%, ბოლო 14 დღის - 3.24%).
- 1 მარტიდან 20 დღის განმავლობაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა: 1,875 შემთხვევიდან - 10,413-მდე
- ვაქცინირებულია 31019 ადამიანი. დაახლოებით ამდენივე დარეგისტრირებულია ვაქცინაციის ვებ-გვერდზე და აპირებს ჩაიტაროს ვაქცინაცია. ამ უკანასკნელთა შორის 50%-ზე მეტს პფაიზერის ვაქცინა აქვს მონიშნული სასურველად, მეორე ადგილზეა - მოდერნა, მესამეზე - ასტრაზენეკა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული გეგმით ქვეყანაში 1,700,000 ადამიანის ვაქცინაციაა განზრახული (სავარაუდოდ - ორჯერადი აცრით, თუ ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინა არ იქნა შემოტანილი), ჯერჯერობით ვაქცინირებულთა და რეგისტირებულთა ჯამური ოდენობა სამიზნე პოპულაციის - 3.6%, ხოლო ჩასატარებელი აცრების - 1.8%-ია.
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ ფაქტორებს: ა)ქვეყანაში ახალი შტამების გავრცელება - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად 50-60% შეიძლება ბრიტანული შტამი იყოს, რომელსაც გავრცელების მაჩვენებელი კლასიკურ ვარიანტთან შედარებით 34-65%-ით მაღალი აქვს. ბ)სახეზეა ტურისტული ნაკადების თანდათანობით ზრდა; გ)ტემპერატურის მატების ფონზე დაბალია პირბადის ტარების (50%) და დისტანცირების დაცვის მაჩვენებლები. დ)მოსალოდნელია მობილობის მნიშვნელოვანი ზრდა აღდგომის დღესასწაულის და შემდგომ დღეებში.
- სანამ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება, მაისის თვე ყველაზე კრიტიკული გამოცდის პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს!
- აუცილებელია ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების მკაცრად დაცვა, ტესტირების გაფართოების მეშვეობით დადებითობის მაჩვენებლის შენარჩუნება 5%-ზე ქვემოთ. ვაქცინების შესახებ განმარტებითი - საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება და ვაქცინების მოწოდების გაზრდის კვალობაზე დღიური ვაქცინაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაზრდა - 10-15,000-მდე დღიურად.
- ამაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მესამე ტალღა. არაა გამორიცხული, რომ აღდგომის შემდეგ შეზღუდვების გამკაცრება აუცილებლობა გახდეს“, - აღნიშნა კირტავამ.