საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის შემდეგ, 27 წარმატებული სტაჟიორი პროკურორად და პროკურატურის გამომძიებლად დაინიშნა. ახალდანიშნულ პროკურორებს და პროკურატურის გამომძიებელს, საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ასევე სტაჟირების გავლის კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
გენერალურმა პროკურორმა მონაწილეებს სტაჟირების ეტაპის დასრულება, პროკურორებად და გამომძიებლად დანიშვნა მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პროკურატურაში აქტიურად ხორციელდება სტაჟირების პროგრამა, რომელიც არის ჩვენს სისტემაში ახალი, პროფესიონალი, ახლგაზრდა კადრების მოზიდვის საუკეთესო საშუალება. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სტაჟირების პროგრამის შედეგად საქართველოს პროკურატურაში 27 ახალი პროკურორი დაინიშნა, რომლებიც საქმიანობას დღეიდან შეუდგებიან. საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.
საქართველოს პროკურატურაში დასაქმებული გამომძიებლების, პროკურორების და მენეჯერების ნახევარზე მეტი სწორედ სტაჟირების პროგრამით არის დასაქმებული “ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
2019-2020 წლებში საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ დანაყოფებში სტაჟირება სულ 37-მა პირმა გაიარა. ისინი სტაჟიორებად 2019 წელს ჩატარებული 4 ეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩნენ. მათ, სტაჟირების პროცესის პრაქტიკული ეტაპის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი დაასრულეს. სტაჟირების ფარგლებში კი, თითოეული სტაჟიორი პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდა.
წარმატებული სტაჟიორები საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისიამ გასაუბრების შედეგად შეარჩია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული იყო მათ მიერ გაწეული საქმიანობა, სტაჟირების ხელმძღვანელების შეფასებები, ასევე გავლილი ტრენინგები და გამოცდები.
დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების ნახევარზე მეტი სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის, ყოფილი სტაჟიორები იკავებენ მენეჯერულ პოზიციებს.
სტაჟირების სისტემის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები: კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.