ავტორი ალა გრიგალაშვილი
„2012 წლის არჩევნებამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილმა არ გააერთიანა პარტიები კოლიციაში, მანამდე ვერ მოხერხდა მათ მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვა", - ამის შესახებ „რეპორტიორს" არასამათავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი- ძლიერი სახელმწიფოსთვის" თავმჯდომარემ ლალი მოროშკინამ განუცხადა.
მისი თქმით, მდგომარეობა დღესაც ანალოგიურია და კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში ცალკე აღებული ვერცერთი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.
„მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც მიგვიყვანა 2012 წელს გამარჯვებამდე - ეს იყო საზოგადოების კონსოლიდაცია ბიძინა ივანიშვილის ფიგურის გარშემო. საუბარი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აქვს შანსი ცალკე გასვლის შემთხვევაში მიაღწიოს წარმატებას, აბსურდია. ვერავინ 2 %-ზე მეტს ვერ აიღებს, ვგულისხმობ კოალიციაში შემავალ პარტიებს. ამავდროულად, ძლიერდებიან პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად იბრძვიან პოლიტიკური ადგილის მოსაპოვებლად. აქ ვფიქრობ, სერიოზული ბრძოლა გაიმართება. დაშლა არჩევნების წინ, ერთის მხრივ კარგია იმ ელექტორატისთვის, რომელიც 2-3 წელიწადზე მეტია წუწუნებს, რომ კოაჰაბიტაცია თავსმოხვეულია და ამაში ადანაშაულებს თუნდაც რესპუბლიკურ პარტიას. იმისთვის, რომ ელექტორატის გული დაიბრუნოს „ოცნებამ", ძალიან ზუსტად უნდა გასცეს პასუხი, რატომ არ მოხდა სამართალიანობის აღდგენა და თავსმოხვეული კოჰაბიტაცია რისთვის იყოს საჭირო", - განაცხადა მოროშკინამ.