logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი: მინდა მათი სახით ბოდიში მოვუხადო ყველა ჭირისუფალს, რომლებსაც უტიფარი მიკროფონიანი და კამერიანი გოგო-ბიჭები სახლებში უვარდებიან
- +

24 აპრილი. 2021. 01:17

 

 

ე რ თ ი    ტ ე ლ ე ს ი უ ჟ ეტ ი ს    პ ა თ ა ნ ა ტ ო მ ი ა

წლების წინათ, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში დანაშაული კი არა, სექსიც არ არსებობდა, კრიმინალურ ქრონიკას ტელეეკრანზე ვინ გააჭაჭანებდა!  მერე, ერთი ხანობა, აკრძალული ხილის კანონის თანახმად, ტელევიზიებმა მაყურებელი სამხრეთამერიკულ სერიალებთან ერთად სწორედ კრიმინალური ქრონიკით მიაჯაჭვეს ეკრანს.

ჰოდა, ის ტელევიზიები დღესაც იქ არიან, იმის მიუხედავად, რომ მედიაგარემო უკვე სრულიად სხვაა და მაყურებელიც სწორედ ამ „სავალდებულო“ კრიმინალური ქრონიკის უზნეობამ და არაპროფესიონალიზმმაც ჩამოაშორა ტელეეკრანს.

ისეთი ზეაწეული ტონით, ისეთი რიხითა და ისეთი აპლომბით იუწყებიან ხან მართლა ტრაგიკულ და ხანაც თითიდან გამოწოვილ ამბებს, თითქოს დაკარგული ტერიტორიები უკვე დავიბრუნეთ და ახლა მარსის ტერიტორიის ასათვისებლად ემზადებიან ქართველი ასტრონავტები.

 

დრო და ენერგია არ დავინანე და ერთი ასეთი ტელესიუჟეტი თავიდან ბოლომდე გადმოვიტანე ფურცელზე და ლამის სიტყვა-სიტყვით გავარჩიე. იქნებ დღევანდელ ჟურნალისტებს ვეღარ, მაგრამ მომავალ ჟურნალისტებს, ჩემს სტუდენტებს მაინც გამოადგეთ იმის მაგალითად, როგორ არ უნდა იმუშაონ, როგორები არ უნდა იყვნენ, როგორი არ უნდა იყოს ახალი ამბების ჟურნალისტიკა.

არც ტელევიზიას ვასახელებ, არც წამყვანსა და არც რეპორტიორს, რაკი ეს ჩემი ტექსტი მეტ-ნაკლებად სხვა ტელევიზიებსაც, სხვა წამყვანებსაც, სხვა რეპორტიორებსაც ეხება, და რადგან ამ კონკრეტულ მაგალითზე, ერთი ტელესიუჟეტის გამოწვლილვითი გარჩევით, მისი ანატომიის, უფრო სწორად პათანატომიის ჩვენებით ზოგადი სენის ხაზგასმა მოვინდომე.

ეს ტელესიუჟეტი არც რამით უარესი იყო სხვა მრავალზე და არც რამით განსაკუთრებულად გამორჩეული. ყოველდღე ათეულობით მსგავსი სიუჟეტი შეიძლება ვნახოთ ქართულ ტელესივრცეში. თითქოს არის გამოსავალი: არ ვუყუროთ და მორჩა! კი, მეც ასე მოვიქცეოდი, ნებისმიერი სხვა პროფესია რომ ამერჩია თავის დროზე, მაგრამ რა ვუთხრა ჩემს სტუდენტებს, ვისაც ჟურნალისტიკა მინდა შევასწავლო, ისინი კი ყოველდღე იმას უყურებენ ტელეეკრანზე, რასაც უყურებენ?

 

რას უყურებენ და, აი, მაგალითად, ამას.

სიუჟეტის ანონსი: „ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი! სისხლიანი გარჩევა აბასთუმანში! სამართალდამცველები სანადირო თოფით შეიარაღებულ პირს ეძებენ!“

ტიტრი: „სისხლიანი გარჩევა აბასთუმანში“.

მუსიკალური ფონი: ჰიჩკოკის ფილმების საკადრისი.

ახალი ამბების სტუდიაში – წამყვანი:

„გამარჯობა! მე ვარ ჟურნალისტი ესა-და-ეს. აბასთუმანში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ადგილზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა, რა დროსაც ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანადირო თოფით მოხდა. დაჭრილ 45 წლის მამაკაცს ახალციხის ჰოსპიტალში ექიმებმა პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს. პოლიცია მობილიზებულია კლინიკასთანაც. რაც შეეხება მოკლულს, არსებული ინფორმაციით, ის აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. რა მოხდა აბასთუმანში და რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ ახალგაზრდა კაცი, ადგილზე უკვე მუშაობს ესა-და-ეს და მეტ დეტალს სწორედ მისგან გავიგებთ“.

 

ვერაფერს იტყვი, მართლა სამწუხარო ამბავია და თითიდან გამოწოვილი თავად ფაქტში ამჯერად არაფერი არ არის. მაყურებელს ალბათ მართლა აინტერესებს „მეტი დეტალი“. მოდით, ახლა არ გადავრთოთ, სტუდიიდან გავიდეთ და ვნახოთ, რა „მეტ დეტალს“ გავიგებთ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტისგან.

ფიცხელ ბრძოლაში მიმავალი მებრძოლივით შემართული მიკროფონიანი ყმაწვილი ჯერ წამყვანის ნათქვამს თითქმის სიტყვა-სიტყვით გვიმეორებს და მერე იმ „მეტი დეტალის“ მოპოვებას ჩვენი დროის და ნერვების ხარჯზე ცდილობს:

 

...„სისხლიანი დაპირისპირება კურცხანას ხეობაში რამდენიმე წუთის წინ მოხდა“...

მოიცა, მოიცა! რამდენია მაინც ეს „რამდენიმე წუთი“? ტელევიზია წინასწარ გააფრთხილეს, რომ ამა და ამ დროს აქა და აქ სისხლიანი დაპირისპირება მოხდებოდა? და რეპორტიორიც ადგილზე დახვდა „სისხლიან დაპირისპირებას“? და ეს ყველაფერი ზუსტად, წუთი-წუთში დაემთხვა სატელევიზიო ახალ ამბებს?

 

ერთი სიტყვით,

...„დიახ, სისხლიანი დაპირისპირება კურცხანას ხეობაში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშები დაუპირისპირდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ამ დაპირისპირებას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. დაპირისპირების შემდეგ კი მოკლულია 40 წლამდე მამაკაცი. ის ამ დროისათვის აბასთუმნის ფილტვის ცენტრში არის გადასვენებული ექსპერტიზისათვის. სწორედ ჩემს ზურგს უკან მაყურებელი ხედავს აბასთუმნის ფილტვის ცენტრს, სადაც აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აქ იმყოფებიან მოკლულის ახლობლები, თუმცა მეტ დეტალზე ისინი ჩვენთან საუბრისგან თავს იკავებენ. რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ის პოლიციას აქვს გადაკეტილი და დაახლოებით 2 კილომეტრის რადიუსზე ჟურნალისტებს არ გვიშვებენ“.

 

სანამ პოლიციელთა ამ ქმედებით აღშფოთებული რეპორტიორი ჯიქურ მიეჭრება ერთ-ერთ პოლიციელს თავისი ჩამჭრელი შეკითხვით, მანამდე უნდა ვთქვა, რომ თუმცა აქამდე საკმაო დრო და ენერგია დახარჯა, ვერაფერი „მეტი დეტალი“ ვერ გაიგო და, ბუნებრივია, ვერც ჩვენ გაგვაგებინა.

წარმოიდგინეთ, მოკლულის ახლობლებმაც კი თავი შეიკავეს მასთან „მეტ დეტალებზე“ საუბრისგან! მე მინდა აქ მის ნაცვლადაც მივუსამძიმრო აბასთუმანში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მსხვერპლის ჭირისუფლებს და მათი სახით ბოდიში მოვუხადო ყველა ჭირისუფალს, რომლებსაც უტიფარი მიკროფონიანი და კამერიანი გოგო-ბიჭები სახლებში უვარდებიან ხოლმე თავიანთი მძაფრი სიუჟეტების კიდევ უფრო გასამძაფრებლად.

ჰოდა, რაკი მოკლულის ახლობლებმა მასთან „მეტ დეტალებზე“ საუბრისაგან თავი შეიკავეს, ეს ჩვენი მიკროფონიანი ყმაწვილი შემთხვევის ადგილიდან ორ კილომეტრზე მდგარ პოლიციელს ეძგერა:

– რატომ გაქვთ პერიმეტრი გადაკეტილი?

– მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, – კარგად დასწავლილი სტანდარტული ფრაზით უპასუხა პოლიციელმა, – ამ დროისათვის ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ცოტა მოგვიანებით გაკეთდება კომენტარები.

– რა მოხდა? რატომ მიდის საგამოძიებო მოქმედებები? – კითხვა მოუნაცვლა ამან, მაგრამ პოლიციელი შეუვალია და მოქმედებს ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც არცერთი მიკროფონიანი ყმაწვილისთვის უცნობი არ უნდა იყოს:

– აგიხსენით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები... კომენტარს ვერ გავაკეთებთ...

– რა მოხდა? რისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს? – არ ეშვება ეს.

– ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგცემთ!

– ერთი გარდაცვლილია? – მიკროფონიანი ყმაწვილი ყრუ ნამდვილად არ არის, მაგრამ ვითომც ყველა მანამდელ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო, ახლა კონკრეტიზაციას ცდილობს და პასუხსაც თავადვე კარნახობს, აბა ისე ინტერვიუ ხომ ვერ შედგება!

– არ ვიცი, რა ხდება! არ ვიცი! ვერ გეტყვით! ინფორმაციას ვერ მოგცემთ!

მიკროფონიანი ყმაწვილი ახლა მეორე პოლიციელთან დგას და ისიც განუხრელად იცავს ინსტრუქციას:

– გამოძიება მიმდინარეობს. დანარჩენს იტყვის გამოძიება თვითონ.

– გარდაცვლილი რამდენია? – თავისას აწვება ბეჯითი ტელეჟურნალისტი.

– არ ვიცი, ვერ გეტყვით. არ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია.

– მუშებს შორის მოხდა დაპირისპირება? – ამასაც კარნახობს პასუხს, იქნებ  ეს ცალმხრივი კითხვები რაღაცნაირად ინტერვიუს დაემსგავსოს.

– ვერ გეტყვით, ინფორმაცია არ მაქვს! ვერ მოგახსენებთ! ამასთან დაკავშირებით არ ვარ ინფორმირებული! – პოლიციელი აშკარად უფრო ადეკვატურია და უფრო თავაზიანი.

მაგრამ რა უნდა ელაპარაკო პოლიციელებს! დგანან და იცავენ ინსტრუქციას, უფუჭებენ ჟურნალისტებს კარგ სიუჟეტებს. იქნებ სხვასთან გამოგვივიდეს რამე? აი, ამასაც ინსტრუქცია ხომ არ ექნება? კადრში  ახალგაზრდა მამაკაცი დგას, როგორ ჩანს, კლინიკის თანამშრომელი.

– თქვენთან შემოიყვანეს ხომ გარდაცვალებული?

– არ ვიცი! მე ახლა მოვედი, ამ წუთში.

– რა მოხდა? – ისე ეკითხება, თითქოს თანამოსაუბრემ რაიმეთი აგრძნობინა, რომ „მეტი დეტალი“ იცოდა.

– ვერ გეტყვით! ვერაფერს ვერ გეტყვით! არ ვიცი! რაც არ ვიცი, რა უნდა გითხრათ?! – მეტი როგორ უნდა გაგრძნობინოს ადამიანმა, მომწყდი თავიდანო?! ეს კი თავისას მიერეკება:

– ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი?

– არ ვი–ცი! არ ვი–ცი! – „რესპოდენტმა“ ისე დაუმარცვლა ეს თავისი „არ-ვი-ცი“, რომ ამ სიტყვების მიღმა სხვა სიტყვებიც იკითხებოდა.

ეტყობა, ესეც მიხვდა, რომ მისი შემდგომი კითხვა იმ ჯერჯერობით უთქმელ სიტყვებსაც ათქმევინებდა ამის თავხედობით აღშფოთებულ „თანამოსაუბრეს“ და გაეცალა.

სამი „რესპონდენტი“ უკვე გამოკითხულია, რასაც, მაყურებელს თავი დავანებოთ, ძვირფასი სატელევიზიო დრო შეეწირა, და ჯერჯერობით არსად ჩანს შეპირებული „მეტი დეტალი“. გვესმის ერთი და იგივე: „არ ვიცი“. „ვერ გეტყვით“. „ახლა მოვედი“. „არ მაქვს ინფორმაცია“.

თუმცა იქნებ აი, ამან გვითხრას რაიმე „მეტი დეტალი“? – მიკროფონიანი ყმაწვილი უკან მისდევს ვიღაცას, ვისიც მხოლოდ კეფა და ზურგი ჩანს:

– მიზეზებზე რაზე საუბრობენ, რა მოხდაო?

– არ ვიცი! – ამბობს კეფა. ან ზურგი.

– არ იცით? – მახვილგონივრულ კითხვას უსვამს მდევარი.

– არ ვიცი, არა!!! – ეს ნამდვილად ზურგია! კეფა ასე დაბეჯითებით ვერ იტყოდა და ვერ იგულისხმებდა, შენ ბიჭო, ყრუ ხომ არა ხარო?!

საქმესთან დაკავშირებული „მეტი დეტალი“ ისევ არ ჩანს, სამაგიეროდ, ჩნდება და ჩნდება მიკროფონიანი ყმაწვილის არაპროფესიონალიზმთან დაკავშირებული მეტი და მეტი დეტალი.

აი, გზა გადაუჭრა თეთრხალათიან ქალს, რომელიც წუთითაც არ ჩერდება, სადღაც მიიჩქარის. ეს კი კითხვას ესვრის:

– მკვლელობა მოხდაო იქო?

– არ ვიცი! ეხლა მოვედი! მე არ ვიყავი სმენაში. ეხლა მოვედი... ამაღამ...

– რაც გაიგეთ, ის მითხარით! რა გაიგეთ?

– არაფერი არ გამიგია!

ესეც ასე! მეტი რა ქნას ერთმა რეპორტიორმა! სიუჟეტისთვის ხუთი მინი-ინტერვიუ ჩაიწერა! გაიხვითქა კაცი! ამდენი კითხვა დასვა. მერე რა, რომ „მეტი დეტალი“ კი არა, „არ ვიცის“ და „თავიდან მომწყდის“ გარდა არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიუღია! მძაფრი სიუჟეტი ხომ მოამზადა!

ერთი მოკლული! ერთი დაჭრილი! სისხლიანი გარჩევა აბასთუმანში! სამართალდამცველები სანადირო თოფით შეიარაღებულ პირს ეძებენ. მეტი რა გინდათ?!

მეტი რა გვინდა და, რაკი სხვა ყველაფერი დეტალებში გავარკვიეთ და სადაცაა  სამართალდამცველთა დახმარების გარეშე საქმისთვის თავდადებული ტელეჟურნალისტები სანადირო თოფით შეიარაღებულ პირსაც გამოაჭენებენ ეკრანზე, დაჭრილის ამბავიც ხომ გვაინტერესებს?

ჰოდა, აჰა ესეც:

„რაც შეეხება დაჭრილს, 45 წლამდე მამაკაცი ახალციხის კლინიკაში გადაიყვანეს. მას პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია. ექიმის ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ხელის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“.

და რომელი დროისთვის ემუქრებოდა მის სიცოცხლეს საფრთხე, თუ „ამ დროისთვის“ აღარ ემუქრება? არასოდეს არ ემუქრებოდა. უბრალოდ, ასე უფრო მძაფრდება სიუჟეტი – „საფრთხე აღარ ემუქრება“! ალბათ რეპორტიორმა და ტელევიზიამ იმუშავეს კარგად და იმიტომაც აღარ ემუქრება მის სიცოცხლეს საფრთხე!

აი, რას ამბობს ექიმი, რომელიც ერთადერთია ამ სიუჟეტში, რომელმაც ჩვენი მიკროფონიანი ყმაწვილის კითხვებს „არვიციზე“ მეტი პასუხი გასცა.

 

„112-ის მიერ მოყვანილია პაციენტი კლინიკაში. აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის და მხრის არეში. ჭრილობა არის შემავალი და გამჭოლი. შედის მარცხენა იდაყვის არეში და გამოდის მხრის სახსრის არეში. რენტგენოგრაფიით ძვლის დაზიანება არ ვლინდება. ჩაუტარდა ქირურგიული მომსახურება. ამჟამად პაციენტი იმყოფება მიმღებ განყოფილებაში. დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. მალე გავწერთ ამბულატორიულ მკურნალობაზე“.

 

რაო?! რაო?! მარჯვენა ხელშია დაჭრილი, მაგრამ ჭრილობა მარცხენა იდაყვის არეში შედისო?! რა თქმა უნდა, შეეშალა ექიმს, იბნევიან ხოლმე კამერის წინ. მაგრამ თუ ჟურნალისტი უშვებს შეცდომებს, რა მოხდა, რომ ექიმსაც რამე შეეშალოს?

აქ „მეტი დეტალის“ მაძიებელ ამ ჩვენს მიკროფონიან ყმაწვილს ექიმმა ბრწყინვალე შესაძლებლობა მისცა, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩემი ერთგვარი კეთილგანწყობაც დაემსახურებინა და ტელემაყურებლისთვის ისიც ეჩვენებინა, რომ რიტორიკული და უთავბოლო კითხვების დასმის გარდა პასუხების მოსმენაც შეუძლია. ამისთვის საკმარისი იქნებოდა, უბრალოდ დაეზუსტებინა „მეტი დეტალი“ და ექიმისთვის ეკითხა:

– როგორ ბრძანეთ, ბატონო, რომელ ხელშია 112-ის მიერ მოყვანილი პაციენტი დაჭრილი და რომელ ხელზე ჩაუტარდა მას „ქირურგიული მომსახურება“ – მარცხენაზე და მარჯვენაზე?

და ამ კითხვის შემდეგ ის სინქრონი იქნებ სულაც თავიდან ჩაეწერა?

მაგრამ მას რომ ეს გაეკეთებინა და რომ კითხვები წესიერად დაესვა ან საერთოდ არ დაესვა, მე რაღა უნდა დამეწერა? ჰოდა, ჩემზეც იფიქრა, ეტყობა. მას რომ თუნდაც იმდენი დრო დაეხარჯა იმის შესასწავლად, თუ როგორ მზადდება ტელესიუჟეტი და როგორ უნდა დასვას კითხვები, რამდენიც მე მისი ამ ერთი სიუჟეტის განხილვას მოვანდომე, სათქმელი და გასაკრიტიკებელი ალბათ მართლა აღარაფერი დამრჩებოდა. ახლა კი, იმდენი დაგროვდა სათქმელი, რომ ფეისბუქის ფორმატს კარგა გვარიანად გადავაჭარბე, რის გამოც ბოდიშს ვუხდი ჩემს ფეისბუქელ მეგობრებს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს ტექსტი თუნდაც აქამდე ჩაიკითხა.

ბოლოს კი – საკონტროლო გასროლა: კიდევ ერთხელ გვეუბნება ყველაფერს, რაც უკვე გვითხრა ახალი ამბების წამყვანმა, რაც თავადაც გაიმეორა სიუჟეტის დასაწყისში და რასაც ერთი „მეტი დეტალიც“ კი ვერ შემატა ხუთწუთიანი სიუჟეტის განმავლობაში.

„იქ, სადაც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, როგორც უკვე გითხარით, სამართალდამცველები არიან მობილიზებული და გადაკეტილი აქვთ პერიმეტრი. ასევე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, იქ, სადაც გადმოიყვანეს უკვე მოკლული მამაკაცი და მას სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს“.

აბასთუმანში მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო კი იძიებს, მაგრამ საინტერესოა, ამ ტელესიუჟეტში მომხდარს ვინ გამოიძიებს? და რას დაადგენს გამოძიება? და რა კომენტარს გააკეთებს? და როდის? დავინ ჩაატარებს ექსპერტიზას? და როგორი იქნება დიაგნოზი? ან პროგნოზი? და ამბულატორიული მკურნალობა იქნება საკმარისი თუ გადაუდებელი თერაპია ან „ქირურგიული მომსახურება“ გახდება საჭირო?

და საერთოდ, გვეშველება რამე?

 

პაატა ნაცვლიშვილი

 

23 აპრილი, 2021

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner