„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ კვირაში ერთხელ მაინც, რაიმე გრანდიოზული სიუჟეტი მიუძღვნან მას. მათ შორის ყველაზე მეტად, ტელეკომპანია „პირველი“, ნოდარ მელაძის გადაცემა გამოირჩევა“ – ამბობს სიუჟეტის ავტორი.
„ჯერ იყო და ვერაფრით მოინელეს ის უდიდესი საქველმოქმედო აქტი, რომელიც ივანიშვილის მილიარდიანი ქონების გადაცემას გულისხმობს. ყველაფერში შეთქმულების თეორიებს ეძებდნენ. ისინი მიჩვეულები არიან ქველმოქმედებას გლეჯვა და შენებას ნგრევა უწოდონ. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება უაღრესად მასშტაბურია, ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები მაინც ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ მას. ეს კოლექტივი მუდმივად ცდილობს ეშმაკურად გაგვაცუროს და მძაფრი მუსიკით თუ გრაფიკული ეფექტებით, ყველასთვის კარგად ნაცნობი და საჯაროდ გამოქვეყნებული ამბები, საკუთარი მძიმე შრომის, უძილო ღამეების შედეგად გამოძიებულ კომპრომატებად შემოგვასაღოს. მათდა სამწუხაროდ არაფერი გამოსდით. ეს ადამიანები ცდილობენ თავი ნამდვილ გამომძიებლებად მოგვაჩვენონ და რთულად გასაგები წინადადებებით, ძალიან მარტივი რაღაცები ახსნან“ – ნათქვამია სიუჟეტში.
POSTV-ის რეპორტაჟში მოყვანილია ტვ პირველის სიუჟეტის ფრაგმენტი, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესები ლუქსემბურგული კომპანიის ფრთის ქვეშ არის გაერთიანებული, ისე რომ მისი სახელი და გვარი პირდაპირ არსად ჩანდეს.
„არადა არც არაფერია დამალული. თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ღიად და საჯაროდ დააფუძნა. 7 წლის მანძილზე, ფონდის მიერ გაკეთდა არაერთი მასშტაბური პროექტი. ამ ფონდის აქციონერი ყოველთვის იყო ბიძინა ივანიშვილი. ანუ ე.წ გამომძიებლებმა კი არ იპოვეს ან გამოიძიეს რაიმე გადამალული, უბრალოდ ამას არც არავინ მალავს. საქმე იმ აბსურდამდეც კი მივიდა, რომ მელაძემ საკუთარ რეპორტაჟშივე თქვა, რომ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელები არ მალავენ და უდასტურებენ იმას რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილია ფონდის ინვესტორიო. გაუგებარია რაზეა აქ გათვლა. საკუთარი მაყურებელი იმდენად ჩლუნგი ჰგონიათ, რომ ავის მომასწავებელი ხმის სიტყვების რახარუხით დაუბნელებენ გონებას? ან ეს ჩამალული ქონება რაღას ნიშნავს? ანუ სიტყვა გადამალულის სიმძაფრე არ ეყოთ და სრულიად საჯაროდ რეგისტრირებულ აქტივებზე ჩამალული იმიტომ დაწერეს, რომ ვიღაცებს განცდა შეექმნათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქონებას მიწაში მარხავს? – ამბობს რეპორტაჟის ავტორი.
მისივე თქმით, ე.წ გამომძიებლებს შეიძლება დაავიწყდათ, თუმცა იმ პროექტების უმეტესობა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაეცა საჩუქრად, სწორედ თანაინვესტირების ფონდს ეკუთვნოდა. ანუ თუ აქამდე ამ ქონებაზე უამრავი სიუჟეტი გაქვს გაკეთებული, ის მაინც ხომ უნდა გახსოვდეს, რომ ეს ქონება ზუსტად თანაინვესტირების ფონდიდან არის გადაცემული ფონდ ქართუსთვის.
„ვთქვათ დაავიწყდათ, მაგრამ ტელევიზიაში ხომ იქნება ვინმე ისეთი ადამიანი ვინც იცის გუგლი, სერჩი და ორი ღერი ინგლისური. საქმე იმაშია, რომ მათ უბრალოდ არ უნდოდათ სიმართლის თქმა და არჩიეს ეთქვათ, რომ თავად გამოიძიეს, იწვალეს და თქვენამდე მოიტანეს უახლესი სკანდალური ახალი საიდუმლო, რომ თანაინვესტირების ფონდი ბიძინა ივანიშვილმა გადამალა, იქ მოგებიანი პროექტები ჩამალა და საქველმოქმედო ფონდს წამგებიანი პროექტები გადასცა. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ამ ტელეკომპანიისთვის: სასტუმრო პარაგრაფი, ბანკი ქართუ, თაბორი რიზორთსი და კიდევ სხვა უამრავი პროექტი არის წამგებიანი , მაგრამ თანაინვესტირების ფონდში არსებული, მაგალითად სასათბურე მეურნეობა „პლანტა“ არის ზე-მომგებიანი. სწორედ „პლანტას“ ეძღვნება ტვ პირველის სიუჟეტის უდიდესი ნაწილი. ნოდარ მელაძე გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილის სასათბურე მეურნეობა, რომელიც 35 ჰა-ზეა გაშენებული, რუსეთის აგრობაზრის მთავარი მომმარაგებელია.
აღნიშნული ვითომ ფაქტი, რა თქმა უნდა, უტიფარი ტყუილია. სინამდვილეში, კომპანია „პლანტა“ არის ქართული კომპანია, რომელიც ამარაგებს ქართულ ბაზარს. ალბათ ყველას შეგვხვედრია ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტსა თუ უბრალოდ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში კომპანია „პლანტას“ ბოსტნეული. წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 11% გადის ექსპორტზე, მეზობელ ქვეყნებში და მათ შორის რუსეთშიც. გარდა ამისა კიდევ ერთხელ შევხედოთ რამხელაა „პლანტა“, ახლა შეხედეთ რამხელაა რუსეთის ფედერაცია, სადაც 150 მილიონი ცხოვრობს. „პლანტა“ რომ რუსეთის მთავარი მომმარაგებელი იყოს ხილ-ბოსტნით, მაშინ მას უნდა ჰქონდეს საქართველოს მთელი ტერიტორია სათბურებად ათვისებული და კიდევ მეზობელ ქვეყნებშიც უნდა ჰქონდეს მიწები ნაქირავები. უბრალოდ ისე მოუნდათ სიტყვა რუსეთის ჩაჩხერვა, რომ ვერც კი გაიაზრეს რა მასშტაბის სიგიჟეს ამბობდნენ,“ – ნათქვამია სიუჟეტში.
ავტორის თქმით, ტვ პირველის ამ სიუჟეტში კიდევ ერთი ბრალდებაა, თითქოს ივანიშვილმა „პლანტას“ სათბურების ასაშენებლად მიწა მოსახლეობას წაართვა. ადამიანი, რომელსაც ქველმოქმედების შემდეგი წესი აქვს, ყიდულობს სახელმწიფოსგან თუ კერძო პირებისგან მიწის ნაკვეთს, აშენებს რაიმე მსხვილ ობიექტს, მაგალითად ციცინათელას ან ბლექსი არენას და თავის მიწიანად აჩუქებს სახელმწიფოს, ეს ადამიანი თურმე 35 ჰა-ს ართმევს მოსახლეობას.
მოქალაქე, რომელიც მათ თავიანთი წართმევის ცრუ ფაქტის დასადასტურებლად ჩაწერეს, რამდენიმე დღის წინ POSTV-ს დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია პირველმა მისი ინტერვიუ დაამახინჯა და ის რაც ავთანდილ ჯანხოთელის სახელით მოჰყვნენ სიმართლეს არ შეესაბამება.
„ტვ პირველის სიუჟეტში ითქვა, თითქოს ივანიშვილის ხალხმა 90 ჰექტარი წამართვა, რაც სრული სიცრუე და აბსურდია. ტერიტორია თავიანთ ხარჯზე შეისყიდეს და გადმოგვეცა სოფელს, ნაწილს თვითონ აწარმოებს, ინვესტიცია აქვს ჩადებული. მიწებზე არის სათბურებია განლაგებული და დღეს იქ დასაქმებულია სოფლის მოსახლეობის 90 %“ – ამბობს ავთანდილ ჯანხოთელი.
POSTV-ის სიუჟეტის თანახმად, გარდაბანში, ის ტერიტორია, სადაც ახლა „პლანტას“ სათბურებია აშენებული, სახელმწიფოს ეკუთვნოდა. საუბარია 35 ჰა-ზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთებს მოსახლეობა საქონლის საძოვრებად იყენებდა. ფონდმა გამოისყიდა ეს მიწები სახელმწიფოსგან და იმ მიზნით, რომ მოსახლეობისთვის ზარალი არ დამდგარიყო, ხალხს შეაქმნევინა კოოპერატივი, რომელსაც კეთილი ნების საფუძველზე ჩაერიცხა 44 ჰა ტერიტორიის საბაზრო ღირებულება. მოსახლეობამ ამ ფულით მართლაც შეიძინა ეს ფართი, რომელსაც იყენებს. ზემოაღნიშნულ 35ჰა-ზე კი აშენდა „პლანტას“ სათბურები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის 90%ია დასაქმებული.
„ამ სიუჟეტში კიდევ არაერთი სულელური ბრალდებაა. მაგალითად სამეგრელოში თხილის პლანტაციები, რომელიც როგორც თავად ამბობენ, კოლხეთის ეროვნულ ნაკრძალშია გაშენებული, თუმცა შემდეგ იქვე სიუჟეტშია დაკონკრეტებული რომ არა ნაკრძალში, არამედ ნაკვეთები უბრალოდ ნაკრძალთან ახლოს არის და მათი იქ განლაგებით არანაირი კანონი არ ირღვევა. მოკლედ ამ რეპორტაჟში, ისევე როგორც სხვა დანარჩენებში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ეხება ხოლმე ახალს ვერაფერს გვიყვებიან. ძირითადად ძველი ამბებია ტყუილებით შეფუთული და და ვითომ ახლებურად გადმოცემული.
ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი საქართველოში არ შეუქმნია, თუმცა საზღვარგარეთ ნაშოვნ ფულს ყოველთვის აქ ხარჯავდა და საქველმოქმედო და არც თუ ისე კომერციულ პროექტებს ახორციელებდა. მაგალითად, როდესაც ის ძალიან დიდ თანხას დებდა ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, ეს არ იყო პირდაპირი გაგებით ბიზნესი. რადგან მაგალითად სასტუმრო „პარაგრაფში“ ჩადებულ ინვესტიციას, ბიზნესის კანონებით დიდხანს ვერ ამოიღებდა. ეს ერთგვარი ქველმოქმედებაც იყო , რადგან მსგავსი გიგანტური პროექტები, ადგილობრივ ეკონომიკურ სისტემას უდიდეს სტიმულს აძლევდა და აძლევს,“ – ნათქვამია POSTV-ის სიუჟეტში.