ყარსის კონფერენციის შემდეგ
ლონდონი, 1947 წლის ოქტომბერი. ნისლიანი ალბიონის დედაქალაქში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სესია მიმდინარეობს. სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია... მოულოდნელად სესიაზე საქართველოს ტერიტორიების საკითხი წამოიჭრა... კამათი მწვავდება... ემოციები ზღვარს გადასცილდა....
რაშია საქმე? რამ გამოიწვია ასეთი დიდი ვნებათაღელვა? რატომ დაისვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს საზღვრებისა და ტერიტორიების საკითხი? რატომ დავობდნენ სესიაზე ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დიპლომატიის ისტორიას უნდა გადავხედოთ. მაშ ასე, რა მოხდა ყარსის კონფერენციის შემდეგ....
ორად გაყოფილი აჭარა
მოსკოვისა და ყარსის მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ, თვალსაჩინო რუსი ბოლშევიკი ლეონიდ კრასინი, ხედავდა რა, როგორც რუსეთ-თურქეთის, ასევე საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელშეკრულებათა ნაკლოვანებას, მიმართავს რსფსრ მთავრობის (სახკომსაბჭოს) თავმჯდომარეს ვლადიმერ ლენინს, რომ „ჩვენს მიერ ამას წინათ დადებული ხელშეკრულებით თურქეთს გადაეცა მდ.ჭოროხის აუზი, სადაც არსებობს სპილენძის უმდიდრესი საბადოები და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სპილენძსადნობი ქარხნები (განვმარტავთ, რომ 1920 წლის ბოლოს ამ ქარხნების რეკონსტრუქცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ განახორციელა იმპორტული დანადგარებით). სამწუხაროდ, ხელშეკრულებების ხელმოწერისას ჩვენი მხრიდან არ ყოფილა რაიმე მცდელობა, რათა უზრუნველგვეყო ამ ქარხნებისა და საბადოების იჯარით აღება მაინც. ვფიქრობ, ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს... ჩვენ დიდ მატერიალურ დახმარებას ვუწევთ თურქებს და სამართლიანი იქნება კომპენსაციის სახით საბადოების დამუშავების უფლება მაინც მივიღოთ"...
„გვიანღა იყო თითზე კბენანი... თურქები ჯერ ყოყმანობდნენ, შემდეგ კი უარი თქვეს რუსეთის წინადადებაზე. არადა, დღეს მურღულის სპილენძსადნობი ქარხანა რამდენიმე ათას ტონა სპილენძს ადნობს წელიწადში...
ახლა ვნახოთ, როგორ შეხვდა აჭარის საზოგადოება ბათუმის ოლქის ორად გაყოფის ფაქტს. ამ მიზნით მოვიხმოთ ერთ-ერთი იმდროინდელი საიდუმლო დოკუმენტი, რომელსაც 1922 წლის 22 ნოემბერს ბათუმიდან რუსეთის კონსული კონსტანტინ იუსტი უგზავნის გიორგი ჩიჩერინს, ლევ კარახანსა და „ნარკომინდელის" სხვა ხელმძღვანელებს:
„სრულიად საიდუმლოდ.მოხსენება ერთ ეგზემპლარად. მიმდინარე მომენტი აჭარისტანში
...უპირველეს ყოვლისა საკითხი საზღვრების შესახებ. აჭარის ინტელიგენცია, მათ რიცხვიდანაც კი, რომლებიც საბჭოთა პლატფორმაზე დარჩნენ, ამტკიცებენ, რომ მოსკოვის ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულების დადებისას თურქმა დიპლომატებმა გააცურეს „ჩვენები, უმთავრესად იმ პუნქტში, სადაც მოცემულია საზღვარი საბჭოთა და თურქულ აჭარას (ართვინის ოლქი) შორის. მათი მიზანი იყო შეექმნათ საბჭოთა აჭარის კოლოსალური ეკონომიკური მიზიდვა თურქული აჭარისაკენ და ამ მიზანს თურქებმა ბრწყინვალედ მიაღწიეს.
თურქეთის აჭარა ძლიერ მიისწრაფის ბათუმისაკენ, როგორც საექსპორტო და საიმპორტო პუნქტისაკენ, მაგრამ ბათუმისა და საბჭოთა აჭარის მიზიდვა ართვინისა და არტაანისაკენ უფრო მეტად ძლიერია... ართვინი და არტაანი ბათუმისა და საბჭოთა აჭარის მთავარი ეკონომიკური ბაზაა, რომლის გარეშეც მათ ცხოვრება უჭირთ. ართვინი და არტაანი - ეს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ბეღელია.. წინათ ყველა პროდუქტს ბათუმი აქედან ღებულობდა, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებამ კი დაარღვია ეს მტკიცე ეკონომიკური ძაფები... ხშირად აჭარლები სინანულით იგონებენ მეფისა და ქართველი მენშევიკების დროსაც კი, რადგან მაშინ ართვინსა და არტაანში მისვლა ადვილი იყო. ახლა კი აჭარის ეკონომიკა გახლეჩილია ორ ნაწილად და ამ ორი ნაწილიდან ცხოვრება ყველაზე მეტად საბჭოთა აჭარას უჭირს. თურქმა „მავრმა" გააკეთა ეს „გენიალური" საქმე, მაგრამ იგი არ დაკმაყოფილდა ამით და არ წასულა, თურქებმა ჩაიდინეს კიდევ ერთი დიდი ბოროტება ბათუმის მიმართ. ეს ბოროტება გამოიხატება სოფელ აჭარისწყალთან 5 კმ-ის მოშორებით საზღვრის გაყვანაში... აქ თურქების მიერ მოწყობილი საბაჟო ყველაფერს ართმევს გლეხებს, როგორც კონტრაბანდას და ახდევინებს ჯარიმებს... ამის შედეგად გლეხები ბოროტდებიან და ძველი მენშევიკების დროს კვლავ სინანულით იხსენებენ. არადა, საბაჟოს გაუქმება არ შეიძლება, რადგან ეს მოიფიქრეს თურქებმა მოსკოვის ამ ჩვენს საუბედურო მეგობრობისა და ცბიერული ძმობის ხელშეკრულებაში".
ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საკმაოდ კრიტიკული მოხსენების ავტორია ცნობილი საბჭოთა დიპლომატი კონსტანტინ იუსტი! უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს წერილი გახდა მიზეზი ლევ კარახანის პირადი მიმართვისა იოსებ სტალინისადმი, რომელსაც აცნობებდა აჭარის ხელოვნურად გახლეჩვის გამო შექმნილ სიძნელეებს.
გარდა ამისა, რუსეთის მთავრობისათვის ცნობილი გახდა ბათუმში დაარსებული თურქეთის გენერალური საკონსულოს მუშაკების მიერ წარმოებული პროპაგანდა ადგილობრივ მუსლიმანებს შორის, აჭარის მთლიანად ხელში ჩაგდების მიზნით. არქივში დაცულია შესაბამისი დოკუმენტებიც, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (გეპეუ) უფროსის მოადგილის იოსებ უნშლიხტის მოხსენებითი ბარათი:
„რსფსრს რულიად საიდუმლოდ. ინფორმაციის განყოფილება.
საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილეს ამხ. კარახანს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო 24 მარტი 1923 წ.
ამიერკავკასიის ჩეკადან მიღებული მასალების საფუძველზე ვახდენთ კონსტატირებას, რომ თურქეთის კონსული ბათუმში იბრაჰიმ ტალი-ბეი ეწევა დიდ პოლიტიკურ და სადაზვერვო მუშაობას, ჩვენს წინააღმდეგ მომართულს...
გასული წლის 30 ოქტომბერს იბრაჰიმ ტალი-ბეი ართვინს ესტუმრა. მან მონაწილეობა მიიღო ართვინის ადმინისტრაციისა და თურქეთის მომხრე გავლენიანი აჭარლების ერთობლივ თათბირზე. განიხილებოდა ზემო და ქვემო აჭარის გაერთიანების საკითხი, პლებისციტის მოწყობა - ვის პროტექტორატის ქვეშ იქნებოდა გაერთიანებული ავტონომიური აჭარისტანი. იბრაჰიმ-ტალი-ბეიმ განაცხადა, რომ საბჭოთა აჭარის მოსახლეობის ნახევარის ხმა უკვე უზრუნველყოფილია თურქეთის სასარგებლოდ..."
ბუნებრივია, რომ თურქი კონსულის მოქმედებას ოფიციალური თუ არა, ფარული მხარდაჭერა მაინც ექნებოდა ანკარიდან. ასე რომ, ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმდროინდელი თურქეთის არცთუ მთლად კეთილმეზობლურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მიუხედავად უკვე რატიფიცირებული ყარსის ხელშეკრულებისა.
რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტების გამომზეურება სულაც არ ნიშნავს თურქეთის 1921-1923 წლების საგარეო პოლიტიკისადმი რაიმე ჩრდილის მიყენებას. ისინი მხოლოდ აფიქსირებენ და ნათლად გვიჩვენებენ იმ მძიმე მდგომარეობას, როგორშიც აღმოჩნდა აჭარა რუსი და ქართველი ბოლშევიკების არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის წყალობით.
მიუხედავად იმისა, რომ ნათელი იყო საზღვრების ასე უსამართლოდ დადგენა საქართველოსთვის, ბუნებრივია, საქმეს აღარაფერი ეშველებოდა. 1923 წელს დაიწყო საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვრის დემარკაციის პროცესი ორმხრივი შერეული კომისიის მიერ, რომელიც დასრულდა 1926 წლის 8 სექტემბერს თბილისში ხელმოწერილი გენერალური ოქმით. ამ დოკუმენტით პრაქტიკულად დაფიქსირდა სოფელ სარფის ორად გაყოფაც.
1925 წლის 17 დეკემბერს მოსკოვსა და ანკარას შორის დაიდო ნეიტრალიტეტისა და მეგობრობის შეთანხმება, რომლის თანახმად, მესამე სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში საბჭოთა კავშირი და თურქეთი შეინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს და მონაწილეობას არ მიიღებდნენ რაიმე მტრულ აქტში ერთმანეთის მიმართ. მანამდე კი, ლოზანის კონფერენციაზე, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა თურქეთი იურიდიულად აღიარეს „ეროვნული პაქტით" დეკლარირებულ საზღვრებში.
ამ პერიოდში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლებას ითქვას: საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში, რომლებიც რთულად და არაერთგვაროვნად მიმდინარეობდა, საბჭოთა რუსეთის ფაქტორმა და მისმა ჩარევამ ძალზე უარყოფითი შედეგები გამოიღო და უდიდესი საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებმა თურქეთს საშუალება მისცა გარკვეული გავლენა მოეხდინა აჭარაზე, მისთვის სასურველ ხელსაყრელ მომენტში.
ლაზისტანი მოსკოვის გეგმებში
გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს, პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ათათურქის სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობებში „გაცივების" სიმპტომები გაჩნდა: ანკარამ გეზი დასავლეთთან ინტეგრაციაზე აიღო, დაიდო ურთიერთდახმარების შეთანხმება ინგლისთან და საფრანგეთთან. ამასთან თურქეთი იძულებული იყო დიპლომატიურად „ეთამაშა" ფაშისტურ გერმანიასთანაც და ანგარიში გაეწია მესამე რაიხის ინტერესებისთვის. სწორედ ამიტომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე ოთხი დღით ადრე ხელი მოეწერა თურქეთ-გერმანიის მეგობრობისა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას. აქვე შევნიშნავთ, რომ მეორე მსოფლიო ომში თურქეთმა მართალია ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, მაგრამ სინამდვილეში გერმანიას სამხედრო მრეწველობისა და ვერმახტისათვის საჭირო სტრატეგიული ნედლეულით ეხმარებოდა... გარდა ამისა, საბჭოთა კავშირთან ომში გერმანიის წარმატების შემთხვევაში თურქეთი იმედოვნებდა კავკასიის რეგიონში შემოჭრასა და მის დაკავებას. 1941 წლის ივლისის შუახანებში საბჭოთა დაზვერვის მოპოვებული ცნობებით თურქეთის გეგმები კრემლისათვის აშკარა გახდა. ამიტომ შესაძლო აგრესიის მოგერიების მიზნით საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიქმნა ამიერკავკასიის ფრონტი. თურქეთის საზღვარზე ბათუმიდან არარატამდე განლაგდნენ 45-ე და 46-ე არმიის ნაწილები. იმავე პერიოდში, გერმანიის გეგმების ნეიტრალიზების მიზნით, დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებით, სპარსეთის (ირანის) ჩრდილოეთ ნაწილში ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ნაწილები შევიდნენ და დაიკავეს ქალაქები თავრიზი, ასტარა, არდებილი, ფეხლევი, რეშტი, მეშხედი, ხოი და ურმია (თურქეთის საზღვართან).
სპარსეთში საბჭოთა ჯარების შეყვანა საკმაოდ ადვილს ხდიდა თურქეთთან შესაძლო სამხედრო ოპერაციის წარმოებას. ზოგიერთი დოკუმენტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ პერიოდში (1941 წლის მეორე ნახევარი), უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბი არ გამორიცხავდა ამიერკავკასიის ფრონტის ჯარების შეყვანას ძველ ქართულ პროვინცია ლაზისტანშიც (რიზე, ტრაპიზონი, გიუმიშანე, ორდუ). სავარაუდოა, რომ სწორედ მაშინ იქნა შემუშავებული რეკომენდაცია („სამახსოვრო") წითელი არმიის მებრძოლებისთვის, რომლის თანახმად, ლაზისტანის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის შემთხვევაში მოსახლეობის წინააღმდეგობა გამორიცხული არ იქნებოდა. თანაგრძნობა შეიძლება გამოხატულიყო მხოლოდ იმ ლაზებისაგან, რომლებიც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობდნენ... წინააღმდეგობის გაწევა ძირითადად მოსალოდნელი იყო რელიგიური ფანატიზმის ნიადაგზე. „სამახსოვროში" საუბარი იყო აგრეთვე იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო საბჭოთა ჯარისკაცი თურქეთის ტერიტორიაზე: მკაცრი დისციპლინა, ლაზი ქალებისადმი და უფროსი ასაკის ადამიანებისადმი პატივისცემა და სხვ.
როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი სპარსული პრეცედენტის გამეორებას ჯერ კიდევ 1941 წლის შემოდგომაზე ფიქრობდა - თურქეთის ტერიტორიაზე ჯარებს შეიყვანდა და საზღვარზე ერთგვარ ბუფერულ ზონას შექმნიდა. მართალია, იმ ხანებში საბჭოთა ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა - წითელ არმიას უჭირდა, მტერი მოსკოვს და ჩრდილოეთ კავკასიას უახლოვდებოდა, ამიტომ ამიერკავკასიის ფრონტის ჯარების ნაწილი სასწრაფოდ სხვა ფრონტებზე გადაისროლეს...
გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის პირველ წლებში სახელმწიფო საზღვრის საქართველოს უბანზე დარღვევებმა მკვეთრად იმატა. როგორც უშიშროების ორგანოები და ამიერკავკასიის ფრონტის სარდლობა თვლიდნენ, ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის რაიონებში მთავარი მადესტაბილიზირებელი ფაქტორი იყო ადგილობრივი მცხოვრებლები - თურქული წარმოშობის პირები და მაჰმადიანი ქართველები (მესხები). შესაბამისად, მათ მასობრივად დააბრალეს თურქებთან თანამშრომლობა და 1944 წლის ნოემბერში შუა აზიაში გადაასახლეს. ოფიციალურად ეს ოპერაცია თურქეთ-საბჭოთა კავშირის სახელწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეფასდა, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ კრემლი სამომავლოდ რაღაცას ამზადებდა, ზურგის საიმედოობა სჭირდებოდა და ამიტომაც გაწმინდა ტერიტორია „მტრულად განწყობილი ელემენტებისაგან.
დავუბრუნდეთ ისევ თურქეთის მდგომარეობას და საბჭოთა დიპლომატიის ნაბიჯებს.
სტალინის განცხადება
1943 წლის ნოემბერში, როცა თეირანში „დიდი სამეული" (სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი) შეიკრიბა, ანკარა ჯერ კიდევ განაგრძობდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარებას, თუმცა, როგორც სტალინმა განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ითვლება დიდი ბრიტანეთის მოკავშირედ და საბჭოთა კავშირის მეგობრად, საჭიროა, მან დაამთავროს თამაში გერმანიასა და ჩვენს შორის". ანკარა იმ ხანებში აშკარად თავს იკავებდა გერმანიის საწინააღმდეგო ნაბიჯებისაგან, რადგან ჯერჯერობით არ იყო ნათელი, ომში ვინ გაიმარჯვებდა. მხოლოდ 1944 წლის 2 აგვისტოს განაცხადა თურქეთმა, გერმანიასთან კავშირს ვწყვეტო, ხოლო 1945 წლის 23 თებერვალს ომიც გამოუცხადა.
„დიდი სამეულის" იალტის კონფერენციაზე (1945 წლის თებერვალი), როცა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების საკითხი იხილებოდა, იოსებ სტალინმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში თურქეთის სუვერენიტეტი არ შეილახებოდა. თითქოსდა ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ „მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა იალტის სამიტიდან ხუთიოდე კვირის შემდეგ, 1945 წლის 19 მარტს საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, თურქეთთან 1925 წლის 17 დეკემბერს დადებული ნეიტრალიტეტისა და მეგობრობის შეთანხმება აღარ შეესაბამებოდა ახალ ვითარებას და მოსკოვი მის დენონსაციას აპირებდა. ცხადია, ანკარის ინტერესებში მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭება არ შედიოდა, ამიტომ თურქეთის ელჩმა სელიმ სარფერმა საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვს ახალი შეთანხმების დადება შესთავაზა. დიპლომატიურმა პაუზამ მაისის ბოლომდე გასტანა, ივნისის დასაწყისში კი მოლოტოვმა სარფერს განუცხადა: „საბჭოთა კავშირი ეთანხმება თურქეთის წინადადებას, მაგრამ ახალი შეთანხმების დადებამდე სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხი უნდა მოგვარებულიყო"". სელიმ სარფერისათვის საზღვრების გადასინჯვის მოთხოვნა მოულოდნელი იყო, მან კატეგორიულად უარყო ტერიტორიული პრეტენზიები და ყველაფერი თავის მთავრობას ანკარაში აცნობა, ანკარამ კი თავის მოკავშირეს - დიდ ბრიტანეთს. ამ დროიდან საბჭოთა პრესაში ნელ-ნელა მატულობს თურქეთის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკა.
„დიდი სამეულის" პოტსდამის კონფერენციაზე (1945 წლის ივლისი) თურქეთის ტერიტორიული საკითხი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა 22 ივლისს, საღამოს 17 საათსა და 07 წუთზე დასვა. მან აღნიშნა, რომ თურქეთი ძალზე შეშფოთებულია საბჭოთა კავშირის მოთხოვნებით: „მე მსურს გენერალისიმუსის ყურადღება მივაპყრო ამ საკითხზე და განვაცხადო, რომ თურქეთის დაშინება არ შეიძლება. თურქეთი შეშფოთებულია ბულგარეთში საბჭოთა ჯარების თავმოყრით და საბჭოთა პრესაში დაწყებული კამპანიით... მსურს ვიცოდე საბჭოთა კავშირის პოზიცია ამ საკითხზე".
იოსებ სტალინმა სიტყვა ვიაჩესლავ მოლოტოვს გადასცა, რომელმაც უინსტონ ჩერჩილს საბჭოთა მოთხოვნები განუმარტა: „ჩვენი მხრიდან არის საკითხები, რომლებიც მოსაგვარებელია... ზოგიერთ ადგილზე საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვარს ჩვენ ვთვლით უსამართლოდ. მართლაც, 1921 წელს საბჭოთა სომხეთს და საქართველოს თურქეთმა წაართვა ტერიტორია, რომელიც მოიცავს ყარსის, ართვინისა და არტაანის ოლქებს... ამიტომ მე განვაცხადე, რომ სანამ სამოკავშირეო ხელშეკრულებას დავდებთ, მანამდე საჭიროა მოვაგვაროთ თურქეთის მიერ მიტაცებული საქართველოსა და სომხეთის მიწების ბედი და მათ ეს ტერიტორიები უკან დაუბრუნდეთ".
აშშ-ის პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის წინადადებით, ამ საკითხის განხილვა მეორე დღისთვის გადაიდო. 23 ივლისის სხდომაზე კი იოსებ სტალინმა ისტორიული სიტყვა წარმოთქვა: „გუშინ ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ რუსები თურქებს აშინებენო. გარწმუნებთ, რომ ბულგარეთში მყოფ ჩვენს ჯარებს თურქები არ დაუშინებიათ. იქნებ საზღვრების შესწორების წინადადებამ დააშინა თურქები? მაგრამ საკითხი ეხება იმ საზღვრების აღდგენას, რომლებიც პირველ მსოფლიო ომამდე არსებობდნენ. მხედველობაში მაქვს ყარსის რაიონი, რომელიც მანამდე სომხეთის შემადგენლობაში იყო და ართვინ-არტაანის რაიონი, რომელიც ასევე ომამდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ძველი საზღვრების აღდგენის საკითხი არ წამოიჭრებოდა, თურქებს რომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება არ მოეთხოვათ. მოკავშირეობა კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვვალდებულობთ დავიცვათ თურქეთის საზღვარი, ხოლო თურქეთი ასევე ვალდებულობს დაიცვას ჩვენი საზღვარი. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საზღვარი ყარსისა და არტაანის რაიონში არასწორია და ასეც განვუცხადეთ თურქებს. თუ მათ სურთ ჩვენთან მოკავშირეობა, მაშინ საჭიროა გაასწორონ საზღვრები და თუ არ უნდათ, მაშინ საკითხი მოკავშირეობაზე გამორიცხულია!".
ჰარი ტრუმენმა, სხდომის დაძაბული ატმოსფერო რომ განეიტრალებინა, განაცხადა, - ტერიტორიული საკითხი მხოლოდ ორი სახელმწიფოს საკითხია და ის საბჭოთა კავშირ-თურქეთს შორის უნდა გადაწყდეს.
ამასობაში ანტირუსულ-ანტისაბჭოური მასალები თურქეთის პრესაშიც მომრავლდა. გაზეთები წერდნენ „წითელ ფაშიზმზე", რომელიც არაფრით განსხვავდებოდა გერმანული ფაშიზმისაგან. გაზეთი „თასვირი" 1945 წლის 23 ივლისს წერდა: „რუსეთს ჩვენს მიწა-წყალზე თვალი უჭირავს, მას სურს ხელში ჩაიგდოს ჩვენი სამი აღმოსავლეთის ვილაიეთი, მოსკოვი უკვე შეუდგა ამ გეგმის განხორციელებას. დღემდე საბჭოთა რუსეთი თავის დამპყრობლურ პოლიტიკას ფარული წესით ახორციელებდა - ყველა მოსაზღვრე ქვეყანაში გზავნიდა თავის მომხრეებს და მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში ეხმარებოდა, შემდეგ კი ასეთი „საბჭოთა მთავრობები" მიმართავდნენ რუსეთს მასთან შეერთების მიზნით. ასე იქნა მოსპობილი საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ლატვია, ლიტვა... მოსკოვს ასეთივე პოლიტიკის გატარება სურს თურქეთთანაც, მაგრამ ეს არ გაუვა... არც ერთი თურქი არ დათანხმდება თავისი ტერიტორიის რაიმე ნაწილის გადაცემაზე".
თურქეთს ართვინ-არტაანის დაკარგვა არ სურდა, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს (და სომხეთს) უნდოდა საკუთარი უძველესი მიწა-წყლის დაბრუნება. თბილისიდან (და ერევნიდანაც) მოსკოვს გაიგზავნა შესაბამისი არგუმენტები ზემოთ ნახსენები ტერიტორიების კუთვნილებაზე. აი, საქართველოს ხელისუფლების მიერ მოსკოვში ვ. მოლოტოვის, ა. ვიშინსკისა და ვ.დეკანოზოვის (დეკანოზიშვილის) სახელზე გაგზავნილი ცნობა:
„სრულიად საიდუმლოდ.
თურქეთის შემადგენლობაში არსებული საქართველოს ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით
1921 წლის 16 მარტს რსფსრ-სა და თურქეთს შორის დაიდო მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულება, ხოლო 1921 წლის 13 ოქტომბერს - ანალოგიური ხელშეკრულება თურქეთსა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორისაც. ეს ხელშეკრულებები, როგორც ცნობილია, ხელმოწერილ იქნა ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკებისათვის მძიმე წლებში.
1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით საბჭოთა რესპუბლიკები, ომი რომ თავიდან აეცილებინათ, იძულებულნი იყვნენ, დაეთმოთ თურქებისადმი, მათი უსაფუძვლო მოთხოვნის გამო, საკუთარი ტერიტორიის ნაწილი.
ამრიგად, საბჭოთა ამიერკავკასიას ჩამოშორდა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი სექტორი და მთლიანად ართვინის, არტაანისა და ყარს-ყაგიზმანის ოლქები, აგრეთვე ყოფილი ერევნის გუბერნიის სურმალინის მაზრა. (...) იმის გამო, რომ გერმანიის წინააღმდეგ მიმართულ დიდი სამამულო ომის დროს თურქეთმა ფაქტობრივად დაარღვია და ცალმხრივად შეწყვიტა მეგობრობის ხელშეკრულებების მოქმედება, შესაძლოა დადგეს საკითხი ამ ხელშეკრულებათა დენონსაციის შესახებ, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკებისათვის კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე.
1878-1918 წლების საზღვრების აღდგენის საკითხში საქართველოს სსრ-ს შეუძლია დაასაბუთოს თავის ტერიტორიაზე ბათუმის ოლქის სამხრეთი სექტორის, ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქების მიერთება, რომელთა საერთო ფართობია 12.789 კვ.კმ. (...)
თუ ტერიტორიული საკითხის გადაჭრამ მოითხოვა, საქართველოს სსრ-ს შეუძლია დაასაბუთოს თავისი უფლებები დამატებით სამხრეთ-დასავლეთი მესხეთის ისტორიული პროვინციის კიდევ სამ რაიონზე - პარხალზე, თორთუმზე და ისპირზე. (...) ასევე შეიძლება წამოიჭრეს საკითხი ლაზისტანის შესახებ. ლაზები, რომელტა გათურქების პროცესი ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს, ქართველურ ტომებს მიეკუთვნებიან და ქართული ენის დიალექტზე ლაპარაკობენ. თუ ლაზისტანის უშუალოდ შემოერთების შესაძლებლობა გამოირიცხება, მაშინ უნდა დავაყენოთ მისი ავტონომიის საკითხი.
სამხრეთ-დასავლეთი მესხეთისა და ლაზისტანის მიწების საქართველოსთან შემოერთება საბჭოთა კავშირისათვის სასარგებლო იქნებოდა... ასეთი საზღვარი უზრუნველყოფს საქართველოს სსრ-ისა და შავი ზღვის პორტ ბათუმის უშიშროებას სამხრეთიდან".
ამ ცნობას თანდართული აქვს ზემოხსენებული ტერიტორიების მოკლე აღწერილობები, აგრეთვე რუკა, რომელზეც სქემატურადაა მოცემული საქართველოს მომავალი საზღვრები.
სიმონ კილაძე
(გაგრძელება იქნება)