logo_geo
eng_logo
დიტო ჩუბინიძე: „დიდი დიქტატორი“ და პატარა მიშტატორი
- +

14 ივლისი. 2016. 21:15



ქართული პოლიტიკის ავანსცენაზე სააკაშვილის განაყოფ-გამონაყოფისა და ბორკილდადებული აკაკი ელიავას დამხვრეტ რუბენ ასანიძის ცოლის დისშვილის - გიორგი ვაშაძის „ამომზევებას" ჩვენი საზოგადოება ტრადიციული ქირქილითა და ფხუკუნით შეხვდა.



ვაშაძე ჯერ კიდევ ჭიპლარით იყო სააკაშვილზე მიერთებული, როცა ერთი ვაი-უშველებელი ატყდა და სოციალური ქსელითა თუ გაზეთებით ბატონ გიორგის ამერიკაში ძმის გათხოვება „მიულოცეს", რასაც დიდი გარჩევა და გაწევ-გამოწევა მოჰყვა...



მერე იყო და, სარფთან გამართული ნაცისტური ხროვის შეკრების დროს ვაშაძე სააკაშვილმა სუფრის თავში, გვერდით მოისვა, რითაც სექტის წევრებს მისი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ ამცნო... ვაშაძე ამავე სტატუსით სარგებლობდა 2013 წლის 19 აპრილს ყბადაღებული მიტინგის მსვლელობისას, როცა მან „ახალი ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის" დაწყება დაანონსა და საზოგადოება გულიანად ახარხარა...


ამის შემდეგ, გიორგი ვაშაძე შევარდნაძის ელჩის კოტე პუტჩისტის შვილებმა - ლადომ და გაკუმ სატელეფონო საუბარში „პროჭიათურული მიმართულების კომსომოლად" შერაცხეს და საზოგადოებას საბოლოოდ დაუდასტურეს ეჭვი, რომ ნაცისტურ სექტაში სააკაშვილის ხელისბიჭებსა თუ პოლიტიკურ ნაბიჭვრებს შორის დიდი ქიშპი ჩათესილიყო.


ასე იყო თუ ისე, ვალპურგის ღამეს მზიური ოდესის სანაპიროსთან სააკაშვილის მეთაურობით ნაცსექტანტები შეიკრიბნენ, კენჭი ყარეს და ბეჭედი დასვეს - გიორგი ვაშაძემ დამოუკიდებელი პარტია უნდა შექმნას და სანაცეთი დროებით დატოვოს, რათა საჭირო დროსა და ადგილზე, როგორც კი ამერიკის ელჩი კლარნეტში ჩაბერავს, ყოველი ხვრელიდან ისევ ჩვენმა ხალხმა გამოყოს თავი, შევიკრიბოთ და ხელისუფლებას ისე შევესიოთ, როგორც დამშეული ვირთხები ნალიაში ჩამოკიდებულ რაჭულ ლორსო!


ასე ჩამოყალიბდა გიორგი ვაშაძის სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო", „გირჩი", ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისათვის" და ა.შ.


არჩევნებამდე ნაცსექტანტები კიდევ რამდენიმე პარტიის ჩამოყალიბებასაც გეგმავენ... როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, სააკაშვილის ლოცვა-კურთხევით რეგისტრაციისთვის ემზადებიან შემდეგი პარტიები: „ცოცხები ჩქარა!", „როლანდის გზა", „მეგისი და მაგისი"... „ჩიორა და ფუჩიორა" და „აკო და კაკო"...


მოგეხსენებათ, თითოეული პარტია თავის ლოგოსა და დროშას ქმნის, ამ მხრივ გამონაკლისი არც გიორგი ვაშაძე ყოფილა. გუშინწინ, რაღაც ჯანდაბად, ინტერნეტში გავრცელებულ ვაშაძის ფოტოსურათს დავხედე და პირკატა მეცა - ვაშაძის მაისურს სეტყვასავით ეყარა ზუსტად ისეთივე ჯვრები, როგორსაც მსოფლიო კინოშედევრის ფილმ „დიდი დიქტატორის" მთავარი გმირი, ტომენიის დიქტატორი ადენოიდ ჰინკელი ატარებდა ხოლმე!


„დიდი დიქტატორი", რომელის რეჟისორიც, სცენარისტიც, პროდიუსერიც, კომპოზიტორიც და მთავარი გმირიც გენიოსი ჩარლი ჩაპლინია, ამერიკის შეერთებული შტატების კინოეკრანებზე 1940 წლის ოქტომბერში აჩვენეს. მოგეხსენებათ, ის დრო იყო, როცა ევროპა ჰიტლერის წინაშე მუხლებზე დაჩოქილი კანკალებდა და გამარჯვებებით თავბრუდახვეული ფიურერი სრულ ნირვანაში იმყოფებოდა...


სწორედ ასეთ ვითარებაში გამოვიდა „დიდი დიქტატორი" , სადაც გენიოსმა ჩარლიმ, რომელიც ფილმში ერთდროულად ორ როლს - დიქტატორ ადენოიდ ჰინკელსა და ებრაელ დალაქს თამაშობს, ჰიტლერი მასხრად აიგდო და მსოფლიოს ყველა დროისა და ეპოქის ძველ, ახალ თუ მომავალ დიქტატორებს მწარედ დასცინა...


ცხადია, ჩვენ არ შევუდგებით ფილმის სიუჟეტის თხრობას, რადგან „დიდი დიქტატორი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი და აღიარებული ფილმია, რომლის გადაღება ამ ოთხმოცი წლის წინათ კოლოსალური თანხა - 2 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა და დედამიწაზე კაცი არ მეგულება, ეს ფილმი ნანახი არ ჰქონდეს.


გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჰიტლერმა „დიდი დიქტატორი" ნახა თუ არა, მოსვენება დაკარგა და ჰიმლერს უბრძანა - ჩაპლინი აქ ჩამომითრიეთ, ენა ჩემი ხელით უნდა ამოვგლიჯოო!


ფიურერის მუქარას ჩარლი ჩაპლინმა გახმაურებული პრესკონფერენციით უპასუხა და ისეთი რამ თქვა, მესამე რაიხის ცოცხალი ღმერთი კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა - „ჰიტლერი პლაგიატია, ულვაშები მომპარაო!"


მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გიორგი ვაშაძეს ულვაშიღა აკლია და დიქტატორ ადენოიდ ჰინკელის მსუქანი ორეული შეგვრჩება ხელში!


ვერ დაიშალეს და მოიშალეს ამ უბედურმა ნაცისტებმა ადოლფ ჰიტლერის წყეული სიმბოლოებისადმი თაყვანისცემა! სააკაშვილი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ საქართველოში მობრუნებას, მეორედ „გააკეთონ", ის სჯობია, და ოდესაში გაძლიერებულ ქეიფზე გადავიდა! ამიტომაცაა, რომ ბოლო დროს მიშა „უდიპლომო სასიძოს" ნიკოლოზივით „დუხავოი" ორკესტრის თანხლებით დადის ოდესაში და ბანკეტზეა თუ დაკრძალვაზე, ყველგან ცეკვავს და ქეიფობს. მაგალითად, ამ დღეებშიც ჩამოუარა ორ ქალთან ერთად, მაგრამ ვერ გავიგე, ქორწილში იყო თუ ქელეხში!


რაც შეეხება გიორგი ვაშაძესა და სააკაშვილის სხვა ხელისბიჭებს, რომლებმაც ბურბონებისა არ იყოს, ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს, დიდი დიქტატორის წაქცევისთანავე პატარ-პატარა უშტატო მიშტატორებად იქცნენ!


ვაშაძისთანა პატარა მიშტატორებს ერთი სურვილი აქვთ მხოლოდ - როგორმე საქართველოში დიდი დიქტატორი სააკაშვილი ჩამოათრიონ!


„ჯარისკაცებო, ნუ დაემორჩილებით მათ, ვინც უგუნურ მონებად გაქციათ!" - ამბობს თავის მონოლოგში გენიალური ჩარლი „დიდი დიქტატორის" დასკვნით და კულმინაციურ სცენაში!


პატარა მიშტატორებო, დიდმა დიქტატორმა სააკაშვილმა თქვენ ერთხელ უკვე გიხმარათ, სიცოცხლე საწყევრად გაგიხადათ და უგუნურ მონებად გაქციათ!

 

ვიცი, მონას თავისი სიცოცხლე არ ეკუთვნის, მაგრამ იბრძოლეთ იმისათვის, რომ ოდესმე სიკვდილში მაინც მოიპოვოთ თავისუფლება!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner