განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რამდენიმე დღის წინ სამინისტროს ახალი ხედვა წარადგინა. სისტემა, რომელიც თავისი წარმატებული რეფორმებით არ გამოირჩეოდა, ახლა, სრულიად განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგას. მინისტრის მიმართ მოლოდინი დიდია. იგი აქამდე არსებულ მინისტრებს არ ჰგავს და მისი პოპულარობა ჯერჯერობით კარგ ნიშნულზეა, კითხვა მის მიმართ ბევრია. სწორედ ამიტომ, „პრაიმტაიმი" გთავაზობთ ვრცელ და საინტერესო ინტერვიუს განათლების ახალ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან.
- თქვენი დანიშვნიდან უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, გქონდათ სხვადასხვა შეხვედრები, სამინისტროს შიგნიდან ეცნობით. ამ ფონზე, რა გესახებათ პირველ ნაბიჯებად?
- პირველივე დღეს დამხვდა რამდენიმე ძალიან საპასუხისმგებლო მიმდინარე საკითხი. ეს იყო სტუდენტების ვითარება. „აუდიტორია 115"-ს ვგულისხმობ. ერთი 10 შეხვედრა უკვე გავაკეთეთ. ახლა ვაგრძელებთ ამ შეხვედრებს. ამჟამად ცოტა უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში ვართ, ვიდრე ეს აქამდე იყო. ყოველ შემთხვევაში, კომუნიკაცია არის და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო განვავითარებთ ურთიერთობას.
მეორე ეს არის სახელმძღვანელოების თემა, რომელიც სექტემბერში უნდა დახვდეთ მოწაფეებს. ეს თემა ყოველთვის სასწრაფოა, იმიტომ რომ, სახელმძღვანელოების დათვლა იწყება ივლისში, როდესაც სახელმძღვანელოები ბრუნდება და ხდება შეფასება, ვარგისია თუ არა. ივლისიდან სექტემბრამდე შუალედი კი ძალიან მოკლეა, რომ ყველაფერი მოესწროს. თან წელს განსაკუთრებით ბევრი მომწოდებელი იყო ჩართული პროცესში. ეს ფასების შეჯიბრი ძალიან ინტენსიური იყო. მათ შორის იყვნენ ქართველი და უცხოელი მომწოდებლები. ამან ძალიან დიდი ენერგია წაიღო. ჩემი თანამშრომლები ძალიან კარგად აკეთებენ, თუმცა მაინც სჭირდება ჩემი ჩართულობა.
მესამე საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც ერთი კვირის წინ წარვუდგინე ჩემს კოლეგებს. რაღაც მონახაზები უკვე მქონდა, ვინაიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში განათლების სისტემაში ვიყავი და მეოთხე, უცნაურია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ისე მოხდა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობას, მედიასთან, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სექტორში არ მიმუშავია. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. მე თვითონ ვიცი, როგორ გამოიყურება მეორე მხრიდან, როცა გახსნილად არის ინფორმაცია და როცა არ არის. ამიტომ ერთ-ერთი ჩემი ამოცანა, ნატასთან და მეგობრებთან ერთად იყო, ის რომ ამ მიმართულებით მოვწესრიგებულიყავით. ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ ჩაკეტილი და დამალული სისტემა. ეს ოთხი იყო ძირითადი პრიორიტეტი. ამასთანავე, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გერმანიაში და ახლა თურქეთში ვამზადებთ ვიზიტს.
- ახალი ხედვა ახსენეთ... მინდა, რომ მკითხველს კარგად განვუმარტოთ ეს ყველაფერი. რა იქნება განათლების სამინისტროს მთავარი მიმართულებები...
- ჩვენ თუ არ ვიცით, საბოლოო ჯამში, როგორი განათლების სისტემა გვინდა, ძალიან გაგვიჭირდება აქტიური გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ერთი კვირის წინ, ხედვის პრეზენტაცია სწორედ ამ მიმართულებით გვქონდა. ეს ემსახურებოდა იმას, რომ ჩემს კოლეგებთან უნდა გამიჩნდეს შეთანხმებული პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ ერთი ადამიანი არ წყვეტს არაფერს. ეს არის გუნდური გადაწყვეტილება. ამიტომ პირველი, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, არის ის, რომ იგივე ბატონ დავითთან თანამშრომლობით, ეკონომიკისა და სხვა სამინისტროებთან თანამშრომლობით მივიღოთ ერთიანი ხედვა, საით მივდივართ. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტროს 5-6 სხვადასხვა მიმართულება აქვს. აქ არის მეცნიერება, რომელიც ხშირად ავიწყდებათ და განათლების მინისტრს მეძახიან. მე მარტო განათლების მინისტრი არ ვარ. აქ არის უმაღლესი, პროფესიული, სასკოლო და სკოლამდელი განათლება. ყველა ამ მიმართულებით უნდა დავდოთ ძალიან ნათელი ხედვა და დავიწყოთ განხორციელება. რაც შეეხება კითხვას, როდის დასრულდება, პასუხი არის შემდეგი, ცხოვრება ვითარდება და განათლების სისტემა მასთან ერთად. რაც შეეხება იმას, როდის დაიწყება, დიდი იმედი მაქვს, რომ ის კომუნიკაცია მასწავლებლებთან, რაც უკვე დაიწყო, არის პირველი ნაბიჯი ამისა და სასწავლო წელი რომ დაიწყება. უკვე შეამჩნევენ სკოლაშიც და უმაღლეს სასწავლებელშიც პირველ ცვლილებებსა და პირველ ძვრებს.
- ექსპერტების მიერ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა სახელდება. რა ბედი ეწევა ამ სქემას და ვიხილავთ თუ არა მას სახეცვლილს?
- ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ მას სახეცვლილს, თანაც არა ერთხელ, არამედ ბევრჯერ. განათლება, სკოლა ვითარდება, მოთხოვნები იცვლება, საქართველო ნელა, მაგრამ სტაბილურად უახლოვდება ევროპას, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ მასწავლებლების შეფასების სქემა, ისევე როგორც ყველაფერი, რაც სკოლასთანაა დაკავშირებული, უნდა ადაპტირებდეს დროის მოთხოვნებთან. მთავარი კრიტიკა, რაც მე მაქვს სქემის მიმართ, ეს არის სიხისტე. მეჩვენება, რომ ეს სქემა არის ხისტი. როცა ჩვენ ადამიანის პროფესიულ შეფასებას ვეხებით, ეს არის ძალიან ბევრუცნობიანი განტოლება. აი, ჟურნალისტის შეფასება რომ ავიღოთ, კარგია თუ ცუდი, ძალიან ბევრი კუთხით უნდა შევხედოთ. რამდენად თამამია, რამდენად შრომისმოყვარეა, რამდენად განათლებულია. ერთი პარამეტრი რომ ავიღოთ და ვთქვათ, რომ ყველა ჟურნალისტი ფასდება, სიტყვაზე, წერით, არ იქნება ეს სწორი. იმიტომ, რომ ზოგი ჟურნალისტი ძალიან კრიტიკული და მიმწოლია და მისი სიმაგრე ამაშია, ზოგიერთი მაგრად წერს. მასწავლებლებში ხდება ზუსტად იგივე, ზოგი არის ბავშვებთან ურთიერთობის არაჩვეულებრივი სპეციალისტი და ბავშვებს მასზე მზე და მთვარე ამოსდით. ზოგი საგნის პროფესიონალია, ზოგი ადმინისტრაციულადაა ძლიერი, ზოგი კარგი დამრიგებელია, ზოგი ექსკურსიებსა და ივენთებს აწყობს. უნდა მოვახერხოთ, რომ სქემა მოერგოს ამ კომპეტენციებს და ამ შემთხვევაში გვექნება სამართლიანი სისტემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სისტემას, რომელმაც ამდენი მასწავლებელი ჩაჭრა, ესე იგი, აქვს პრობლემა. ჩვენთან არ შეიძლება, რომ ამერიკული უნივერსიტეტის გამოცდა მოიტანო და პირდაპირ შესთავაზო. ძალიან მომწონს, რომ ამ სისტემაში ადაპტაციის საშუალებაა ჩადებული და კრედიტებზეა. წინა სქემა, სერტიფიკატები, ძალიან ხისტი იყო. ეს უფრო მოქნილია. ამიტომ საშუალება მეძლევა, კი არ გავაუქმოთ, არამედ დავხვეწოთ და ახალი ტიპის კრედიტები შემოვიტანოთ. მაგალითად, წარმოიდგინეთ კალათა, რომელიც არის ცარიელი და არის მეთოდები კრედიტების შოვნის და თუ აივსო ეს კალათი, ითვლება, რომ მაგარი პედაგოგი ხარ და კარგი ხელფასი გექნება. კრედიტები აქამდე იშოვებოდა მხოლოდ გამოცდაზე. უნდა გასულიყავი და ჩაგებარებინა გამოცდა და იქიდან მოგეტანა ეს კრედიტები. ახლა აღმოჩნდა, რომ შენ თუ საწრეო და საკლუბო სამუშაოს ატარებ, ესეც კრედიტია. შენ თუ დამატებით ონლაინ-გაკვეთილებს ატარებ, ესეც კრედიტებია. ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ ეს ყველაფერი. მასწავლებელს უნდა გავუჩინოთ ბევრნაირი მეთოდი კრედიტების შოვნის. ვიღაცას თუ დაჰყავს ექსკურსიებზე და სამშშობლოს აყვარებს ბავშვებს, მინდა, რომ ამაში კრედიტები აიღოს მასწავლებელმა. ვიღაცა თუ ბევრ თანამედროვე ლიტერატურას კითხულობს და მეცნიერულ სიახლეებს ეცნობა, მინდა, რომ ამაში კრედიტები მიიღოს. ვინც კარგ ორიგინალურ გაკვეთილს ატარებს, იმანაც მიიღოს კრედიტები. ფუნდამენტურად ეს ამს სისტემაში ჩადებულია და იმედი მაქვს, რომ მალე განხორციელდება. 2-3 თვეში ჩვენ ამ სქემას თვისობრივად გავაუმჯობესებთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ხელფასების მომატების მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წელიწადში უკვე იყო 2-ჯერ ხელფასების მატება და ეს კიდევაა დაგეგმილი. ეს ეხება საჯარო სკოლებს და ასევე, უმაღლეს სასწავლებლებს. მეორე მხრივ კი, ვხვდებით, რომ სახურავის გადახურვით, ხელფასის მომატებით არ გვარდება პრობლემა. სასწავლო პროცესში მთავარია მოსწავლე, ის პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე კი - მასწავლებელი.
- დღევანდელ ვითარებაში ვხედავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. თქვენ უკვე რამდენჯერმე მოახერხეთ „აუდიტორია 115"-თან შეხვედრა. მიაღწიეთ თუ არა კონსენსუსს და იზიარებთ თუ არა მათ პოზიციას, თვითმმართველობის, რექტორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით?
-იცით, რა ხდება? მე დემოკრატიის მჯერა, ზოგადად, და ამიტომ მჯერა, რომ ერთი ჯგუფი, სტუდენტების იქნება ეს თუ მოქალაქეების, ვერ გადაწყვეტს ყველას ბედს. ამაზე ძალიან გამიბრაზდა „აუდიტორია 115", თუმცა ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიმეგობრებთ მრავალი წლის განმავლობაში. რაღაცებში მივაღწიეთ კონსენსუსს. მაგალითად, იმაში, რომ ერთად უნდა გადავწყვიტოთ პრობლემები, მაგრამ რამდენიმე ადამიანი მაინც არის „აუდიტორიაში", რომელიც ამბობს, რომ ჩვენ სხვებთან ერთად არ დავჯდებით და არ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მოკლედ, ულტიმატუმის ენით წყვეტენ კონტაქტს და ამ შემთხვევაში ძალიან რთულია კომუნიკაცია. რადგან პრემიერმა ერთხელ თქვა, რომ ეს უნდა შეიცვალოს, ისინი სთხოვენ პასუხს პრემიერს. პრემიერი კი გუნდურად მართავს ქვეყანას, ჩემთან ერთად, სხვებთან ერთად, პარლამენტი წყვეტს კანონებს, ამიტომ მე ვცდილობ, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც აღსავსე არიან ენთუზიაზმით, ავუხსნა, რომ პროცესში ჩართვა არის საუკეთესო მეთოდი, რომ ის კანონი მივიღოთ, რომელიც მათ უნდათ, რომ შეიცვალოს. მეც ვფიქრობ, რომ უნდა შეიცვალოს, მაგრამ როგორი ფორმულირება უნდა იყოს. ამას ერთი ჯგუფი ვერ გადაწყვეტს. რაც შეეხება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის საკითხს, ფაქტობრივად, ამაზე ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. პრინციპული თანხმობა გვაქვს. მაგრამ, როგორ ჩაიწეროს ეს ყველაფერი, ჯერ არ გადაწყვეტილა. ისეთი რამე არ უნდა მოგვივიდეს, რომ კანონი მოვარგოთ პიროვნებას. სიტყვაზე, რადგან სანდრო არ მოგვწონს, განათლების კანონში რაღაცები ჩავწეროთ. კანონი ისეთი უნდა იყოს, რომ სანდროსაც მოერგოს, უსანდროობასაც მოერგოს და შემდეგ ყველასაც. ყველანი ერთად უნდა დავსხდეთ და შევაზავოთ ისეთი კანონი, რომელიც მარტო ერთ პრობლემას კი არ მოგვიგვარებს, არამედ ხვალ და ზეგაც გამოდგება.
- განათლების ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის სასკოლო განათლების სისტემა. თქვენ, როგორც მინისტრს, როგორ გესახებათ სასკოლო სისტემის რეფორმირება?
- ვფიქრობ და ვცდილობ, ჩემი კოლეგები, შიგნით სამინისტროში, მთავრობაში, მასწავლებლები და ექსპერტები დავარწმუნო იმაში, რომ განვიხილოთ ვარიანტი, რომ ბავშვებისთვის უფრო საინტერესო გახდეს სასწავლო პროცესი. საბედნიეროდ, გვაქვს სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი ბავშვებს უფრო მეტად აინტერესებს, ვიდრე სხვაგან. მასწავლებლები გვყავს ისეთი, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან. თვალწინ გვაქვს წარმატებული მაგალითები და ეს უნდა გავავრცელოთ სხვებზე. თუმცა, მე დაძალების მომხრე არ ვარ და პილოტირება და ცდა ყოველთვის მომწონს. მჯერა, რომ სკოლაში, ისევე როგორც ნებისმიერ საქმეში, მოთხოვნა-მოწოდების ამბავია. დღევანდელ ბავშვს უნდა მეტი ინტერნეტი, მეტი თამაში, მეტი ჯგუფური სამუშაო, უნდა მეტი საპროექტო, უნდა, რომ თვითონ გააკეთოს რაღაცები. ამიტომ პირველი, რაც ჩვენს სკოლაში უნდა დავინახოთ, ეს არის არასასკოლო აქტივობების ზრდა. დღესაც არის წრეები და კლუბები, ჩვენ შევეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ ამის განვითარებას. მაგალითად, დიდი სიამოვნებით ვნახავდი სკოლაში ჟურნალისტიკის წრეებს. იმ ბავშვებისთვის, ვისაც აინტერესებთ, ეს როგორ კეთდება. ის კედლის გაზეთები, რომლებიც იყო საბჭოთა სკოლაში, სწორედ ეს გახლდათ. ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, „ბარსას" წრე რომ გავაკეთოთ, ბევრ სკოლაში დაინტერესდებიან. გვინდა, მეტი გასაქანი მივცეთ მათ შემოქმედებას. ამის დრო მათ არ ექნებათ, თუ ცოტა ნაკლებად დატვირთულები არ იქნებიან, ანუ დატვირთვა უნდა ვაკონტროლოთ. იმიტომ, რომ ზოგი მასწავლებელი თავის განსაკუთრებულ მოტივაციას გამოხატავს მეტ დატვირთვაში. მას ჰგონია, რომ 6 მაგალითის ნაცვლად 12-ს თუ დაავალებს, უფრო კარგად ისწავლის. ეს მიდგომა სწორი არ არის. ჩვენ უნდა შევეცადოთ, ბავშვებს ჰქონდეთ დრო, რომ იყვნენ ბავშვები. ასე, ისინი უფრო კარგ შედეგებს მიაღწევენ ყველაფერში.
- როგორ უყურებთ ახლა მოქმედ საატესტატო გამოცდებსა და ეროვნულ გამოცდებს და რაიმე ცვლილებების შეტანას ხომ არ აპირებთ?
- ეროვნული გამოცდებით დავიწყებ. ეს ფორმატი მომწონს. ეს არის მოდელი, რომელიც მთელ მსოფლიოში კარგად მუშაობს. დახვეწა უნდა თუ არა? რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ განვითარება ყველაფერს სჭირდება. იქ არიან სპეციალისტები, რადგან ამ ნაწილში შედარებით არა გვიშავს, პრიორიტეტებში პირველ ადგილზე მისი დახვეწა არ არის. იქ მუშაობს ძალიან კარგი გუნდი, რომელსაც ყოველ წელს შეაქვს სიახლეები. კომპიუტერები რომ შემოვიდა პროცესში, ძალიან მომწონს. იმიტომ ეს ნიშნავს, რომ მომავალ ვერსიებში შეიძლება მულტიმედია გაჩნდეს, ვიდეო აჩვენო და ასე შემდეგ.
- წინა მინისტრის დროს დაგეგმილი იყო, რომ 2017 წლიდან აბიტურიენტები უნივერსიტეტში საატესტატო გამოცდების ქულებით ჩაირიცხებოდნენ... ეს რეფორმა არ განხორციელდება?
- ამაზე იყო საუბარი, მაგრამ მე ამის მომხრე არ ვარ. ჩვენ უნდა მივიყვანოთ სისტემა იმ დონეზე, რომ ოდესმე ეს მოხდეს. მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. რაც შეეხება საატესტატო გამოცდას, მთავარი, რაც მესმის ამ პერიოდში, რომ საატესტატო გამოცდები და ეროვნულები ერთმანეთს ცდება. ჩვენ თუ ერთსა და იმავეს ვასწავლით, იმათ სხვა რამეს რატომ ვეკითხებით და ამას სხვა რამეს, მაგრამ მაგას აქვს თავისი მიზეზი სინამდვილეში. ნაწილი კრიტიკა ცოტა სუბიექტურია. ნაკლი შეიძლება ის იყოს, რომ ძალიან ბევრი რომ იჭრება, ან იქით მხარეს არის პრობლემა, ან აქეთ. ან ტესტის თამასაა ძალიან მაღალი, ან სწავლის ხარისხში გვაქვს პრობლემა. არ შეიძლება, ადამიანი 10-ოსანი იყოს და მერე გამოცდაში ჩაიჭრას.
- უნდა გკითხოთ სისტემის დეცენტრალიზაციაზეც, არის და იქნება თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პოლიტიკურ დღის წესრიგს ჩამოშორებული?
- ორი ვექტორი აქვს ამ შეკითხვას და პასუხს. იქნება თუ არა განათლების სამინისტრო და მისი იერარქია ჩამოცილებული პოლიტიკისგან, მე ამის პირობას გაძლევთ, მანდატიც ასეთი მაქვს, მე თვითონ უპარტიო ვარ და არასდროს მიმიღია მონაწილეობა არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებაში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, განათლება იყოს თავისთვის, დამოუკიდებული. ახლა მეორე, შეიძლება თუ არა პოლიტიზებულ საზოგადოებაში სრულიად თავისუფალი იყოს საკლასო ოთახი ან აუდიტორია პოლიტიკისგან? სამწუხაროდ, არა. იმიტომ, რომ როცა საზოგადოება იღვიძებს დილის საინფორმაციო პოლიტიკური სიახლით და იძინებს საღამოს საინფორმაციოთი, ცხადია, შუალედში, ეზოში, სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც იქნება ლაპარაკი პოლიტიკაზე. მთავარია, ამან ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს, თორემ, მე ვოცნებობ იმ დროზე, როდესაც დილას ადამიანი ჩართავს შემეცნებით გადაცემას, საღამოს მუსიკას, ისაუბრებს ხელოვნებაზე და ასე შემდეგ.
- სანამ მინისტრის პორტფელს ჩაიბარებდით, გქონდათ თუ არა წინასწარ რაიმე მოთხოვნები და რა იქნება თქვენი დამოუკიდებლობის გარანტი?
- გარანტი იქნება ჩემი მზადყოფნა, რომ დავტოვო სამსახური, როცა ვერარ გავაკეთებ საქმეს. ნებისმიერ სამსახურში არის პერიოდი, როცა შენ, ხელმძღვანელობა და კოლეგები ჰარმონიაში ხართ და ეგ არის ყველაზე კარგი დრო. მე ახლა ასეთი დრო მაქვს. ყველა ჩემკენაა. შევეცდები, რომ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მოვა დრო, რომ სანდრო უნდა შეცვალოს ეკამ, ვაჟამ ან ნოდარმა. ამ დროს, პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად პირველი გადავდგამ ამ ნაბიჯს. ამის ინდიკატორი კი შემდეგია: როცა მე ვხვდები, რომ ჩემი ინიციატივები აღარ არის ახალი. აქამდე სამსახურში დაახლოებით 5 წელიწადს ვჩერდებოდი ხოლმე და ძალიან გამიჭირდება ამაზე მეტი დრო პოლიტიკაში, სახელისუფლებო ამბავში გაჩერება. მგონია, რომ 3-4 წელიწადი სავსებით საკმარისია, რომ რეალურად ხელი დაატყო სისტემას და მერე წყნარად და მშვიდად გაღიმებული წახვიდე.
- განათლების ყოფილი მინისტრების მიმართ ყოველთვის ისმოდა კითხვები, რომ ისინი არ იყვნენ საკმარისად დამოუკიდებლები და შესაბამისად, არ ჰქონდათ პოპულარობა საზოგადოებაში. ჩემი აზრით, ეს იმანაც განაპირობა, რომ მათ არ ჰქონდათ კონკრეტული ხედვა სისტემის გაუმჯობესებისა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- მათ არაპოპულარობასა და დამოუკიდებლობაზე ვერაფერს ვიტყვი. რომ გითხრათ, რომ რომელიმე მათგანთან ახლო ურთიერთობა მქონდა, ასე ვერ ვიტყვი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიყავი ამ სისტემაში. საერთოდ, მოხელეც არ ვყოფილვარ. ტელევიზორიც არ ჩამირთავს ერთი 15 წლის განმავლობაში. აი, ასეთი ცხოვრება მქონდა. თუმცა, ახლა მიწევს ანაზღაურება ბევრი რამის. ვფიქრობ, მთელი სახელწიფო სისტემა წავა აქეთკენ. პრემიერის მაგალითი ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია, ადამიანს შეუძლია, რომ ადამიანურად გამოთქვას თავისი მოსაზრება. ის ფაქტი, რომ მე ტრენერი ვიყავი და მედიასთანაც, სტუდენტებთანაც და მოსწავლეებთანაც მქონდა ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მიადვილებს ამას და რა ვიცი, ისიც მეხმარება, რომ არაფრისაც არ მეშინია, სანამ სასარგებლო ვიქნები, მანამ ვიქნები და რომ აღარ მოვეწონები, მაშინ აღარ ვიქნები და ესაა.
გიორგი ურუშაძე
სალომე ჩადუნელი