logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: „თბილისის ტრუბადურად“ წოდებული სახალხო პოეტი იოსებ გრიშაშვილი იუბილარია
- +

24 აპრილი. 2021. 14:46

 

 

„მე მინდა რომ საქართველო - ეს სამოთხის შვების წყარო,

მტრებს არ მისცე საჯირითოდ, შეიტკბო და შეიყვარო!

...გვეყო, გვეყო ეს სასჯელი, ესოდენი ჭირი, სენი -

საქართველო, მეუფეო, დაიხსენი, დაიხსენი.“

 

ამ სიტყვების ავტორია დღევანდელი იუბილარი, მე-20 საუკუნის თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, თბილის ქალაქსა და ქალზე უზომოდ შეყვარებული ხარფუხელი აშიკი და „თბილისის ტრუბადურად“ წოდებული სახალხო პოეტი იოსებ გრიშაშვილი, რომლის ვნებიანი, ინტიმური და, მე ვიტყოდი, ეროტიული პოეზია მას თავისი ეპოქის მრავალი ქართველი პოეტისგან გამოარჩევდა. მარტო ეს მაჯამა რად ღირს?!

 

„ეს გოგონა, საკადრისი მეფეთა,

აქ პირველად ქურციკივით მეფეთა...

ახ, ნეტავი, კიდევ ერთხელ მეხილე,

შენ - მუშთარი, მე კი - შენი მეხილე.“

 

მე-20 საუკუნის ქართველ პოეტთა შორის ცოტა ვინმე თუ აღწერდა ქალისადმი ტრფობას ისეთი ჟინითა და ძარღვით, როგორც იოსებ გრიშაშვილი:

 

„გარეთ ყინვა სუფევდა, გულში - დავიდარაბა.

შემიყვანე ოთახში, ჩამიკეტე დარაბა,

მოიმარჯვე ალერსის მოჭედილი სიათა

და ამბორი ტუჩებზე დამაყარე ტყვიადა, -

თან ამბობდი: "კარგი ხარ, კარგი გასახარელი,

როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა... საყვარელი!"

 

და, ალაბათ, სწორედ  ამ ნიშნითაც გახლდათ გრიშაშვილი მრავალი შეყვარებული (ან მიტოვებული) კაცისა და ქალის ყველაზე „სასურველი“ და ციტირებადი პოეტი, რომელთა შორის ვიყავი მეც და ამიტომაც ზეპირად ვიცოდი და დღესაც ვიცი მისი ყველა ლექსი თუ არა, მათი დიდი ნაწილი, რომელთა კითხვისას, კარგად მახსოვს, ემოციებიც კი მახრჩობდა...

 

„არა, უნდა გაგებუტო, გაგეცალო, გაგეყარო -

მეც მომწყინდა ერთფერობა, მეც მომწყინდა ეს სამყარო!

რა გატირებს? ეს სული ხომ სამუდამოდ არ გშორდება?

საძაგელო! სიყვარული განა მუდამ მეორდება?“

 

უხ, ახალგაზრდობისდროინდელი რამდენი „კადრი“ დამიდგა თვალწინ და რამდენი სიმღერა გამახსენდა:

 

„ნუ, ნუ სტირი, რისთვის ჰგოდებ, გენაცვა,

შენც მიყვარხარ, განა არ მებრალები?

მაგრამ ეხლა ავირჩიე მე სულ სხვა -

სად შენა და სად იმისი თვალები!“.

 

იოსებ გრიშაშვილი ჭეშმარიტად სახალხო პოეტი და  ქალაქური და სატრფილო ლექსების დიდოსტატი იყო, თუმცა მის შემოქმედებაში უხვად გვხვდება სოციალური და პატრიოტული ლექსებიც, მაგრამ... პირადად მე იოსებ გრიშაშვილი მაინც იმ შედევრების გამო მიყვარს,  რომლებსაც პოეტს მისი ეშხიანი მუზები „აწერინებდნენ“:

 

„წუხელ მაგრად დავითვერ. ღვინომ ვნება დათენთა...

დავდიოდი ქუჩებში და როდესაც გათენდა -

ცელქი, შეუშინარი - შენს ბინაზე მოველი:

"ჩემი ქმარი შინ არი, მან გაიგო ყოველი!"

მითხარი და საჩქაროდ მომაჯახე დარაბა...

გარეთ ყინვა სუფევდა, გულში დავიდარაბა...“

 

ზემოთ ციტირებულ ლექსებში ამოკითხული გიჟური ვნებები და ერთგვარი დაუოკებლობა ნებისმიერ ფოტოზე უკეთ გვიხატავენ მგოსნის პორტრეტს.

 

იოსებ გრიშაშვილის მუზებზე უკვე იმდენი ტყუილ-მართალია დაწერილი, რომ თავად პოეტს რომ წაეკითხა, შეიძლება, მუზა საერთოდ გაფანტვოდა. თუმცა ფაქტია, რომ მას მართლაც ბევრი მუზა ჰყავდა, რომელთაც უშურველად უძღვნიდა ლექსებს, რომლებზეც სიმღერებიც კი იწერებოდა და...  სწორედ ოლღა ლეჟავას, ნინო ჩიხლაძის, მარუსია ფრანგიშვილის, ნუცა ჩხეიძის, სოფიო ჩიჯავაძის, მერი ნაკაშიძის და მრავალი სხვა ულამაზესი ქალბატონის ტრფობით შეიქმნა ის ლექსები, რომლებიც  ყველა ნორმალური ადამიანის სხეულს, ან მოგონებას და ასოციაციებს ააფორიაქებენ:

 

„რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე!

როცა მოვკვდე, გენაცვალე - ძეგლად გადამეფარე.“

 

იოსებ გრიშაშვილის „ქალთა“ მრავალსახეობასა და მრავალსახელობას დავაგვირგვინებ მისი  ორი ცხოვრებისეული მუზით, რომელთაგან პირველი იყო პოეტი მარიჯანი, მეორე კი - მისი მეუღლე, სახელგანთქმული ქართველი მომღერალი ქეთო ჯაფარიძე, რომელიც პოეტმა 61 წლისამ შეირთო. მანამდე კი...

 

1889 წლის 24 აპრილს, ხარფუხელი გრიშა მამულაშვილის ოჯახში, დაიბადა სოსო მამულაშვილი, რომელმაც ფსევდონიმი  მამის სახელის მიხედვით შეარჩია.

 

პოეტმა ცხოვრების დიდი ნაწილი ძველი თბილისის ლაბირინთებში და მის ვიწრო ქუჩებში „ხეტიალში“ გაატარა და ის იყო დრო, როდესაც ქალაქის უძველესი უბნების ყოველი კუთხე-კუნჭულიდან სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე თბილისელი „ქართველების“  ხმა გაისმოდა, რომელთა შორის იყვნენ  ებრაელები, სომხები, რუსები, თათრები, ბერძნები, აისორები, ოსები, ქურთები, (ი)ეზიდები და მრავალი სხვა, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ უყვარდათ და ტკიოდათ თბილისი.

 

„ასეთი ცა მე ჯერ არსად მინახავს!

ასეთი მზე მე ჯერ არ შემხვედრია!

ეს ჩუქურთმა ჩამოთლილი ინახად -

თავისუფალ საქართველოს ხვედრია.“

 

იოსებ გრიშაშვილისთვის საქართველო და თბილისი ტოლფასი ცნებები იყო და საყვარელ ქალაქს საყვარელი ქალივით უხსნიდა ხოლმე სიყვარულს:

 

„საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო

და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში...“

 

იოსებ გრიშაშვილის შემოქმედებიდან გამოვყოფდი წიგნს „ძველი ტიფლისის ლიტერატურული ბოჰემა“. რომლის წყალობითაც ჩემი და მომდევნო თაობების ახალგაზრდებმა პირველად გაიცნეს და შეიყვარეს ქალაქური ხალხური პოეზიის ნიმუშები და მათთვის უცნობი პოეტი-აშუღები: გიორგი  სკანდარნოვა, დავით გივიშვილი, ანტონ განჯისკარელი, ბეჩარა და ჰაზირა,  აგრეთვე ძველი თბილისის უბნები: თათრის მოედანი, ლეღვთახევი, ნარიყალა, სირაჩხანა, ბაყალხანა, განჯის კარი და სეიდაბადი - იგივე ხარფუხი, ახლებურად გააცნობიერეს ძველი თბილისის ისტორია, მივიწყებული ქართული ადათები,  უძველესი წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და სანახაობები, მათ შორის ყეენობა, ხრიდოლი, ამქრობა, ნაღლი, ყარაგიოზას თეატრი, დაინახეს სხვაობა კინტოსა და ყარაჩოღელს და მათი მუსიკალური ინსტრუმენტებისა და სიმღერის თავისებურებებს შორის, რომლის თანახმადაც კინტო, რომელსაც პოეტი მაინცდამაინც არ სწყალობდა, არღანზე  მღეროდა: „არღანჩიკო, დაუკარ, ფაიტონჩიკ, გარეკე!“, ხოლო ყარაჩოღელი  დუდუკს აკვნესებდა: „შენ არზრუმის ცისკარი ხარ, გულნარა, მანათობლად აღმომხდარი, გულნარა“ და...

 

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ აქ გავჩერდები...

 

იოსებ გრიშაშვილი გარდაიცვალა 1965 წელს. იგი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალა და როგორც ხარფუხელ აშიკს შეჰფეროდა და გაუხარდებოდა, მის საფლავთან მედუდუკეებმა „დილის საარი“ იმღერეს.

 

მე კი ამ მოგონებას იოსებ გრიშაშვილის „საარით“ დავასრულებ, ლექსით „გამოთხოვება ძველ თბილისთან, ანუ დუდუკის საარი ქარს აღარ მოაქვს“:

 

„სიძველისადმი გრძნობა, პატივი,

თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს -

მიხვდები, ასე ანდამატივით

რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს...

ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრად

ვეღარ შეგაქებ... არ მაქვს უნარი...

მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად

დარჩები მუდამ გაუხუნარი....“

 

PS: მე-5 ფოტოზე: ჩემი მეუღლე და მისი ბებია თამარ ჭიჭინაძე იოსებ გრიშაშვილთან შეხვედრაზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner