logo_geo
eng_logo
ჭაბუა ამირეჯიბის მეუღლე, პოეტი თამარ ჯავახიშვილი იუბილარია!
- +

26 აპრილი. 2021. 16:24

 

 

ჟურნალ „გზის“ მე-14 ნომერში გამოქვეყნდა მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის მეუღლის, პოეტ თამარ ჯავახიშვილის ლექსები, რომლებსაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ. „რეპორტიორის“ სახელით კი, დაბადების დღეს ვულოცავთ ღირსეულ ქალბატონს და ბედნიერებას ვუსურვებთ!

 

ჩემი მეგობარი

 

თავშეფარებულს წმინდა გიორგის ფარქვეშ

ამ ქვეყნიურთა ჭირვარამთაგან ურვილს,

 აღარ აშინებს ცხოვრების მისის თავქვე,

რადგან დათრგუნა უპირველესად – შური.

 

რადგან შურს სძლია, რადგან დათრგუნა შური

და შურთან, რადგან სიხარბეც არის აქვე,

ცხოვრების მძლეველს აღარ აშინებს თავქვე,

თავშეფარებულს დიდი მოწამის ფარქვეშ.

 

მან სძლია კიდევ – ეჭვი, სიმხდალე, შიში,

და სძლია ბოღმა მათი, ვინც ავი არქვეს,

მძლეველი ავის — იგი მეორედ იშვა,

შეფარებული წმინდა გიორგის ფარქვეშ.

 

***

 

თეთრი ოთახი. ფანჯრის სისველე,

ლარნაკში ფიჭვის ტოტი წახრილი,

 შემოგირბენდი ათასში ერთხელ,

ხან იყო თოვლი, ხანაც აპრილი...

მე შენი გულის გვიან შევიტყვე,

იყო ათასგან დანაბიჯები,

მაგრამ შენ სულში გქონდა მთელი ტყე,

 ტყე გამჭვირვალე, მაღალ ფიჭვების.

იქნებ ამიტომ გზაც გქონდა შორი,

ვინ აღარ შეხსნა მაგ გულის კარი,

ყველამ მოგტეხა ტოტები სწორი,

ყველამ წაიღო პატარა კვარი...

და დარჩი მარტო, ასე შიშველი,

თითქოს უიღბლო, თითქოს დაღლილი...

თეთრი ოთახი, ფანჯრის სისველე,

ლარნაკში ფიჭვის ტოტი წახრილი...

 

***

 

ღვინობისთვე აფრიალებს ალმებს,

აუშვია ქარი, როგორც მსჯავრი,

შემკრთალ მიწას ცივი წვიმა ალბობს,

ცას შესცქერის წუთისოფლის მგზავრი...

 აჰა, ისევ ძველებურად ცივა,

როგორც შარშან, შარშანწინ და წინათ,

ანდა იმ დღეს, კაცთა მოდგმის მამას

ქვეყანა რომ განეკუთვნა ბინად...

ფიქრობს მგზავრი, იმ საფიქრალს ფიქრობს

და სიცოცხლე ისევ ისე მიდის...

კვიპაროსის რტოდაბურულ უბეს

ეფარება შეცივნული ჩიტი.

 

მშობლიური

 

ისევ სექტემბრის ქარია,

დარებიც სექტემბრისანი,

ისევ ისეთი წყნარია

აბოს ნიში და ისანი

და ისევ მელანდებიან,

ვარამთა ლოცვით მზღვევლები

ნაწყენი საბა-სულხანის

ცად აპყრობილი ხელები…

ხორბლის, მახობლის სუნია

და ქარიანი ღამება

და რაღაც, მხოლოდ ქართული

სულს მართმავს, მომეამება:

ვიცოდი, ისევ შენ მყავდი,

ისევ შენ დამიფარავდი,

შენი ნათელი ძალი მეც,

სული მომმადლე მარადი.

მე სიტყვაც შენი მომაგნებს,

მხოლოდ ამ სიტყვას ვევსები,

გამმართავენ და გამდევენ

შენი უჟამო ფესვები.

და მევლინება გალობად

ნუშის და ვაზის ყვავილი

და შემოდგომის ღამეში

სავარსკვლავეთის ხვავილი.

გისმენ და ხედვაც შენ გმადლობს, –

წმიდაა ჯვარის წახნაგი,

ეგეც შენა ხარ ფხიზელი

და შენი სული აღნაგი...

ასე მასუნთქე, ჰო, კიდევ

და, თუ სიცოცხლე მედიდა,

ერთი ქვა გულზე დამადევ,

ერთი თეთრი ქვა – ფეხთითა.

სითბოს კი შემინახავენ,

აბოს ნიში და ისანი

და გამჭირვალე დარები,

დარები სექტემბრისანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner