საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა არაჩვეულებრივი გადაცემა სესილის ლეგენდარული ბაბუის, ქართული ფილოსოფიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის - მოსე გოგიბერიძის შესახებ...
20 წლის მოსე, ისე რომ თბილისში საერთოდ არც კი იყო ნამყოფი, სხვა 25 ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდასთან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1918 წელს, პირდაპირ გურიიდან გააგზავნა გერმანიაში განათლების მისაღებად, სადაც მან მარბურგის უნივერსიტეტში 4 წლიანი წარჩინებული სწავლის შემდგომ, წარმატებით დაიცვა დისერტაცია, რის შემდეგაც დაბრუნდა საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა სამეცნიერო და მთარგმნელობითი საქმიანობა.
მას ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომი "ფილოსოფიის ისტორია", მან პირველმა თარგმნა იმანუილ კანტის "წმინდა გონების კრიტიკა", რომელიც ჩეკას მიერ მისი ბინის ჩხრეკის დროს წაიღეს და დაიკარგა, და ასევე კანტის "პროლეგომენები".
ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგედ მუშაობდა, მანამ სანამ 1942 წელს დამსმენების მიერ ნაცისტური გერმანიის აგენტად არ იქნა შერაცხული, რის გამოც ის ყაზახეთში, აქტიუბინსკის გულაგებში გადაასახლეს, სადაც სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად სასტიკ და სრულიად გაუსაძლის პირობებში იხდიდა სასჯელს.
სწორედ გადასახლებაში ყოფნისას მან დაწერა ნაშრომი ქართული პოეზიის ორი მწვერვალის, შოთა რუსთაველის და ნიკოლოზ ბარათაშვილის ფილოსოფიური და ესთეტიკური ანალიზის თვალსაზრისით...
მოსე გოგიბერიძე 1949 წელს აქტიუბინსკში გარდაიცვალა. მისი ნეშტი სრულიად გასაიდუმლოებულად, დიდი რისკის ფასად ჩამოასვენა მისმა დამ, ელენე გოგიბერიძემ, რის შემდგომაც ოჯახმა ის სრულიად საიდუმლოდ დაკრძალა ვაკის სასაფლაოზე.
მოსე გოგიბერიძის პოლიტიკური რეაბილიტაცია და მისი სამეცნიერო ნაშრომების ხელახალი გამოცემა მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი...ამ საკითხზე საუბარი საკმაოდ მტკივნეულია, რადგან მოსე გოგიბერიძის შთამომავლობისთვის ბევრი კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია