logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: მართლაც, ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ვართ, მაგრამ ეკონომიკაში დიდი პრობლემებით
- +

14 ივლისი. 2016. 23:52



საპარტნიორო ფონდი საქართველოში ყველაზე ინოვაციურ და საინტერესო პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორ შეიძლება შეცვალოს ამ პროექტმა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, რა პერსპექტივებს უშლის ის ახალგაზრდებს (და არა მხოლოდ მათ), ასევე როგორია სახელმწიფოს ჩართულობა, რა გარანტიები ექნებათ კრეატიულ ადამინებს საკუთარი იდეების განხორციელების პროცესში? ამ და სხვა საკითხებზე „პრაიმტაიმს" საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ესაუბრა:


- სტარტაპები სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით. სტარტაპები ქვეყნის სწრაფი განვითარების კონცეფციის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.


ნახეთ, დღეს რა ვითარებაა? - ახალგაზრდას აქვს იდეა, ხშირ შემთხვევაში ინოვაციური და საინტერესო, სურს მისი განხორციელება, მაგრამ არ აქვს ფინანსური საშუალება. თუ ბანკში მიდის და ეუბნება, პატარა თანხა მაქვს და დამაკრედიტეო, ბანკი უარით ისტუმრებს. როგორც წესი, ბანკები სტარტაპების, ანუ საწყისი ბიზნესის დაფინანებას, მაღალი რისკების გამო მაქიმალურად ერიდებიან. არავის ვაკრიტიკებ, ეს გასაგებია, კომერციული სტრუქტურაა.


მეორე მხრივ, ვიღებთ იმას, რომ კვდება საინტერესო იდეები, არ ხდება ინოვაციების დაფინანსება. ეს კი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, აჩენს ნიჰილიზმს, ჩნდება იმის განცდა, რომ ჩვენი ქვეყანა სიახლეებისკენ არ მიისწრაფვის.


სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა ხედავს, რომ მისი იდეა მის ქვეყანაში ვერ ხორციელდება, სამაგიეროდ, უცხოეთში სხვას აზრად მოუვიდა და წარმატებით განახორციელა. ამის გამო გული სწყდება, რომ საკუთარ ქვეყანაში ხელი არ შეუწყვეს.


ასე რომ, სტარტაპების პროექტი, რომლის განხორციელებაც ჩვენ დაგვევალა, მიგვაჩნია, რომ ძალიან დროული და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. ეს მათთვის დიდი სტიმულია.


პროცედურა ასეთია: მოდის პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, გვეუბნება, რომ აქვს რაღაც ინოვაციური იდეა. ეს ინოვაცია შეიძლება იყოს ახალი პროდუქტი ან რომელიმე პროცესში რაღაც ინოვაციური ელემენტი, რომელიც ამ პროცესს უფრო საინტერესოსა და მნიშვნელოვანს გახდის. ამის მერე ჩვენი შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო" და ეს პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი ქმნიან ერთობლივ კომპანიას, რომელსაც ჩვენი ფონდი 15 000-დან 100 ათას ლარამდე დაფინანსებას გამოუყოფს. მიუხედავად იმისა, რომ იდეის ავტორის მონაწილეობა პროექტში საერთო თანხის მხოლოდ 10 % იქნება და დანარჩენ 90 %-ს ფონდი დაფარავს, ამ კომპანიაში მას ექნება არანაკლებ 50%-ისა, ზოგ შემთხვევაში, როცა მაღალ ტექნოლოგიებთან გვექნება საქმე, შეიძლება, იდეის ავტორს 95%-იც კი დარჩეს, თანაც ისე, რომ თანხა პროექტში საერთოდაც არ ჩადოს. ასე რომ, ყველაფერი იდეაზე იქნება დამოკიდებული. იდეა შეიძლება, შეფასდეს 95 პროცენტად.


თუმცა, თუკი იდეა სცილდება ჩვენი ფონდის მასშტაბებს და პროექტი ჰაი-ტექნოლოგიებს ეხება და ბევრად ძვირი ღირს, მაშინ მის დაფინანსებასა და განხორციელებაში საერთაშორისო ექსპერტები და საერთაშორისო ინსტიტუტები ჩაერთვებიან.


ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იდეის ავტორს აღარ სჭირდება გირავნობა, აღარ სჭირდება მშობლების სახლის დაგირავება, ფულის ძებნა. მთავარია, მას სწორი იდეა ჰქონდეს.


მეორე მხრივ, ყველა იდეა წარმატებული ვერ იქნება. მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც იშრომა, იფიქრა, თუმცა, ჩვენს სტანდარტებში ვერ ჩაჯდა. გვექნება ტრენინგები, რათა მათი პროექტები დაიხვეწოს, ფინანსურიდან დაწყებული და იურიდიულით დასრულებული, ყველა სახის ნიუანსში გავარკვევთ, რათა უკვე გამართული პროექტი შემოიტანონ და კონკურსში გამარჯვების შანსიც ჰქონდეთ.


აქცენტს ვაკეთებთ რეგიონებზე. ვცდილობთ, პროექტი თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში არ ჩაიკეტოს და რაიონებიდან მაქსიმალურად ბევრი იდეა წამოვიღოთ. ვცდილობთ, ყველა რეგიონში შევიდეთ, პრეზენტაციებს ვაწყობთ, დიდი ინტერესია, ყურადღებით ისმენენ, კითხვებს გვისვამენ. 50-ზე მეტი ბიზნესპროექტი მივიღეთ ორ კვირაში, კარგი ციფრია. პროექტი დაწერო, მარტივი არ არის. თვის ბოლოს პირველი ეტაპი დასრულდება. 31 ივლისამდე შემოტანილ განცხადებებს განვიხილავთ. შევისწავლით და დავახარისხებთ, უკვე სექტემბრის დასაწყისში პირველ გამარჯვებულებსაც გამოვაცხადებთ. ერთი თვის მანძილზე ისინი ფინანსებსაც მიიღებენ საკუთარი იდეების განსახორციელებლად.


განცხადებებს, რომლებიც 30 ივლისის შემდეგ შემოვა, უკვე შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ და გამარჯვებულებს ოქტომბერში გამოვაცხადებთ.


- ეს მუდმივი პროცესი იქნება?

 

- დიახ, სანამ იმ 11 მილიონს არ ამოვწურავთ, რომელიც გვაქვს. თუ 11 მილიონი არასაკმარისი იქნება, შემდგომი ეტაპისთვის ფონდის 35 მილიონამდე გაზრდა გვაქვს დაგეგმილი.


- იდეის შესახებაც რომ გვითხრათ, რა სახის იდეები დაფინანსდება?

 

- ნებისმიერი იდეა ნებისმიერ სფეროში.


- რას იტყვით საავტორო უფლებების დაცვაზე? რამდენად დაცული იქნება ჩემი იდეა? არის საფრთხე, რომ ის სხვამ მომპაროს?

 

- ეს შეკითხვა შეიძლება ბევრს გაუჩნდეს. შეიძლება, ვიღაცას ასეთი შიშიც ჰქონდეს. მაშინ მათ ვურჩევ, საკუთარი იდეა დააპატენტონ და ისე შემოიტანონ. რა თქმა უნდა, ყველა პროექტს არ გამოვაქვეყნებთ, კონფიდენციალურობის  გარკვეული გარანტიები არსებოს - ჩვენ ყველა პროექტს არ ვაქვეყნებთ, ინოვაციურ და კარგ იდეებს დავაფინანსებთ. შესაბამისად, ეს პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მისი იდეა შეიძლება მოიპარონ, შესაძლოა, დააპატენტოს. ჩვენ ვერავითარ გარანტიას ვერ მივცემთ, რომ სხვას მსგავსი იდეა არ გაუჩნდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი: თუ ინოვაციურია და კარგია, დავაფინანსებთ. თუ ცუდია, უკან დავუბრუნებთ და მაშინ ის იდეა ღირებული არც არის იმისთვის, რომ ვინმემ მოიპაროს.


- რას იტყვით ჟიურიზე? ვინ შეაფასებს იდეებს?

 

- არა, ჟიური არა. ეს იქნება კომიტეტი. საინვესტიციო კომიტეტი „სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში შეიქმნება, მონახაზი უკვე გვაქვს. კომიტეტის მიერ შერჩეულ პროექტებს უკვე საპარტნიორო ფონდის კომიტეტზე დავამუშავებთ და საბოლოოდ, სამეთვალყურეო საბჭოზე დავამტკიცებთ.


- თქვით, რომ ერთობლივი კომპანიები შეიქმნება. ვინ იქნება ჩემი პარტნიორი, თუკი, მაგალითად, ჩემი იდეა და პროექტი გაიმარჯვებს?

 

- თქვენი პარტნიორია „სტარტაპ საქართველო". აქ საინტერესო სქემაა, რომელიც ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. საკონტროლო პაკეტი ყოველთვის თქვენი იქნება - 50% ის მინიმუმია, რომლის მფლობელიც შეიძლება გახდეთ და ეს მაშინ, როცა თქვენი ფინანსური მონაწილეობა პროექტში, შეიძლება მხოლოდ 10% იყოს. როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება ფული პროექტში საერთოდ არ ჩადოთ, ჩვენ ვდებთ, თქვენ კი 95%-ის მფლობელი გახდეთ.


- ეს პროექტი სხვა შეღავათებითაც ისარგებლებს? მაგალითად, საგადასახადო დაუწესდება?

 

- არა, თუ იდეა საინტერესოა, მან იდეით უნდა განახორციელოს მოგება, საგადასახადო შეღავათები არ დაწესდება. ამ მხრივ არ ვფიქრობ, რომ კონკურენტებთან მიმართებაში საგადასახადო უპირატესობა უნდა გქონდეთ, ეს არასწორი იქნებოდა.


- მაღალი რისკების გათვალისწინებით, როგორია მოლოდინები?

 

- მოლოდინებზე წინასწარ საუბარი ძნელია. ვნახოთ, როგორი იქნება შედეგები. ალბათ, ბევრი პროექტი ვერ გაამართლებს, მიუხედავად იმისა, რომ დავაფინანსებთ. შეიძლება, 100-დან 50% ჩავარდეს და ის თანხა ვერ ამოიღო, სამაგიეროდ, მეორე ნახევარმა, შეიძლება, ისეთი მოგებები დააფიქსიროს, რომ წაგება გადაგიფაროს.


უცხოეთში არის სპეციალური ფონდები, რომლებიც მაღალ რისკებზეა ორიენტირებული. ის ფული ძვირია მაღალი რისკების გამო, თუმცა, იმხელა მოგებაზე გადის თუნდაც ერთი პროექტით, რომ ასეთი რისკის გაწევა უღირს.


 შეიძლება, ჩინეთში 89 პროექტი ჩავარდეს, მაგარმ ისეთი რაღაც აიღოს კოსმოსის სფეროში ან ერთი ისეთი პარამეტრი ჩაგიდოს მობილურში, რომელიც ახალ დიაპაზონს გაგიხსნის, რომ მილიარდობით მოგება ნახოს.


ჩინეთში არის ქალაქი, რომელიც მაკაოსა და ჰონგ-კონგის პირდაპირ მდებარეობს - ჩეიჯენი. 15 წლის წინათ იქ მარტო მეთევზეები ცხოვრობდნენ. სათევზაო სოფლები იყო, დღეს თანამედროვე ქალაქია გაშენებული, შენობები თითქოს კოსმოსშია აღმართული. არც ერთი ინდუსტრიული საწარმო არ არის, მარტო ჰაიტექნოლოგიები და მათი ოფისებია, ძირითადად ახალგაზრდები ცხოვრობენ. მითხრეს, რომ თანამშრომლების საშუალო ასაკი 21 წელია. ვიყავი ერთ-ერთ ოფისში, თავის საგამოფენო დარბაზში შემიყვანეს, 50-მეტრიანი კორიდორია (თუ მეტი არა), სადაც მათი ახალი ტექნოლოგიები იყო ჩამწკრივებული: ტელეფონები, რობოტები, სხვადასხვა ახალი სისტემები. მითხრეს, რომ ეს ყველაფერი 2015 წელს იყო დაპატენტებული. აღმოჩნდა, რომ იმ წელს 86 ათასი იდეა დააპატენტეს. 89 ათასი იდეიდან 50% თუ არა, 10% ხომ მაინც გაამართლებს. ერთმა იდეამაც კი შეიძლება მილიარდობით მოგება მოიტანოს, ასეთი იყო, მაგალითად, „ვაიფაი".


და კიდევ, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა. ყველგან, ეზოებსა და შუქნიშნებთან ავტომობილების სადგომები დახაზული იყო იმგვარად, რომ საბურავის ადგილიც კი გამოყოფილი ჰქონდა. ჭადრაკივით იყო დახაზული. შუქნიშნებთანაც კი მანქანები ისე დგებიან, რომ საბურავი საბურავისთვის მოხაზულ ადგილას მოხვდეს. ვთქვი, როგორი დისციპლინებულნი არიან, ალბათ, ახალგაზრდული ქალაქი რომ არის, იმიტომ-მეთქი. არაო, მითხრეს, დისციპლინა არაფერ შუაშია, როცა მანქანის საბურავი საბურავისთვის გამოყოფილ ხაზში დგას, იტენება, ამიტომაც ასე აყენებენო. შუქნიშანთანაც კი ისინი ერთ წუთსაც არ კარგავენ.


- ამ პოზიციაზე ბევრ ქვეყანაში იყავით, იცნობთ მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას. თქვენი დაკვირვებით, რამდენად განაპირობებს ეკონომიკის განვითარების ტემპებს პოლიტიკური სისტემის არასტაბილურობა?

 

- ეს გლობალური პრობლემაა. მაგალითისთვის ისევ ჩინეთი განვიხილოთ. ამას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ღმერთმა დაგვიფაროს ერთპარტიული სისტემისგან. ის, რომ მუდმივად რაღაც იცვლება, სიტყვის თავისუფლება გვაქვს და დემოკრატიული არჩევნები, ძალიან კარგია.


მოდით, ეკონომიკურ ჭრილში განვიხილოთ. როცა გამოდის, მაგალითად, ჩინეთის პრეზიდენტი და ამბობს: ჩვენ 20-წლიანი გეგმა გვაქვს და 2020-ისთვის უნდა მივიღოთ ხორბლის ისეთი ჯიში, რომელსაც ჩრდილოეთშიც გავაშენებთ და ტროპიკულ ზონაშიცო, მაშინვე იწყება მუშაობა ამ ამოცანის მისაღწევად. გამოიყოფა ფული და წლების განმავლობაში მიდის მუშაობა ახალი ჯიშის გამოყვანაზე, რომელიც მინუს 40 გრადუსსაც გაუძლებს და სიცხესაც. ასეთი გრძელვადიანი დაგეგმარება და ინვესტირება მეცნიერების თუ სხვა რომელიმე დარგის, კარგია. ან იტყვის ჩინეთის პრეზიდენტი, რომ 2020 წლისთვის ჩინეთი მსოფლიო ჩეპიონატზე მერვედფინალში უნდა გავიდეს და ფეხბურთის განვითარების ბუმი იწყება. თუ ვინმე კარგია, ყიდულობენ ევროპაში, იქ ჩაჰყავთ თავიანთი ფეხბურთელები.


ვნახოთ, რა ხდება საქართველოში. 4 წელიწადში ერთხელ იცვლება მთავრობა. გამოვა აქ მთავრობა და იტყვის: ჩვენი პრიორიტეტია, მაგალითად, ფეხბურთი, დაიწყება ამ მიმართულებით მუშაობა. 4 წლის შემდეგ შეიცვალა მთავრობა და იტყვის, ფეხბურთი კი არა, ჩვენი პრიორიტეტი წყალბურთი უნდა იყოს. ასეა თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის ჯანდაცვაშიც. ერთადერთი, რაც გრძელვადიანი აღმოჩნდა, ეს ჩვენი სწრაფვაა ევროინტეგრაციისკენ. ხედვები დიამეტრალურად განსხვავებულია და იცვლება.


- რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას, სად უნდა იპოვოს ბალანსი?

 

- მართლაც, ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ვართ, მაგრამ ეკონომიკაში დიდი პრობლემებით. ბიზნესი დამოკიდებულია პოლიტიკაზე, თუ დიდი რხევებია, ბიზნესიც ჩერდება... ინვესტორი უცდის არჩევნების დასრულებას, ვითარების გარკვევას და ასე შემდეგ.


ჩვენთვის თავისუფლება და დემოკრატია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკის სწრაფი ზრდა. ამიტომაც უნდა შევეგუოთ ერთ რამეს: უნდა გავაგრძელოთ ის ძირითადი  ხაზები, რომელიც მნიშვნელოვანია და არა ის, რომ, თუ გრიშა აკეთებდა, მე აღარ გავაკეთებ. მე ფონდიდან თანამშრომლები არ გამიშვია, ზოგი გილაურის დროს მოვიდა, ზოგი ეზუგბაიას დროს და ზოგიც კოვზირიძის დროს. ყველას შევხვდი, ველაპარაკე და ვნახე, რომ სერიოზული სკოლა გაიარეს, ინტელექტი აქვთ, შემიძლია ვთქვა, რომ ცვლილებები არ ყოფილა.


თუ ერთმანეთის სტრატეგიას გააგრძელებენ, მაშინ აღარ იქნება რყევები.

 

ქეთი ხატიაშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner