„ჩემი სიცოცხლე გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა, გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე და აღვდგები კვლავ მკვდრეთით", - წერდა ნოდარ დუმბაძე. საქართველოში ცოტა ადამიანია, ვისაც ნოდარ დუმბაძის ერთი მოთხრობა მაინც არ ჰქონდეს წაკითხული. მისი ნაწარმოებები სავსეა სიყვარულით, ჰუმანიზმით და იუმორით, თუმცა ამ იუმორშიც უდიდესი სევდაა ჩადებული. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები მკითხველმა ზეპირად იცის, სხვადასხვა ფრაზები კი ლამის ანდაზებად და აფორიზმებად იქცა.
ნოდარ დუმბაძეს ლაღი ბავშვობა არ ჰქონია. 10 წლისამ მშობლები დაკარგა. მამამისი კომუნისტებმა დახვრიტეს, დედა კი გადაასახლეს. ბიჭუნა 3 წელი აფხაზეთში, ბიძასთან ცხოვრობდა. მოგვიანებით პატარა ნოდარი ბებია-ბაბუასთან გურიაში გადაიყვანეს საცხოვრებლად. მწერალმა სკოლის წლები გურიაში, სოფელ ხიდისთავში გაატარა.
გურიაში გატარებული ბავშვობა და ახალგაზრდობა მწერალმა თავის მოთხრობებსა და რომანებში იუმორით და ხალისით აღწერა.
1945 წელს ნოდარმა სკოლა დაამთავრა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. თავიდან ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკარში", იყო სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ „ნიანგის" მთავარი რედაქტორი.
პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში მოიპოვა. ის მზიანი გულით დაიბადა და ვერავითარმა სიდუხჭირემ და განსაცდელმა ვერ გაუნელა ვერც სითბო და ვერც სიყვარული.
დუმბაძეებს ჭავჭავაძეზე დიდი ბინა ჰქონდათ. მამის დახვრეტის შემდეგ კი იმავე სახლში ოჯახს ერთი ოთახი დაუტოვეს. ამ ბინაში ცხოვრობდა ნოდარ დუმბაძის დიდი ოჯახი; თვითონ, მისი მეუღლე, დედამისი ანიკო და ორი შვილი. ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი მანანა იხსენებს: ამ ერთოთახიან ბინაში მამაჩემი ყოველ ღამე წერდა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს". ერთხელ უთქვამს ნოდარ დუმბაძეს: „ეს რომანი მშიერ კუჭზე მაქვს დაწერილი და მაინც ყველას აჯობაო".
ყოველთვის მხიარულ და ხალისიან მწერალს ცხოვრებაში ბევრი უბედურების გადატანა მოუწია. ჯერ მშობლები დაკარგა, შემდეგ კი 5 წლის ვაჟი დაეღუპა. მოგვიანებით ახალგაზრდა სიძეც გარდაეცვალა.
ნოდარ დუმბაძეს ავადმყოფობის დროსაც არ ტოვებდა იუმორის გრძნობა. მისი ქალიშვილი ერთ ასეთ ამბავს იხსენებს: „41 წლის იყო მამა, როდესაც პირველი ინფარქტი მოუვიდა. ექიმებსაც კი არ ჰქონდათ იმედი, რომ გადარჩებოდა. ამ დროს მამაჩემის მეგობარი და დიდი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი უცხოეთში უნდა წასულიყო. მამაჩემის ამბავი რომ გაიგო, თბილისში დარჩა. ჯანსუღ ჩარკვიანი საავადმყოფოდან არ გამოდიოდა. რამდენიმე დღეში მამამ თვალი გაახილა. თავთან ჯანსუღი დაინახა და უთხრა: - მე შენ წასული მეგონეო. ჯანსუღმა ცოტა ხანი ხმა არ გასცა. ცოტა ხანში მიხვდა, რომ ნოდარის ხმა გაიგონა... გახარებული იუმორის ხასიათზე დადგა და მკვახედ უპასუხა მამაჩემს: მეც კი მეგონე წასული, მაგრამ აქ ხარ და ფეხის მოცვლასაც არ აპირებო".
მეორე დღეს ნოდარ დუმბაძე უკეთ გახდა. საწოლიდან ფანჯარაში გაიხედა. გარეთ მსხვილად თოვდა (მაშინ ის დრო იდგა, როდესაც რუსეთი ქართველებს გადასახლებით ემუქრებოდა). მგონი, უკვე გადაგვასახლეს და გვიმალავენო, თავისთვის ჩაილაპარაკა ნოდარმა. პალატაში ისეთი ხარხარი ატყდა, საავადმყოფო აზანზარდა. ამ ამბის შემდეგ ხშირად გაიგონებდით სხვა ავადმყოფების და მათი ახლობლებისგან: ეს დუმბაძეები ან გიჟები არიან, ან აფერისტები... არ იციან, კაცი გადარჩება თუ არა, ესენი კი სულ სიცილში არიანო!
პირველი ინფარქტის შემდეგ ნოდარ დუმბაძემ თავისი საუკეთესო რომანები „ნუ გეშინია, დედა" და „თეთრი ბაირაღები" დაწერა.
ნოდარ დუმბაძის ახლობლები კიდევ ერთ სასაცილო ისტორიას იხსენებენ. თურმე მისი ქალიშვილი ჩუმად გათხოვდა, გაიპარა.
აი, რას ჰყვებოდა მერე იგი: „მამაჩემმა ჩემი გაპარვა რომ გაიგო, წავიდა მამიდაჩემთან. მამიდაჩემი მსუქანი ქალია, სულ საჭმელს აკეთებს. თვითონაც ძალიან უყვარს ჭამა. თანაც, ომის დროს, ბავშვობაში, სულ შიოდა. ჰოდა, ახლაც ეშინია, რომ მოშივდება და სულ საჭმელს აკეთებს... მამაჩემმა მამიდაჩემს უთხრა, რამე მომიტანე, მშიაო! მამიდაჩემმა გამოუტანა დედალი. მამამ ის ერთი დედალი სულ გაათავა, შემდეგ კი მეორეზე გადავიდა. მამიდამ დედაჩემთან დარეკა. გამაგებინეთ, რა სჭირს ნოდარს, მეორე დედალზე გადავიდაო. თურმე, უაზროდ ჭამდა. მხოლოდ მერე უთხრა დას, მანანა გაიპარაო. მოგვიანებით ნოდარს სიძე ძალიან შეუყვარდა.
სიძე რომ გარდაეცვალა, ნოდარ დუმბაძე ამერიკაში იყო წასული. სიძის დაღუპვის შემდეგ ინფარქტი მეორედ დაემართა. მარტო იყო აგარაკზე აფხაზეთში. შემდეგ მწერალი ხუმრობდა თურმე: „იმდენჯერ მოვკვდი, საიქიოს გზას თვალდახუჭული ვაგნებო..."
საოცარი რომანი „მარადისობის კანონი" მწერალმა სწორედ მაშინ დაწერა.
ნოდარ დუმბაძე 1984 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა. მზიანი გულის კაცს ბოლო გზაზე მზე და უამრავი თვალცრემლიანი ადამიანი აცილებდა.
მისი ქალიშვილი იხსენებს: დიდი კონსტანტინე გამსახურდია რომ გარდაიცვალა, რუსთაველის პროსპექტზე მისი ნაწარმობებიდან ნაწყვეტებს ხმამაღლა კითხულობდნენ. ეს პროცესი ძალიან ამაღელვებელი იყო. სახლში რომ დავბრუნდით, უცებ მამაჩემმა თქვა: თავი არ მომჭრათ და ჩემს გასვენებაზე იგივე არ გაიმეოროთ (საკუთარი ნაწარმოებების კითხვას გულისხმობდა); ჩემი ნაწარმოებები რომ იკითხოთ, ხომ დაიხოცება დაკრძალვაზე ხალხი სიცილითო!