ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ ქვეყნის მასშტაბური განახლების გეგმას ამბიციურს უწოდებს.
მისი თქმით, თუ გეგმით გათვალისწინებული პროექტები ჩანაფიქრის მიხედვით შესრულდება, ქვეყანაში რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება, ესენია ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა.
„სახელიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ - „ქვეყნის მასშტაბური განახლების გეგმა“, საკმაოდ ამბიციური პროექტია, რომელიც 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ამით მოხდება ორი კურდღლის დაჭერა. ერთი მხრივ სტრუქტურულად განვითარდება ცალკე აღებული მუნიციპალიტეტები და მეორე მხრივ, მოხდება დასაქმება. ამ პროექტებზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რითაც მძიმე სოციალური ფონი გარკვეულწილად შემსუბუქდება.
გაკეთდება ის, რაშიც ინვესტორებს უნდა ჩაედოთ თანხები, მაგრამ იგივე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ეს პროცესი მთელ მსოფლიოში შეჩერებულია და ახლა ამას თავად სახელმწიფო აკეთებს“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ PIA.GE-სთან საუბრისას.
ექსპერტის აზრით, გარკვეულმა ჯგუფებმა შესაძლოა ეს გეგმა ადგილობრივი არჩევნებისთვის მოსახლეობის მოსყიდვას დაუკავშიროს, რაც არასწორია, რადგან ამ თვალსაზრისით, გამოდის, რომ საარჩევნო წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეუძლებელია.
„ბევრი ეჭვი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან საარჩევნო წელია, ხელისუფლების მხრიდან ხომ არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ როგორც ვიცით, ბოლო 20-25 წელია თითქმის ყოველი მეორე წელი საარჩევნოა, ამიტომ ამ კუთხით თუ შევხედავთ გამოდის, რომ შეუძლებელია ამ წლების გამოყენება.
თუ ბოლომდე იქნა მიყვანილი ის, რაც ჩადებულია ამ განახლების გეგმაში, მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ქვეყანაც ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციაზე დადებითად აისახება.
ეს გეგმა, რა თქმა უნდა, არ არის წლის ბოლომდე შესასრულებელი და ის გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, ამიტომ მას პერიოდულად გარკვეული თანხები დაემატება. ეს ჩანაფიქრი კარგია ტურისტული მიმართულებითაც, ისევე, როგორც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა პაატა აროშიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მასშტაბური განახლების პროგრამა იწყება.
პროგრამის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი, კულტურული, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება. რეგიონების განახლების პროექტის პირველ ეტაპის ღირებულება 500 მლნ ლარს შეადგენს.