ნიკოლოზ წულუკიძე ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
„ქორწილში 100-ლარიანი ჩამიკუჭა და მითხრა - ერთ მშვენნიერ დღეს შენი ცოლი, ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა - აი მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდება და მეორე უფრო მნიშვნელოვან ეტაპს იწყებო. შენი კაცობაც მაგ დროის საქციელებით გაიზომებაო...
ყველაფერში სამაგალითო იყო: თეატრის, ქალის, სამშობლოს სიყვარულში. 9 აპრილს რაც გააკეთა გმირობა იყო, აბა რა იყო. საუბრის დროს მესამე ვინმე თუ მოვიდოდა, მაშინვე თქვენობით მომმართავდა და ჩემს ქებას იწყებდა. სხვა თაობა იყო, სხვა ხალხი, რომ აღარ განმეორდება ისეთი...
ალენ დელონი რომ ჩამოვიდა, მაგ კონცერტის სცენარის ავტორი გახლდით. კახის ვუთხარი, წამოდი ალენ დელონთან ფოტო გადავიღოთ-მეთქი, შერცხვა, იცი მაგათ რამხელა ჯამაგირი (ამ სიტყვას ამბობდა) აქვთ, მსოფლიო არტისტია არ შევაწუხოთო, ძალით მივიყვანე.
შენ ჩვენი ალენ დელონიც ხარ და მარლონ ბრანდოცთქო, მერე რომ მირეკავდა ასე მეუბნებოდა- ალენი ვარ დელონიო...
ქუჩაში, მანქანით ნელა დადიოდა, რომ ვინმე დაენახა და წაეყვანა, ნაცნობებს რომ ვერ ვხვდები უცნობებს ვუჩერებო. ბოლოს თვალებამღვრეული დადიოდა რუსთაველზე, წასასვლელად ემზადებოდა და წავიდა კიდეც.
იქ დღეს ბელას შეხვდება და სამუდამოდ გაგრძელდება ის 36 წლიანი თანაცხოვრება, რომლის შეწყვეტასაც ასე განიცდიდა და მარადისობაში გამგზავრებას უადვილებდა.
მშვიდობით კახო, ძალიან მომენატრები“, - წერს წულუკიძე.
ლეგენდარული ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე, ხანგძრლივი ავადმყოფობის შედეგად დღეს 85 წლის ასაკში თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.