„20 ივნისის ავტორი არის არა პოლიციელი, არამედ ის პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„ნუ გვავიწყდება, რომ მოქალაქეა დაზიანებული მომიტინგე და მოქალაქეა პოლიციელიც, რომელმაც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო დაზიანება. 400-მდეა ასეთი პოლიციელი. მაშინ მათაც უნდა ვკითხოთ, შეეხოს თუ არა ამნისტია იმ პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს, რომლებიც 4-5 საათის განმავლობაში შეტევას ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაზე?“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტში ლაპარაკია უკვე წარმოებაში ჩასულ საქმეებზე.
„ლაპარაკი არის იმ მუხლებზე და იმ კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც უკვე წარმოებაში არის. ზოგზე გამოძიება მიმდინარეობს, ზოგი სასამართლო განხილვაშია და ა.შ. ასე რომ, ვინმე ჰიპოთეტური პოლიტიკური ფიგურა ამ საქმეში არ ფიგურირებს: არც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, არც მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.