logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: კახა კუჭავას კანდიდატურას გუშინ ყოფილმა თანაგუნდელებმა არ დაუჭირეს მხარი - პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ღრმად მცდარია
- +

28 აპრილი. 2021. 11:00

 

„მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ კახა კუჭავას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, ახლად შემოსულმა ოპოზიციამ უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში და მაინცდამაინც ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დემონსტრაციული უარით გამოიჩინეს თავი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას არჩევას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ექვსი, ეს ექვსი კი, სავარაუდოდ მათი ყოფილი თანაგუნდელები არიან.

 

„ოპოზიციიდან კახა კუჭავას მხარდაჭერა გამოუცხადეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“.

 

კენჭისყრა ფარული იყო და საჯარო არ არის, ვინ იყო ის ექვსი წინააღმდეგი, თუმცა დარბაზში მყოფთა სია და ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს ექვსი, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია.

 

სამწუხაროა, რომ მათ პირველივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ორი მძიმე შეცდომა დაუშვეს:

 

ადამიანური – სულ რაღაც 14 დღის წინ, ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ და კახასაც ძალიან კარგად იცნობენ. ორი ოპოზიციური პარტიისგან კახა კუჭავას მხარდაჭერის ფონზე, მძიმეა იმის ნახვა, რომ, სულ რაღაც, ორი კვირის წინ, ფიზიკურადაც და ადამიანურადაც, შენ გვერდში მყოფები, უბრალოდ ხმის მიცემისგან კი არ იკავებენ თავს, არამედ წითელ ღილაკსაც არ ერიდებიან.

 

პოლიტიკური – ჩვენ გუშინ არ ვამტკიცებდით მთავრობას, რომ ოპოზიციას ამ პროცესისგან ლოგიკურად თავი შეეკავებინა. ჩვენ ვირჩევდით პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი ყველას თავმჯდომარეს. აქ პარტიულობა კრიტერიუმი არ არის. „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ კახას მხარი დაუჭირეს, ახლად შემოსულმა ოპოზიციამ უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში და მაინცდამაინც ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დემონსტრაციული უარით გამოიჩინეს თავი.

 

სხვათა შორის, შარლ მიშელის დოკუმენტს მათაც მოაწერეს ხელი. იმ პუნქტსაც, რომელიც საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებას გულისხმობს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი? თუ მოითხოვენ კომიტეტის თავმჯდომარეობას ან სხვა საპარლამენტო თანამდებობას, მათივე პოლიტიკური და ადამიანური საზომით, ჩვენც არ უნდა დავუჭიროთ მხარი?! გუშინდლის მერე, დავფიქრდები.

 

ცუდია, და საქართველოში კი, ალბათ საბედისწეროც, როცა პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ასე ღრმად მცდარია.

 

როგორც იტყვიან: ცუდი დასაწყისი ცუდი დაბოლოების საწინდარია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner