ავტორი სალომე ჯანდიერი
„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს. ქადაგიძე ამბობს, რომ ტელეკომპანია „იბერიასთან" დაკავშირებით საქმის გახსნა სამართლიანობის აღდგენის პროცესია:
„მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა ტელეკომპანია „იბერიის" დახურვისა და ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი იმჟამინდელი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.
ამ საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დღეს ქვეყანაში ნამდვილად მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენის პროცესი! არაერთხელ მითქვამს და კვლავ განვმეორდები, უბრალოდ, საჭიროა, გამოძიებას მივცეთ დრო, რადგან თითოეული საქმე საკმაოდ რთული და დიდი მოცულობისაა, შესაბამისად, მისი სრულფასოვანი გამოძიება შეუძლებელია მოხდეს რამდენიმე დღეში.
ამ საქმესთან დაკავშირებით არ შევალ იურდიულ ნიუანსებში. გეტყვით, რომ პროკურატურას ტიტანური შრომა მოუწია, რათა მომხდარიყო ტელეკომპანია „იბერიის" საქმის გამოძიება. ამ შრომისათვის დიდი მადლობა პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს.
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყნის იმჟამინდელი მმართველი ძალა დემოკრატიას მხოლოდ ნიღბად იყენებდა. სინამდვილეში მისი მართვის მეთოდი უფრო ახლოს დიქტატურასთნ იდგა და ის კანონის უპატივცემულობაში გამოიხატებოდა, რაც თავის მხრივ სწორედ სისხლიან რეჟიმებს ახასიათებთ.
ახლა მთავარია, კანონის სრული დაცვით მოხდეს ბრალდებულთა საქართველოში ჩამოყვანა და მათი უმკაცრესად დასჯა, რათა აღარასდროს გაბედოს სხვამ მსგავსი ქმედების განმეორება.
თავის დროზე რომ არ მომხდარიყო ტელეკომპანია „იბერიის" ჩამორთმევა, მერწმუნეთ, დღეს საზოგადოება და მასმედია ბევრად უფრო განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი იქნებოდა. სწორედ ამ ხალხის „დამსახურებაა", რომ მოახდინეს სახელწიფოსა და საზოგადოების განვითარების შეჩერება.
იმედს ვიტოვებ, მომავალში კიდევ არაერთი საქმე გაიხსნება და ქვეყანაში აღარ იარსებებს უსამართლობის და დაუცველობის განცდა, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ იყო", - აცხადებს ქადაგიძე.