„ჩვენ რომ შევხედოთ საბაზო სცენარს, რომელიც გვაქვს და რომელიც მესამე ლოკდაუნს არ ითვალისწინებს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შევინარჩუნეთ იმავე დონეზე, ოთხ პროცენტზე“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ფინანსურ პირობებს ამკაცრებს, მაგრამ ამავე დროს ეს არის საფუძველი ზუსტად იმის, რომ მივაღწიოთ ფასების სტაბილურობას.
„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სხვა თანაბარ პირობებში, მოკლევადიან პერიოდში ადგილობრივ მოთხოვნაზე და ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება, მაგრამ ამავე დროს, თუ ჩვენ ამას წინა პროგნოზს შევადარებთ, უნდა გავითვალისწინოთ დაკრედიტება. მიმდინარე ანალიზი მიუთითებს, რომ პოლიტიკის გამკაცრების გარეშე დაკრედიტება იმაზე ძლიერი იქნებოდა, ვიდრე წინა პროგნოზებში მოიაზრებოდა და ამ ბოლო პერიოდის გამკაცრების ფონზე, ჩვენ საკრედიტო აქტივობის იმავე ტემპის ზრდას ველით, რაც წინა პროგნოზში გვქონდა გათვალისწინებული. მართალია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ფინანსურ პირობებს ამკაცრებს, მაგრამ ამავე დროს ეს არის საფუძველი ზუსტად იმის, რომ მივაღწიოთ ფასების სტაბილურობას.
მაშინ, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს, ის აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. ეს არის აუცილებელია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციის დონე მიზნობრივ, სამპროცენტიან მაჩვენებელთან მივიყვანოთ. გრძელვადიან პერიოდში კი ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის. სამი პროცენტი, ეს არის მაჩვენებელი ეროვნული ბანკისთვის, თუ საით უნდა ჰქონდეს მას სწორება, როდესაც თავის ზომებს იღებს“, – განაცხადა გვენატაძემ.