საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2007 წლის 07 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით.
კერძოდ, დადგენილია, რომ 2007 წლის ნოემბერში, ქ. თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები. საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, თავისთან კაბინეტში დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე და დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ დანაყოფებს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები, როგორიც იყო ე.წ. „ელიავას", „ვაგზლის" და „ლილოს" ბაზრობები და ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე აგიტაციისა და მიტინგზე წასასვლელად ხალხის მობილიზების ფაქტები.
ზურაბ ადეიშვილისგან მიღებული დავალების შესაბამისად, დავით ქარსელაძემ, 2007 წლის 07 ნოემბერს, დილის საათებიდან შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ,,ელიავას ბაზრობის" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაანაწილა, სადაც მალევე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კობა დავითაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა, რომელიც აქციის ორგანიზებისთვის ესაჭიროებოდათ.
მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა კობა დავითაშვილი შენიშნეს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცრაზმის უფროსმა ედიშერ კობახიძემ ამის შესახებ დავით ქარსელაძეს აცნობა, რომელიც თავის მხრივ შემდგომი მითითების მისაღებად ზურაბ ადეიშვილს დაუკავშირდა, რომლისგანაც მიიღო დავალება, რომ თავისუფლება აღეკვეთათ კობა დავითაშვილისთვის და გადაეყვანათ საგამოძიებო სამსახურის შენობაში. ამ დავალების შესაბამისად, ედიშერ კობახიძემ მის დაქვემდებარებაში მყოფ სპეცრაზმელებთან ერთად, ძალადობის გამოყენებით კობა დავითაშვილი იძულებით ჩასვა იქვე მდგარ თეთრი ფერის ,,ფორდი"-ს მარკის ავტომობილში, რის შემდეგაც გაერიდნენ ბაზრობის ტერიტორიას. ვინაიდან, კობა დავითაშვილს თავისუფლების აღკვეთისას, თავის არეში მიღებული ჰქონდა დაზიანებები და მოსდიოდა სისხლი, ედიშერ კობახიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა კვლავ დავით ქარსელაძეს, რომლის დავალებითაც, გატაცებული და ნაცემი კობა დავითაშვილი ნაცვლად საგამოძიებო სამსახურისა, გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც იგი მოთავსებული იყო მომდევნო დღის 08 საათამდე.
აღნიშნულ საქმეზე, დღეს, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.