ჟურნალისტი მანუჩარ პირველი კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:
„მაშინ ნიუ-იორკის წმინდა ნინოს ეკლესია სტეიტენ აილენდზე იყო. იქვე იყო ჟურნალ „მამულის“ რედაქციაც.
ერთხელაც, სტუმრად, კვირა-დილას წირვაზე ბატონი კახი მობრძანდა. მაშინ ფილმის გადაღებები მიდიოდა, მგონი, ბრუკლინში.
წირვასა და ტრაპეზს შორის პატარა შესვენებაზე ჩემს ოთახში შემოვიპატიჟე ბატონი კახი, - დაღლილი მეჩვენა ფეხზე დგომისაგან.
უკვე „ახლობლად“ ვთვლიდით ერთმანეთს, იმ ცნობილი ინტერვიუს დაბეჭდვიდან - „ყვავილი, რომელიც შემომაჭკნა“ - უკვე ათ წელზე მეტი იყო გასული.
რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა იმ დიდი დღიდან, ერთი წინადადება იყო:
„მე ახლა, ნაჩუქარი სიცოცხლით ვცოცხლობ, ეს წლები, რასაც აწი ვიცოცხლებ, სულ იმ კაცის ნაჩუქარიაო”.
მაშინ ბიძინა ივანიშვილი ახალი გამოსული იყო ასპარეზზე და არც ის ვიცოდით, რომ მსახიობმა უკურნებელი სენი დაამარცხა ევროპის ერთ დიდ კლინიკაში.
უბრალოდ, ახლა გამახსენდა, ყველაფერ მისაბაძთან, როგორი მადლიერი ადამიანი იყო იგი.
პ.ს. სტატუსს მინდია მიდელაშვილის მართლაც ფოტო-სპექტაკლის კადრები ახლავს“, - წერს მანუჩარ პირველი.